სიახლეები

გამარტივებული შესყიდვა შესყიდვების სააგენტოს უნდა შეუთანხმდეს

01.11.2015 • 2419
გამარტივებული შესყიდვა შესყიდვების სააგენტოს უნდა შეუთანხმდეს

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, დასაბუთება ნიშნავს, რომ  შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, უნდა დასტურდებოდეს გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძველი და მომართვის ამ საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა.

 

„სააგენტო, მისთვის მიმართვიდან არაუმეტეს სამი სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობაზე უარის თქმის შესახებ. შემსყიდველ ორგანიზაციას მხოლოდ სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ აქვს უფლება, გააფორმოს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება“ – აცხადებს სააგენტო.

 

თანხმობის მოსაპოვებელი მიმართვა შემსყიდველმა ორგანიზაციამ სააგენტოს უნდა წარუდგინოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რითაც ეს მიმართვა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 

მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაცია წარადგენს მიმართვას, სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემამდე ან მის უარყოფამდე, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ საშუალება, წარადგინონ პოზიცია ამ მიმართვაზე. გადაწყვეტილების მიღებისას კი სააგენტომ უნდა განიხილოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვა, ასევე დაინტერესებული პირების მიერ მასზე დაფიქსირებული მოსაზრებები.

 

სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების კონკრეტული წესი და პირობები კი სააგენტოს თავმჯდომარის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვრება.

 

გამარტივებული შესყიდვა, კანონით განსაზღვრული მონეტარული ზღვრების ფარგლებში, შესაძლებელია:

 

ა) 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას;

 

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას;

 

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: