კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

კმდს-ს მიერ გამსახურდიას #12-ში მანსარდის ამაღლებაზე გაცემული ნებართვა სამინისტრომ გააუქმა

29.08.2019 • 1955
კმდს-ს მიერ გამსახურდიას #12-ში მანსარდის ამაღლებაზე გაცემული ნებართვა სამინისტრომ გააუქმა

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას N12-ში, მანსარდის ამაღლებაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა განათლების სამინისტრომ გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა დაგვიდასტურა. მან გვითხრა იმის შესახებაც, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა ინფორმაცია, თითქოს საბჭომ ახალი მანსარდის დაშენების ნებართვა მისცა კომპანიას:

„იყო მხოლოდ არსებული მანსარდის 67 სანტიმეტრით წამოწევისა და ოთხი სამერცხლულის მოწყობის ნებართვა გაცემული. ეს საბჭოს ზოგი წევრისთვის მისაღები, ზოგიერთისთვის კი მიუღებელი იყო. ჩემთვის მთავარი იყო კვალიფიციური ხელოვნებათმცოდნის დასკვნა, რომელიც მიიჩნევდა, რომ არსებულ მანსარდში შესაძლებელი იყო პატარა ღიობების მოწყობა და მაღალი მანსარდის გამოყენება სასტუმრო ნომრებად, რისი პრაქტიკაც მსოფლიო მასშტაბით გვაქვს და ვნახეთ კიდევაც რიგაშიც, ტალინშიც და სხვაგანაც. იმასთან დაკავშირებით კი, რომ თითქოსდა სართულების დაშენება უნდა მომხდარიყო, იყო მცდარი აჟიოტაჟი. შემდეგ ეს გადაწყვეტილება სამინისტროში, ჩვენ ზემდგომთან  გასაჩივრდა. სამინისტრომ გააუქმა საბჭოს გადაწყვეტილება, ჩემი ნებართვა რატომღაც, დაუსაბუთებელი არგუმენტაციის გამო“, – გვითხრა ზაურ ახვლედიანმა.

მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება განათლების ყოფილმა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიიღო და მას სააგენტოს საბჭოსთვის საკითხის ხელახლა განხილვა არ დაუვალებია. საკითხის ხელახლა განხილვის თხოვნით სააგენტოსთვის არც კომპანია „კორაქსესს“  მიუმართავს, რომელიც აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმებით შენობაში სასტუმროს მოწყობას გეგმავს.

აჭარის განათლების ყოფილ მინისტრს, ინგა შამილიშვილს ძეგლის ავთენტურობის დაკარგვის შესაძლო საფრთხის თაობაზე საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა მიმართა წერილით და სთხოვა, გადაერჩინა ზვიად გამსახურდიას ქუჩის #12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბათუმში, ზ. გამსახურდიას 12-ში მდებარე შენობაზე სახურავის ამაღლება მანსარდის მოსაწყობად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტურობის დაკარგვის მიზეზი გახდებოდა. ეს დაუშვებელია, რადგან შენობა მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშია საქართველოში და შედის საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობის კულტურულ მარშრუტში.

ამ ყველაფრის პარალელურად კომპანია აჭარის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებას ითხოვდა. კერძოდ, შენობის მიმდებარედ, კოსტავას ქუჩა 20ა-ში, შპს „კორაქსესი“ საზოგადოებრივი სკვერის მოწყობას აპირებს, მაგრამ არა იქ არსებულ 485 კვ/მ-ზე, არამედ მხოლოდ 100-120 კვ/მ-ზე გეგმავს. კომპანია აცხადებდა, რომ  დანარჩენი ფართობის სკვერს, მთავრობის მიერ სხვაგან გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მოაწყობდა. ამის თაობაზე კომპანიამ როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მისწერა.

კომპანია „კორაქსესის“ დირექტორის წერილში ნათქვამია:

„შემუშავებულია კომპლექსური, წინასწარ გააზრებული და პერსპექტიული ბიზნესგეგმა, რომლის რეალიზების ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს კანონმდებლობაში 2018 წელს შეტანილი ცვლილებები. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტში უკვე ჩართულია რამდენიმე სუბიექტი, რომლებმაც ერთმანეთის წინაშე იკისრეს რიგი ვალდებულებები, დაუშვებელია პროექტის არსებულ ეტაპზე გაჩერება“.

წერილში მოყვანილია ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც საზოგადოებრივ საქმიან ზონაში [სადაც მოდერნის სტილის სახლი დგას] მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალურ სიმაღლედ, ნაცვლად 15 მეტრისა, განისაზღვრა 12 მეტრით.

„მხარეები აღმოვჩნდით ფორსმაჟორულ მდგომარეობაში და შეუძლებელი გახადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“, – აღნიშნულია კომპანიის დირექტორის წერილში, რომელიც გამოსავალს სწორედ საზოგადოებრივი სკვერის ნაკლებ ფართობზე მოწყობაში ხედავს [2010 წლის ხელშეკრულებით, რომელშიც ცვლილება ადრეც შევიდა, 485 კვ/მ-ზე სკვერის მოწყობა 2017 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო.]

ამ თემაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ:  კიდევ რა სურს კომპანიას, რომელსაც ძეგლზე მანსარდის დაშენების ნებართვა აქვს

კომპანია „კორაქსესისთვის“ საინვესტიციო პირობების შეცვლის საკითხს მთავრობა დღევანდელ [29 აგვისტო] სხდომაზე განიხილავს, რა ცვლილებები შევა შეთანხმებაში, ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

სპეციალისტები ინგა შამილიშვილს: არ დაუშვათ მოდერნის სტილის ძეგლის დაზიანება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: