მთავარი,სიახლეები

ასაკის გამო დაზღვევაზე უარი – სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა

13.09.2019
ასაკის გამო დაზღვევაზე უარი – სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა

სადაზღვევო კომპანია „არდის“ წინააღმდეგ სახალხო დამცველმა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. ამ კომპანიამ 1943 წელს დაბადებულ ს. ხ.-ს და 1937 წელს დაბადებულ ა. გ.-ს სამოგზაურო დაზღვევაზე უარი უთხრა. კომპანიის განმარტებით, შიდა პოლიტიკის დოკუმენტითაა დადგენილი ზღვრული ასაკი, რაც „დაზღვევის მომსახურებაზე ერთმნიშვნელოვანი უარის თქმის საფუძველია“.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მსგავსი დამოკიდებულება ასაკოვანი ადამიანების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ეფუძნება. „ამასთან, სადაზღვევო კომპანიების მსგავსმა ბლანკეტურმა მიდგომამ, შესაძლოა, მიუწვდომელი გახადოს ხანდაზმული ადამიანებისთვის სამოგზაურო დაზღვევა, რაც, თავის მხრივ, მიმოსვლის თავისუფლების უფლებაში ჩარევასაც გულისხმობს,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

რეკომენდაციაში ასევე მითითებულია, რომ ასაკის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა, შესაძლოა, რაციონალურ ფაქტორებსაც ემყარებოდეს და სოციალურ, ეკონომიკურ მიზნებს ემსახურებოდეს, თუმცა, შესაძლოა, განზოგადებულ დასკვნებს და სტერეოტიპებსაც ეფუძნებოდეს.

„ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპების მსხვერპლი შეიძლება გახდნენ როგორც ახალგაზრდები, ისე ხანდაზმული ადამიანები. ეს ვარაუდები და დასკვნები ხშირად შეცდომაში შემყვანია და ვერ ასახავს ადამიანების ინდივიდუალურ მრავალფეროვნებას. ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია ისეთ ნეგატიურ სოციალურ შედეგებსაც იწვევს, როგორიცაა საზოგადოებისგან ხანდაზმული ადამიანების გარიყვა და საბაზისო სერვისებსა და პროდუქტებზე მიუწვდომლობა“, – მიიჩნევს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენმა „არდს“ მიმართა რეკომენდაციით არ დაადგინოს ასაკი, როგორც მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძველი და ამ საფუძვლით მომსახურების გაწევაზე უარი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში წერილობით დაასაბუთოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: