მთავარი,სიახლეები

გიორგი ერმაკოვი და სხვები შესაძლოა გირაოთი გაათავისუფლონ – „მერიის მაღალჩინოსნების საქმე“

23.09.2019 • 1655
გიორგი ერმაკოვი და სხვები შესაძლოა გირაოთი გაათავისუფლონ – „მერიის მაღალჩინოსნების საქმე“

„დაზარალებული ანუ ბათუმის მერია, არაა წინააღმდეგი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ ბრალდებულები,“ – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ადვოკატმა რამინ პაპიძემ. დღეს, 23 სექტემბერს, „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილება.

ბათუმის მერიის ყოფილი 7 მაღალჩინოსნის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ბრალდებულებს შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე.

კანონის მიხედით, ორ თვეში ერთხელ განიხილება აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი, როცა ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია. შესაბამისად, დღევანდელ პროცესზე მოწმეების ნაცვლად, მოსამართლე მხარეების პოზიციებს ისმენს საკითხზე – უნდა გათავისუფლდნენ თუ არა მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები გირაოს საფუძველზე.

ადვოკატი რამინ პაპიძე ამბობს, რომ მან წერილი ლაშა კომახიძის ხელმოწერით დღეს გადასცა სასამართლოს. მერის წერილთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ პროკურორებს.

„მოწმის ჩვენება არის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება,“ – თქვა პროკურორმა რამაზ შავაძემ. მან თავის გამოსვლაში მთავარი აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ მოწმეთა დიდი ნაწილი ბრალდებულების მეგობრები არიან და შესაძლოა, მათზე ზემოქმედება განხორციელდეს, თუკი ბრალდებულებს გირაოთი გაათავისუფლებს სასამართლო.

„რომელიმე მოწმეზე მინიშნების დონეზეც არ ყოფილა ზემოქმედება,“ – მიმართა პროკურორს ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

ადვოკატები თითოეული ბრალდებულის გათავისუფლებას 100 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ ითხოვენ.

„ზიანი მილიონ 370 ათასი ლარია… მიმალვის საფრთხეც არსებობს,“ – დასძინა პროკურორმა.

„მერიის მაღალჩინოსნების საქმე“ ბათუმის სასამართლოში / 23.09.2019

გადაბეჭდვის წესი


ასევე: