სიახლეები

მოახლოებული ციტრუსის სეზონი – ენესს კვლავ მთავრობა შეისყიდის

21.10.2015 • 1818
მოახლოებული ციტრუსის სეზონი – ენესს კვლავ მთავრობა შეისყიდის

 

„შარშან იყო 10 თეთრი ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინზე და ვალდებულება ჰქონდათ გადამამუშავებელ საწარმოებს, რომ 10 თეთრი დამატებით თვითონ გადაეხადათ, თუ უნდოდათ სუბსიდირების პროგრამაში ჩართვა. პირველ ეტაპზე ჩართული იყო სამი საწარმო – „აქტივების მართვის ქართული ინდუსტრიული ჯგუფი“, „ქართული ჩაი“ და „თი ეს იფ ჯორჯია“, თუმცა, ბოლო ეტაპზე „ქართულმა ჩაიმ~ შეწყვიტა პროგრამაში მონაწილეობა. უკვე გამოკვეთილია, რომ სამივე საწარმოს აქვს სურვილი წელს ჩაერთოს სუბსიდირების პროგრამაში. ამ პროგრამის მიუხედავადაც, ორი კომპანია [„ქართული ჩაის“ გარდა] მაინც მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს, რადგან მათ ამის ვალდებულება აქვთ, თუმცა ფასს თავად დაადგენენ,“ – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის უფროსმა კარლო კეკელიძემ.

 

დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, 1 კგ სტანდარტული მანდარინის საბაზრო ღირებულება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, წლევანდელ სეზონზე 40-50 თეთრს არ გადააჭარბებს.

 

გარდა გადამამუშავებელი საწარმოებისა, აჭარაში გაიხსნება 32 კერძო მიმღები პუნქტი [რომელთაგან 14-ს შენობები იმ ვალდებულებით აქვთ გადაცემული სახელმწიფოსგან, რომ აუცილებლად მოაწყობენ ციტრუსის მიმღებ პუნქტს]. ამ პუნქტებიდან 21 ქობულეთში, ხოლო 11 ბათუმსა და ხელვაჩაურში იქნება.

 

„სავარაუდოდ, ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენ როცა ვიკვლევდით ბაზარს, იმატებდა მიმღები პუნქტების რიცხვი, რომლებიც კერძოა და, შესაბამისად, სახელმწიფო ვერ აღრიცხავს,“ – ამბობს კარლო კეკელიძე.

 

მისივე თქმით, ციტრუსის გასაღების ძირითად ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება, სადაც გასულ წელს 11 600 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა აჭარიდან. შემდეგ მოდის უკრაინა, სომხეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.

 

სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ადგილზე გადამუშავებულმა და ექსპორტზე გატანილმა ციტრუსის რაოდენობამ ჯამში 40 ათასი ტონა შეადგინა. ეს რაც აღირიცხა, რეალურად კი მოსავალი გაცილებით მეტი იყო. წელს 104 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან – ეს პროგნოზი სამინისტროს მიერ აჭარაში 800 ფერმერის გამოკითხვას ეყრდნობა.

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონში ციტრუსის ფართობების შემცირების ტენდენცია არ არის [ფართობების ახალი ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, თუმცა სამინისტროს შიდა კვლევების მიხედვით, აჭარაში ციტრუსს 7600 ჰექტარი უკავია]. ამასთან, ბოლო პერიოდში ციტრუსის ნერგებზე მოთხოვნაც გაიზარდა.

 

კარლო კეკელიძის ინფორმაციით, 2016 წელში დაგეგმილია მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურების გაშენების პროგრამის დაფინანსება, სადაც შედის ის ძირითადი კულტურები, რომლებიც მოთხოვნიდან გამომდინარე გამოიკვეთა. ესენია – ციტრუსი, თხილი, კაკალი და ხურმა.

 

აჭარაში საადრეო მანდარინის კრეფა მიმდინარე თვიდან დაიწყება, ციტრუსის სეზონი კი აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევა.

გადაბეჭდვის წესი