კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

საკრებულო რივიერას განაშენიანების გეგმის დამტკიცების საკითხს განიხილავს

21.08.2019 • 2209
საკრებულო რივიერას განაშენიანების გეგმის დამტკიცების საკითხს განიხილავს

ბათუმის საკრებულო, 22 მარტს, „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების საკითხს განიხილავს. საკითხზე მომხსენებელი ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველია. საკრებულომ „რივიერას“ გრგ-ს დამტკიცებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი 16 ივლისს დაუჭირა.

გრგ-ს დამტკიცების შემდეგ კომპანია „ბათუმი რივიერას“ რჩება მშენებლობის ნებართვის მიღება, რათა თავისი პროექტი განახორციელოს.

„სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერას“ წინადადება მოიცავს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას – მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, იახტკლუბი, ხელოვნური ლაგუნა, რესტორნები, კაზინო, საზოგადოებრივი სივრცეები; მერიაში წარდგენილი გრგ-ს თანახმად ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს ხელოვნური ყურე, სადაც გათვალისწინებულია ნავმისადგომი იახტებისთვის.

„მერიის მიერ დადგინდა, რომ საპროექტო კომპლექსი, რომლის მშენებლობასაც აპირებს „ბათუმი რივიერა“, თავისი მახასიათებლებით, ფუნქციური დატვირთვიდან და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, წარმოადგენს მე-5 კლასის ობიექტს, რაზეც ქ. ბათუმის მერიის მიერ ნებართვა არ გაიცემა, ასეთი სახის ობიექტზე მშენებლობის ნებართვას გასცემს შესაბამისი საჯარო დაწესებულება.“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

საქართველოს კანონმდებლობით, V კლასის [განსაკუთრებული მნიშვნელობის] ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შპს „რივიერა ბათუმის“ ერთ-ერთი კოშკი ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. კომპანიის მიერ ბათუმის მერიაში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, ხუთი თაუერიდან ერთ-ერთი კოშკის სიმაღლე 200.60 მეტრი იქნება. სწორედ ეს 56-სართულიანი კოშკი იქნება ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა.

15 აგვისტოს, ბათუმის მერიაში შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ წარდგენილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. საჯარო განხილვა მერიამ დაგეგმა. საკითხი ეხება ბათუმის კონცხთან არსებული 6 ჰექტარის განაშენიანების გეგმას. ეს ტერიტორია შპს „რივიერა ბათუმს“ ეკუთვნის.

ამ თემაზე:

იძლევით გარანტიას, რომ იქ არ ჩაიძირება ყველაფერი? – ცხარე დებატები რივიერას დირექტორთან 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: