ბათუმის ,,თავისუფალი სივრცე“ (მის.: ქ. ბათუმი, ზ. გამსახურდიას #6) ზურა გოგიბერიძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე ნახატები, ხატები და ჯვრებია წარმოდგენილი. გამოფენის სტუმრობითა და ნახატების შეძენით წვლილს შეიტანთ სიმბოლურად ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში დაბრუნების საქმეში, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ.
მხატვარი ზურა გოგიბერიძე ყოფილი პატიმარია, ხატვით რვა წლის წინ, საპატიმროში დაინტერესდა, დღეს პირველად გაიხსნა მისი პერსონალური გამოფენა და ამბობს, რომ სამომავლოდ სახელოსნოს გახსნასაც გეგმავს, მერე კი, როგორც ამბობს, მზად არის სიამოვნებით შეასწავლოს ყველა მსურველს ხატვა და ხეზე კვეთა.
ხატვისთვის საჭირო მასალები და ხელსაწყოები ზურამ დემოკრატიის ინსტიტუტის ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის” ფარგლებში შეიძინა და ნახატებს დიდხანს აგროვებდა გამოფენისთვის.
მხატვრის ნამუშევრის ერთ-ერთი პირველი მყიდველი გამოფენაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ნათია სონღულაშვილი იყო:
„ჩემთვის, როგორც ქვეყანაში სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს წარმომადგენლისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, როგორც პროკურატურის გახსნილობის, ასევე, იმ ადამიანების წარმოჩენისა და მხარდაჭერისთვის, ვინც თავის დროზე კრიმინალური წარსულის შემდეგ რესოციალიზაცია შეძლო,ზოგმა დახმარების გარეშე, ზოგმაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. ვისურვებდი სახელმწიფოს მეტ ჩართულობას ამ მიმართულებით, რომ სახელმწიფო მეტ სოციალურ სერვისს და გარანტიებს სთავაზობდეს ყოფილ პატიმრებს,“ – ამბობს ნათია სონღულაშვილი.
„თავისუფალ სივრცეში“ გამოფენაზე ზურა გოგიბერიძის 67 ნამუშევარია წარმოდგენილი, მათი დათვალიერება ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი.
გამოფენის გახსნის ცერემონიას ,,თავისუფალ სივრცეში” მუსიკალურად აფორმებდა ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარი გრიგოლ მახარაძე.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი გულისხმობს:
- ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას;
• იურიდიულ დახმარებას; - ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
• ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით. - ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
- სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას.
ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:
აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44
იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61
გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26
თანაზიარი – რუსთაველის ქ. №88 /ტელ: (0415) 22 10 78
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.