მთავარი,სიახლეები

სეისმოლოგი, რომელმაც რივიერას ტერიტორია შეისწავლა: „არ არის იქ კარგი გრუნტი“

10.08.2019 • 3194
სეისმოლოგი, რომელმაც რივიერას ტერიტორია შეისწავლა: „არ არის იქ კარგი გრუნტი“

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა ბათუმის კონცხის გეოფიზიკური კვლევა ჩაატარა. შესაბამისი დაკვეთა ინსტიტუტმა  შპს „რივიერა ბათუმისგან“ მიიღო. კომპანია ამ ტერიტორიაზე 5 თაუერის მშენებლობას გეგმავს. ინსტიტუტის დირექტორს, თეა გოდოლაძეს ვკითხეთ, როგორ აფასებს ტერიტორიის მდგრადობას პროექტთან მიმართებაში, იმ ფონზე, როდესაც კონცხთან ახლოს მიწისქვეშა კანიონია. კონცხის სათავესთან მდინარე ჭოროხის მიერ გადატანილი ნატანის ოდენობა კი წლებია არ შეუსწავლიათ.

  • ქალბატონო თეა, ვიცით, რომ ჩართული იყავით ამ კვლევებში. თქვენ, როგორც სპეციალისტი, როგორ აფასებთ კონცხზე არსებულ მდგომარეობას, სადაც 5 თაუერის მშენებლობა იგეგმება?

კანიონზე ვერაფერს გვეტყვით. ჩვენი იყო გეოფიზიკური კომპონენტი. ეს არის გრუნტის მდგომარეობა, სიჩქარე და ის, თუ რა სეისმურ დატვირთვებზე უნდა აშენდეს შენობა. სხვა დეტალები პროექტის შესახებ მე ნამდვილად არ ვიცი. ეს არის გეომორფოლოგიის თემა. რაც შეეხება სეისმურ მდგრადობას, სეისმური ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული პროექტირების დროს, ამას უნდა დაემატოს გარემოფაქტორები. სეისმური კუთხით ყველგან შეიძლება შენობის დადგმა, თუ ამის საშუალებას გრუნტი გაძლევს – თუ მეწყრული არ არის, თუ ვთქვათ სუსტი გრუნტი არ არის და ასე შემდეგ.

მოწყვლადი გრუნტების შემთხვევაშიც შესაძლებელია გამაგრებითი სამუშაოები, ოღონდ ეს უნდა დაიგეგმოს, რამდენად სწორად არის გაკეთებული და რამდენად ექვემდებარება ადამიანის ჩარევას. მე, ზოგადად, მაღალსართულიანი შენობების ასე ჰარიჰარალოზე აშენების მომხრე არა ვარ – ჩვენ ქართველებმა მაღალი სართულების აშენების ტექნოლოგია არ ვიცით. სამშენებლო სექტორი ამ კუთხით საკმაოდ არასტაბილურია და კომპეტენციაც რეალურად არა გვაქვს. მე, მაგალითად, შიშით ვუყურებ  ქართულ მრავალსართულიან სახლებს –  როგორი მაღალი დატვირთვაც არ უნდა მისცე…  შეიძლება კონსტრუქტორმა, თუ ის არაკომპეტენტურია, ვერც დათვალოს  საერთაშორისო სტანდარტებით რა ტიპის შენობები უნდა აშენდეს. ეს არის პრობლემა.

  • „რივერა ბათუმი“ ამბობს, რომ საფრთხეებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს კონსტრუქციული გათვლების დროს. შენობებს ექნებათ ღრმა საძირკველი… 

როდესაც კონსტრუქცია დგება მხოლოდ ხიმინჯები არ არის მნიშვნელოვანი.  მთლიანად კონსტრუქციის ქცევაა მნიშვნელოვანი იმ დატვირთვებზე, რაც ჩვენ მივეცით. მაგ ადგილას ცუდი გრუნტია, არ არის კარგი გრუნტი. ერთია სეისმოლოგი რას მისცემს და მეორეა ის, რას გააკეთებს. სამშენებლო სექტორი ძალიან კომპლექსური რამ არის. მთელი უბედურება ისაა, რომ ეს რგოლები ჩვენს ქვეყანაში მოშლილია. არ ვიცოდი, თუ მაქ 40-სართულიან სასტუმროზე იყო საუბარი. ამ შემთხვევაში უგულებელყოფილია გრუნტის გაფხვიერების პრობლემა.

  • ანუ რისკები მაღალია ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე?

0,2-პროცენტიან დატვირთვაზე მაქვს მოცემული მონაცემები. მე ვარ ადამიანი, რომელიც მკაცრად მოვითხოვ საქართველოს კანონმდებლობაში დაინერგოს სისტემა, რომ ასპროცენტიანი კი არა,  2-პროცენტიანი დატვირთვები ავიღოთ მშენებლობაზე. მაგ შემთხვევაში 0,3-0,4, ანუ დიდი აჩქარება ჩნდება. სეისმურობიდან გამომდინარე მე ვთვლი, რომ შედარებით მაღალი რისკები უნდა გავითვალისწინოთ, ვიდრე ვითვალისწინებთ… კომპანიას არჩევანი უკვე აქვს გაკეთებული – 100%-ზეა გაჩერებული. მე, მაგალითად, 2%-ზე გავაკეთებდი.

მე ვაწვდი [დამკვეთს] რეალურ მონაცემს, მე ვთვლი, რომ ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ როგორ გააკეთებ შენ და რა არჩევანს გააკეთებ, ეს კონსტრუქტორის და სახელმწიფოს გადასაწყვეტია.

ჩემი პასუხისმგებლობაა  მივაწოდო  მონაცემი, რაც მაქვს. ეს მონაცემები შეიძლება რამდენიმე წელიწადში შეიცვალოს კიდეც. მე, მაგალიათად, რომ მცოდნოდა 50-სართულიან შენობაზეა ლაპარაკი [რივიერაზე], 0,2-ზე არ გავთვლიდი, მოვუმატებდი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: