მთავარი,სიახლეები

წულუკიანმა სამინისტროში 233-ით გაზარდა ანაზღაურებადი სტაჟიორების რაოდენობა

12.02.2020
წულუკიანმა სამინისტროში 233-ით გაზარდა ანაზღაურებადი სტაჟიორების რაოდენობა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 7 თებერვალს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც 2020 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების [ანაზღაურებადი] რაოდენობა და მათი ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრა. ამ ბრძანების მიხედვით სტაჟიორთა რაოდენობა წელს, 2019 წელთან შედარებით, ორჯერაა გაზრდილი.

ბრძანებით, იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სსიპ-ებში 2020 წლისთვის სტაჟიორთა რაოდენობა 456-ით განისაზღვრა, მაშინ როცა, 2019 წლისთვის სტაჟიორთა რაოდენობა 233 იყო.

მიმდინარე წელს, ისევე როგორც შარშან, სტაჟიორების ანაზღაურება თვეში 400 ლარი იქნება. გამონაკლისია მხოლოდ „სმართ ლოჯიქის“ 8 სტაჟიორი, რომელთა ანაზღაურება თვეში 500 ლარი იქნება.

აღსანიშნავია ასევე, რომ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2019 წელს მხოლოდ 10 სტაჟიორის მიღება შეეძლო, მათი ანაზღაურება 300 ლარი იყო. 2020 წლისთვის კი სტაჟიორთა რაოდენობა 60-ით, ანაზღაურება კი 100 ლარით იზრდება. შესაბამისად, ამ სააგენტოში წელს 70 სტაჟიორი თვეში 400 ლარს მიიღებს.

იუსტიციის სამინისტროში სტაჟიორთა რაოდენობა 2017 წელს 255-ით, ხოლო 2018 წელს 258-ით იყო განსაზღვრული.

მინისტრის 2020 წლის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებად სტაჟიორად დანიშნული სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ პროექტ „50 საჯარო მოხელის“ მონაწილეების ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით“.

ეს ბრძანება ამოქმედდა 10 თებერვლიდან, თუმცა მისი მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

წყარო: იუსტიციის მინისტრის ბრძანებები

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: