მთავარი,სიახლეები

ტვ პირველის „ღამის ამბები“ ოხანაშვილისგან ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე განცხადებას ავრცელებს

12.02.2020
ტვ პირველის „ღამის ამბები“ ოხანაშვილისგან ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე განცხადებას ავრცელებს

დღეს, 12 თებერვალს, პარლამენტარმა ანრი ოხანაშვილმა „TV პირველზე“, დიანა ტრაპაიძის ეთერში ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს  შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს ტვ „პირველის“ „ღამის ამბების“ ჯგუფი:

„ბოლო სამი კვირაა ტვ პირველის „ღამის ამბების“ წამყვანს, ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს დაუსაბუთებლად ლანძღავენ პირდაპირ ეთერში. ამჯერად პარლამენტარმა ანრი ოხანაშვილმა დიანა ტრაპაიძის ეთერში „უზნეო“ და „ამორალური“ უწოდა თამარ ჩიხლაძეს იმისთვის, რომ მას თავის გადაცემაში მოქალაქე ვახტანგ რობაქიძე ჰყავდა მოწვეული.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს, ბაკურიანში, ვახტანგ რობაქიძემ სიტყვიერად შეურაცხყო დეპუტატი ანრი ოხანაშვილი მაშინ, როდესაც ის ოჯახთან ერთად ვახშმობდა. მოგვიანებით კი ვახტანგ რობაქიძე დააკავეს და მას წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, ძალადობის მუხლით. რობაქიძემ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიციელები ძალადობაში დაადანაშაულა. რობაქიძე „ღამის ამბების“ სტუმარი იყო სწორად ამ განცხადების გამო.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პროდიუსერთა ჯგუფი რობაქიძის ეთერში მოწვევამდე წინასწარ დაუკავშირდა დეპუტატებს – ანრი ოხანაშვილს, მამუკა მდინარაძეს, რატი იონათამიშვილს და ამავე ეთერში (რომელშიც რობაქიძე სტუმრად იმყოფებოდა) შევთავაზეთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, პასუხის გაცემა – ჩვენ თავიდანვე ვვარაუდობდით, რომ 14 იანვარს ბაკურიანში მომხდარ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლიდით. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ პროდიუსერმა ისინი წინასწარ გააფრთხილა ეთერში რობაქიძის სტუმრობის შესახებ.

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წარმომადგენლის პირობა იყო, რომ ეს სტუმარი საერთოდ არ მოგვეწვია, რადგან ის იყო დამნაშავე. ჩვენ ეს რეკომენდაცია, ცხადია, არ გავითვალისწინეთ – დარწმუნებული ვართ, პოლიციელების მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.
მოგვიანებით, ამ ინციდენტის გამო, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს გადაცემას ბოიკოტი გამოუცხადა. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ თუ პრეტენზია ჰქონდათ, უმჯობესი იყო მიემართათ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის“. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ამ განცხადებებს სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლების მცდელობად და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმად აღვიქვამდით.

ამასთან, იყო პირობა, რომ თუ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დაადგენდა ქარტიის პრინციპების დარღვევას, მაშინ ბოდიშს მოვიხდიდით. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, სხვადასხვა გადაცემაში ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეზე თავდასხმები ისევ გრძელდება. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მსგავსი თავდასხმები არის ჩვენი აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რომ თითქოს ჩვენ დავარღვიეთ ეთიკური სტანდარტები“ – აღნიშნულია „ღამის ამბების“ ჯგუფის განცხადებაში.

ოხანაშვილის განცხადებას გამოეხმაურა ტელეკომპანია „პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია, რომელმაც ანრი ოხანაშვილის მიერ დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” გაკეთებული განცხადება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად და მედიის კონტროლის მცდელობად შეაფასა.

„ბატონო ანრი ოხანაშვილო, თუ ვერ გაიგეთ, დამარცვლით აგიხსნით, მოიყვანა ის ადამიანი იმიტომ, რომ ის კაცი საუბრობდა, რომ პოლიციელებმა სცემეს. სისტემის ძალადობაზე საუბრობდა დაკავების შემდეგ. გესმით რა არის ჟურნალისტიკა? ვინ დაგნიშნათ თქვენ ჩვენს უფროსებად?“ – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

განცხადება გააკეთა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. ქარტიის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგელების მხრიდან ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეზე გაკეთებული განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხორციელდება მიზანმიმართული შეტევა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მატარებელი ტელევიზიის მიმართ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: