განათლება,მთავარი,სიახლეები

რომელ პროგრამებზე აპირებენ პროფესიული კოლეჯები ზოგადი განათლების მოდულის დანერგვას

19.02.2020
რომელ პროგრამებზე აპირებენ პროფესიული კოლეჯები ზოგადი განათლების მოდულის დანერგვას

პროფესიულ სასწავლებლებში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა. ამ სტანდარტების მიხედვით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც, რაც შემდგომში მათ შესაძლებლობას მისცემს, სწავლა უმაღლეს სასწავლებელშიც გააგრძელონ.

პირველ ეტაპზე, როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, შვიდი პროფესიული კოლეჯი აპირებს ინტეგრირებული პროგრამების დანერგვას. აქედან ერთ-ერთი ქობულეთში არსებული კოლეჯი „ახალი ტალღაა“.

„ახალი ტალღის“ ხარისხის მართვის მენეჯერი ირმა მეგრელიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ინტეგრირებული მოდული ამ ეპატზე მხოლოდ ერთ მიმართულებაზე  შეიმუშავეს: „ახლა ფაქტობრივად ამ პროგრამის პილოტირებას ვგეგმავთ კომპიუტერული სპეციალობების მიმართულებით, შემდეგ კი სხვა პროფესიულ პროგრამებშიც გვინდა დავნერგოთ. ეს არის მეოთხე დონის პროგრამა. შევისყიდეთ ლაბორატორიებიც და ველოდებით სამინისტროს გადაწყვეტილებას.“

მისი თქმით, ახალ პროგრამაზე აკრედიტაციის მისაღებად დასჭირდათ პედაგოგების შერჩევაც:

„სულ 14 პედაგოგი დავამატეთ, რომლებიც კონკურსით შევარჩიეთ. გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა, მეორე ეტაპი მარტში იგეგმება. ეს არის მეოთხე დონის პროგრამა. პროგრამის ხანგრძლივობა შემუშავებული გვაქვს, შევისყიდეთ ლაბორატორიები და ველოდებით სამინისტროს გადაწყვეტილებას“.

ირმა მეგრელიძის თქმით, ინტეგრირებულ პროგრამაზე სტუდენტების მიღება სექტემბერში იგეგმება.  კოლეჯში ამ ეტაპზე 1 200 სტუდენტი სწავლობს.

ინტეგრირებული პროგრამების დასანერგად, ავტორიზაციის მისაღებად პროფესიულმა სასწავლებლებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართონ.

ინტეგრირებული მოდულის დანერგვაზე მუშაობენ  პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსიში“.  კოლეჯის დირექტორი გიორგი გოგიტიძე ამბობს, რომ 2020-2021 სასწავლო წლიდან იქნება ეს პროგრამები სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი.

„დაინერგება ორი პროგრამა ტურიზმისა და IT მიმართულებით. ინტეგრირებული სწავლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მეოთხე დონის პროგრამებზე. კოლეჯს მოპოვებული აქვს მეოთხე დონის სამი პროგრამის განხორციელების უფლება და მათგან შერჩეულია ორი პროგრამა – სასტუმრო მომსახურება და კომპიუტერული ქსელი და სისტემები, რომლებზეც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მოსაპოვებელია ახალი მიდგომით განხორციელების უფლება, რაც  დაგეგმილია ზაფხულის პერიოდისათვის,“ – გვითხრა გიორგი გოგიტიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკონკურსო განაცხადების მომზადება. კონკურსი გამოცხადდება ინტეგრირებული მოდულების განმახორციელებელ პროფესიული  განათლების მასწავლებლებისთვის მოდულებზე: მეცნიერება და ტექნოლოგიები,  მეწარმეობა, კომუნიკაცია ქართულ ენაზე და მათემატიკური წიგნიერება.

როგორც ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ამ დროისთვის აკრედიტაციის მისაღებად არც ერთი განაცხადი არ არის შესული.

_________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: