მთავარი,სიახლეები

ტყიბული – მეშახტეთა მომაკვდავი ქალაქი

01.10.2019 • 3502
ტყიბული – მეშახტეთა მომაკვდავი ქალაქი

ამ მისამართზე 2017-2018 წლებში 11 ადამიანი დაიღუპა – 2018 წლის აპრილში 6 ნანგრევებში მოყვა, 2017-ში კი ლიფტის ჩავარდნას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის ქვანახშირის მომპოვებელი შახტების მაშინდელი მფლობელის, კომპანია ,,საქნახშირის“ ვერსიით, 2018 წლის 5 აპრილის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი „სამთო დარტყმა“ იყო, რომლის დროსაც ქანები სწრაფად ირღვევა და ჰაერის მძლავრი ტალღა გამოიტყორცნება.

2018 წლის მაისიდან, გახშირებული ტრაგედიების შემდეგ, ტყიბულის შახტები უსაფრთხოების დაუცველი ნორმების გამო დაიხურა. შახტებში მუშაობა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ ნოემბრიდან განახლდება და კომპანია ,,საქნახშირის“ ნაცვლად ქვანახშირის შახტების მფლობელი ამჯერად 2-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია Steel International trade company ხდება. ეს კომპანია 2018 წლის თებერვალში თბილისში დაარეგისტრირა გიორგი ჭელიძემ, რომელიც ამავე კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიამ „საქნახშირის“ წილები 27 სექტემბერს 1 ლარად იყიდა.

შპს „საქნახშირის“ 100% წილს შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ფლობდა, რომლის გენერალური დირექტორი ყოფილი პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილია.

„პური უნდოდა ახლა ნისიად და გაბრუნდა, შერცხვა, რომ დაგინახა“ – მეუბნება მაღაზიის გამყიდველი შუახნის კაცზე, რომელიც ფოტოაპარატის დანახვისას ცივად გვივლის გვერდს და ნაბიჯს უჩქარებს.

შახტების შეჩერებისას ივსება ტყიბულში მაღაზიების გამყიდველების „ნისიების რვეულები“, დახლები კი ცარიელდება და ახალი პროდუქციით მაღაზიები ვერ მარაგდება.

ნისიების რვეულს ყველა მაღაზიაში ნახავთ.

პური, მარილი, კვერცხი, მაწონი, შაქარი, ზეთი, მაკარონი და ყავა – მაღაზიების გამყიდველების თქმით, ეს ის ძირითადი პროდუქტებია, რაც მეშახტეებს „ნისიად“ მიაქვთ.

ყავის გამყიდველი ლალი კაკუშაძე გვეუბნება, რომ მეშახტეებს ბოლო დროს მხოლოდ ყავა მიაქვთ მისი მაღაზიიდან და უარს ამბობენ ტკბილეულზე, რაც შახტების მუშაობის შეჩერების პირობებში ფუფუნებად მიიჩნევა.

მაღაზია ტყიბულში, 2019 წელი

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მძიმე სოციალური პირობებისა და უპერსპექტივობის გამო, ტყიბული ბოლო 5 წლის განმავლობაში ბევრმა დატოვა. კაცები ძირითადად პოლონეთში მიდიან სამუშაოდ, არასრულწლოვნები ზაფხულობით ჩაისა და თხილის საკრეფად თურქეთში გადადიან, ქალები კი საბერძნეთსა და იტალიაში მუშაობენ.

პენსიონერ კაპიტონ ჩაფიძის შვილიც რამდენიმე თვის წინ წავიდა სამუშაოდ პოლონეთში. ის მეშახტეა. ყოფილი მეშახტეა კაპიტონიც. პენსიონერს მიღებული აქვს თავის ტრავმა და ორჯერ მოიტეხა ფეხი  შახტში მუშაობისას. ფიზიკური ზიანისთვის მისი პენსიის დანამატი მხოლოდ 150 ლარია. გვიყვება, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, სახლში მიაკითხეს მეექვსე კლასის მოსწავლეს და ძალით წაიყვანეს შახტში სამუშაოდ. თავიდან ცხენით ეზიდებოდა ქვანახშირს შახტიდან, მერე კი ამფეთქებელი იყო.

მარჯვნივ – კაპიტონ ჩაფიძე, ყოფილი მეშახტე, ამფეთქებელი, ტყიბული, 2019 წელი

„შახტი რომ დაიხუროს, ტყიბულიდან ყველა წავა, ვისაც შეუძლია. დავრჩებით მხოლოდ პენსიონერები“, – ამბობს ყოფილი მეშახტე.

ტყიბული ერთი შეხედვითაც დაცარიელებული ქალაქია, მოსახლეობის აღწერის მიხედვით, 1989 წელს ქალაქში 21 994 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი ეს რიცხვი 9 770-მდე შემცირდა.

ქალაქი საღამოობით უკაცრიელი ხდება და მხოლოდ ალაგ-ალაგ ანთია შუქი წვრილმანების მაღაზიებსა და აფთიაქებში.

სათამაშოების მაღაზია, ტყიბული, 2019 წელი

სურსათის მაღაზია. ტყიბული, 2019 წელი

ყვავილების მაღაზია, ტყიბული, 2019 წელი

,,გახედეთ სახლებს და მიხვდებით, სად ცხოვრობს ხალხი და სად არა, სადაც მეტალოპლასტმასია ჩასმული, იქ ასე თუ ისე არსებობენ, სადაც არა – იმათი საქმე წასულია. მკვდარია ეს ქალაქი და შახტი თუ არ იქნება ტყიბულში, სხვა არჩევანი არ გვაქვს, ვეღარც ვიარსებებთ“, – გვეუბნება ამწე-მემანქანე მაკა გოტიაშვილი, მინდელის შახტში მას მიწის ქვეშ 300 მეტრი სიღრმიდან ამოაქვს ქვანახშირი. ამ შახტში სულ ორი ქალი მუშაობს მეშახტედ, მაკა ერთ-ერთი მათგანია.

მეშახტეთა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი ტყიბულში, 2019 წელი

მეშახტეთა საცხოვრებელი სახლები. ტყიბული, 2019 წელი

 

ტყიბული. 2019 წელი

ტყიბული. 2019 წელი

„შახტი ტყიბულის ხერხემალია. ვიცით, რომ უსაფრთხო არ არის, მაგრამ რა ვქნათ? შახტის გარეშე ტყიბული მკვდარია. როგორც უნდათ, ისე გაამაგრონ შახტი და გაგვაგრძელებინონ სამუშაო. ყველა მეშახტეს ბანკის ვალი აქვს, ვერ ნახავთ მეშახტეს, სესხი არ ჰქონდეს. მაღაზიების გამყიდველებმა რომ იცოდნენ შახტი მუშაობდა, ნისიად გვაძლევდნენ პროდუქტს. როცა მუშაობა შეწყდა, მაღაზიებმაც აღარაფერი მოგვცეს. ჩემი ხელფასი 600 ლარია. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს ვასრულებ, შვიდი წელია, რაც მეშახტე ვარ“, – ამბობს მაკა.

მაკა გოტიაშვილი, მეშახტე, ამწე-მემანქანე. ტყიბული, 2019 წელი

2018 წლის აპრილის ტრაგედიის შემდეგ ტყიბულის შახტების უსაფრთხოების საკითხებს და შრომით პირობებს გერმანული კომპანია “DMT ჯგუფი” იკვლევდა. უცნობია, რა გამოიკვეთა კვლევის შედეგად – დოკუმენტი არ საჯაროვდება. კვლევის შედეგებს არც მეშახტეები გაცნობიან.

მიუხედავად შახტების შრომითი და უსაფრთხოების პირობების გაურკვეველი მდგომარეობისა, მეშახტეები შახტების დაუყოვნებლივ ამოქმედებას ითხოვენ. აიღებს თუ არა შახტების შრომით უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას ახალი კომპანია International trade company, უცნობია. ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, რომელიც ტყიბულის შახტების ყოფილი მფლობელი კომპანია ,,საქნახშირის” გენერალური დირექტორია, შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ნაწილი კომპანიამ 2018 წლის ტრაგედიის შემდეგ შეასრულა. თუმცა, მისივე თქმით, არის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვს შახტების ექსპლუატაციის დროს ცვლილებებს, რაც ,,საქნახშირმა” ამ დრომდე ვერ შეასრულა.

გერმანული კომპანია “DMT ჯგუფის” კვლევის შედეგად ძირითადი რეკომენდაციები, ჯაყელის თქმით, შეეხება ეკოლოგიისა და ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტების მოზიდვას. ახალმა ინვესტორმა ტყიბულის შახტები სამთავრობო შეთანხმების საფუძველზე ერთ თვეში უნდა აამუშაოს. კითხვაზე, საკმარისია თუ არა ერთი თვე შახტებში შრომითი უსაფრთხოების პრობლემების სრულად მოსაგვარებლად, 26 სექტემბერს, მეშახტეთა აქციის დასასრულს, ჯუმბერ ჯაყელმა განაცხადა, რომ ,,ეს საკითხი ახალი ინვესტორის პასუხისმგებლობა იქნება”.

კომპანია International trade company -ს წარმომადგენელმა, ირაკლი ჩოჩუამ კი, ამავე დღეს შახტების ამუშავების საკითხზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა კომპანიის პოზიტიურ მოლოდინებზე, რომ ტყიბულის ქვანახშირი კომპანიას მოგებას მოუტანს. არაფერი უთქვამს გეგმაზე, როგორ აპირებს კომპანია შახტების გაუმართავი შრომითი უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას ერთ თვეში.

მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულის შახტებში შრომითი უსაფრთხოება დაცული არ არის, ონისე საბანაძისთვის შახტების დაუყოვნებლივ ამუშავებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირველკლასელი შვილისთვის, როგორც მეშახტე ამბობს, ყველაფერი იაფფასიანი იყიდა: ფეხსაცმელი, ჩანთა, საკანცელარიო ნივთები.

30 წლის მეშახტე ონისე საბანაძე. ქვანახშირის შახტში ის 10 წელია დასაქმებულია. ტყიბული, 2019 წელი

„ყველაფერი რომ უხარისხო იყიდო, 300 ლარამდე მაინც გჭირდება ბავშვის სკოლაში გასაშვებად, ეს ფულიც ვისესხე. ხელფასი დაგვიგვიანეს. ჩემს ხელფასზე ოჯახია დამოკიდებული, მეუღლე არ მუშაობს, შვილი წელს პირველ კლასში წავიდა. ჩემი ხელფასი 830 ლარია. ვიცი, რომ საფრთხისშემცველია შახტი, მაგრამ უსამსახუროდ რა ვქნა. რა მნიშვნელობა აქვს, შახტში მოკვდები თუ შიმშილით?“- ამბობს 30 წლის მეშახტე ონისე საბანაძე. ქვანახშირის შახტში ის 10 წლის წინ დასაქმდა და ქალაქში სხვაგან სამსახურს ვერსად იპოვის.

24, 25, 26 სექტემბერს ტყიბულში გაფიცული მეშახტეები ითხოვდნენ კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვასა და შახტების ამუშავებას, რასაც ,,საქნახშირი” ვეღარ ახერხებდა. ახალმა კომპანიამ – International trade company მოლაპარაკების შედეგად ეს მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. ხელფასების ჩარიცხვას მეშახტეებს უახლოეს დღეებში დაჰპირდნენ. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კი შახტები, სავარაუდოდ, 2019 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავდეს. თუმცა უცნობია, როგორი იქნება შახტებში შრომითი და უსაფრთხოების პირობები.

მეშახტეები აქციის დაწყებამდე. ტყიბული, 2019 წელი

,,საქნახშირი ჯი-აი ჯის” ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ენერგეტიკულ ნახშირს, რომელსაც ტყიბულის შახტებში მოიპოვებენ, ქანების უცაბედი მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი საფრთხეები ემუქრება, რის გამოც ტყიბული-შაორის ნახშირის საბადოები ექსტრემალური გეოლოგიური პირობებით ხასიათდება.

 

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/394302/?fbclid=IwAR2rQhocdXXlFUxz6Rcw-Lo7afIVORBeUMJod1VHHAQ_569bA_JMG9A79TE

გადაბეჭდვის წესი