მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

წერილი საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძეს მუსლიმი ქართველისგან

29.08.2019
წერილი საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძეს მუსლიმი ქართველისგან

ავტორი: იოსებ აბაშიძე

ბატონო მამუკა, ჩვენთვის მთავრობაში ანუ თქვენამდე მოღწევა ძნელია, ამიტომ ჩვენს ტრადიციულ დღესასწაულს [შუამთობა] ვიყენებთ თქვენთვის რაღაც ცნობების მოსაწოდებლად, მაგალითად, იმაზე, რომ გზა არ გვაქვს.

წლევანდელ დღესასწაულზე მეხუთედ მომიხდა თქვენთან, ანუ პრემიერთან შეხვედრა და თქვენგან მოვისმინეთ – „კი, ბატონო – კი, ბატონო“. იცით რა, მოდი თქვენ იყავით ბატონი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ყმებს თავის ქონებად თვლის და ჩვენ გზა გაგვიკეთეთ.

ახლა კი სხვა რამე – გიცხადებთ, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის პროექტი მერიამ გადააფურთხა. თუმცა დაზუსტებით არ ვიცი, ეს მთავრობამ გააკეთა თუ მერიამ.

უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენ მიმართ გაწეული „იმ დიდი ღვაწლისთვის“, რომელიც თქვენ [მარტო მამუკა ბახტაძეს არ ვგულისხმობ] გამოიჩინეთ ჩვენ მიმართ – ვგულისხმობ ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხს. ჩვენ ვყოფილვართ უვიცები, რომ ამ საკითხებზე კანცელარიები ავავსეთ წერილებით, რაც მაკულატურად იქცა. არ გვცოდნია, რამდენად „განვითარებულ და ცივილიზებულ“ ინტელიგენციასთან გვქონია საქმე. ასევე მთავრობასთან, რომელიც სახელმწიფო მანქანით მართავს რელიგიას, რელიგიური ლიდერების მოვალეობას ასრულებს და თავისი სურვილით ანიჭებს რელიგიას პრივილეგიებს. სხვებს კი ზღუდავს, დისკრიმინაციაში, უუფლებობაში ტოვებს და თავისას [ვგულისხმობ მართლმადიდებლობას] მაღალ კომფორტს უქმნის.

ამით ჩვენ გვარწმუნებთ, რომ თქვენ „რელიგიურები“ ხართ, მაგრამ უსამართლოები – რელიგიურობა არ ითვალისწინებს სხვათა ჩაგვრას.

სამწუხაროდ, თქვენ არ გჯერათ თქვენი რელიგიის მდგრადობის და ათასი მაქინაციითა თუ სახელმწიფო მანქანით ცდილობთ მის მდგრადობას ჩვენს ხარჯზე: მინარეთი მოჭერით, რელიგიურ ნაგებობაზე ღორის თავი მიგვიჭედეთ, ბათუმის მეჩეთის პროექტი გადააფურთხეთ და კიდევ რამდენი რამ არის, რითაც მართლმადიდებლობის ავტორიტეტის ამაღლება გინდათ.

ამასობაში ჩადიხართ ორ ცოდვას – ჩვენ დისკრიმინაციაში გვამყოფებთ და მართლმადიდებლობას უძლურად, უნიათოდ გამოსახავთ. სამაგიეროდ, როგორც კოსმოსი აღემატება ადამიანთა მოდგმას, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის უძრავი და მოძრავი ქონება ისე აღემატება სხვებისას. ეს საიდუმლო არ არის და მედიით ბევრჯერ ითქვა ამის შესახებ.

ამ ყველაფერს კი იყენებთ ჩვენ წინააღმდეგ.

დაიმახსოვრეთ, რელიგია ძალადობა არ არის. რელიგიას თავად უნდა ჰქონდეს მყარი იდეოლოგია, რასაც თქვენ ვერ იაზრებთ.

რამდენ ხანს უნდა გვაწვალოთ. თქვენ გამოდიხართ დიდ ფორუმებზე და აცხადებთ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის. ყველას უფლება დაცულია. ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენსა და ზოგიერთის უფლებას გულისხმობთ. მაგრამ თქვენ თქვენი ამ განცხადებით გამორიცხავთ საქართველოში ჩვენს არსებობას. თუ ასე გინდათ განაცხადეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ აგროვებთ დაძაბულობას – გროვდება ენერგია, რომელიც პოტენციურად იფეთქებს. ამის პროგნოზს უკვე არსებული პრეცედენტები იძლევა უახლესი წარსულიდან. თუმცა თქვენ დაზღვეულები ხართ – შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვიები ბლომად ექნება.

არაუშავს, ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლების დასაცავად. ჩვენ მივაღწევთ ჩვენსას. თუმცა ცოდვილნი იქნებიან ბოროტნი მმართველნი, რომლებიც თავს დებენ მართლმადიდებლობაზე, მაგრამ მათ მმართველობაში სიმართლე არ არსებობს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: