მთავარი,სიახლეები

ერთი ფანჯრის პრინციპი საქართველოს პორტებში – პროექტს აშშ-ის საელჩო აფინანსებს

24.09.2019 • 2001
ერთი ფანჯრის პრინციპი საქართველოს პორტებში – პროექტს აშშ-ის საელჩო  აფინანსებს

საქართველოს საზღვაო პორტებში ერთი ფანჯრის პრინციპის დასანერგად მუშაობა იწყება. დღეისათვის საქართველოს ნავსადგურებში გემებისა და ტვირთების მიღება/გაფორმებას რამდენიმე უწყებასთან კონტაქტი და დრო სჭირდება. ახალი პროექტის მიხედვით კი ყველაფერი ციფრულ ფორმატში გადავა და გაიოლდება.

„ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა საქართველოს პორტებში, პირველ რიგში, შეამცირებს გემების მოცდის დროის მაჩვენებელს, გაზრდის ჩვენი პორტების ეფექტურობას და ტვირთნაკადებს ჩვენს ნავსადგურებში. გემთმფლობელებს აღარ მოუწევთ დღეებით ლოდინი, თუ როდის მიიღებენ გარკვეული უწყებები გადაწყვეტილებას,“ –  ამბობს ივანე აბაშიძე, საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

ამ ეტაპზე გემებს საქართველოს ნავსადგურებში შემოსასვლელად რამდენიმე უწყების (საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტო, სანაპირო დაცვა, შემოსავლების სამსახური, გარემოს დაცვის სამინისტრო) ნებართვა, შესაბამისად, ამ უწყებებთან ცალ-ცალკე კონტაქტი სჭირდებათ. ცვლილების შემდეგ, ყველა დოკუმენტი ერთ სივრცეში გაფორმდება.

საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოს ნავსადგურებში შემოსული კონტეინერების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა ეფექტურად იმუშაონ.

„ვსაუბრობთ ტვირთებზე, რომელიც არის განკუთვნილი რეექსპორტისთვის. საქართველომ უნდა შეასრულოს რეგიონული ჰაბის ფუნქცია და ჩვენ ამ ფუნქციას ვერ შევასრულებთ, თუ  დღეები დაგვჭირდება გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ ტიპის გემებისთვის უმნიშვნელოვანესია ის დრო, რომლის ფარგლებში მათ განსაზღვრული აქვთ ნავსადგურში გაჩერება. შემდეგ ნავსადგურში მისვლის დრო და.ა.შ.“ –  ამბობს ივანე აბაშიძე.

სწორედ ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ეძღვნება სემინარი, რომელიც ბათუმში დღეს, 24 სექტემბერს, დაიწყო. სემინარის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

სემინარს IMO-ს თანამშრომლები გაიოლების სამმართველოს უფროსი ჯულიან აბრილი, ტექნიკური ოფიცერი მარტინა სოლე უძღვება. საერთაშორისო ექსპერტები დეტალურად განიხილავენ საქართველოს სანავსადგურე სექტორში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პერსპექტივებს.

პროექტს საქართველოში აშშ-ის საელჩო აფინანსებს. პირველ ეტაპზე საჭიროებების კვლევისთვის 120 ათასი ამერიკული დოლარია გამოყოფილი. პროექტის ჯამური ბიუჯეტი კი, 3 მილიონამდე დოლარია.

ერთი ფანჯრის პრინციპის სრულად დანერგვას 2 წელზე მეტი დრო დასჭირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: