Batumi Discount Card – ასე ეწოდება ფასდაკლების ბარათს, რომლის ათ ლარად შეძენის შემთხვევაში, აჭარაში მდებარე 52 ტურისტულ ობიექტში 40-პროცენტამდე ფასდაკლებას მიიღებთ. მათ შორისაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმველო, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმი და კვებისა და განთავსების სხვადასხვა ობიექტი.
Batumi Discount Card-ის პრეზენტაცია გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის ტურიზმის დეპარტამენტში დღეს გაიმართა.
„ბარათში შევძელით თავი მოგვეყარა 50-ზე მეტი ტურისტული ობიექტის, ღირსშესანიშნაობის, კვებისა და განთავსების ობიექტისთვის, სადაც წლის ნებისმიერ დროს ბარათის მფლობელებს 10-დან 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ,“ – აღნიშნა პრეზენტაციაზე თინათინ ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ.
ფასდაკლებების ბარათის მიღება ნებისმიერ მსურველს საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში შეუძლია. მისი ღირებულება 10 ლარი, გამოყენების ვადა კი 10 დღეა.
ბარათით რეგიონის სტუმრებს ფასდაკლებების მიღება 25-მდე კვებისა და განთავსების ობიექტში, 20-მდე ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებსა და აქტივობებზე, ტურისტულ სააგენტოებსა და სავაჭრო ობიექტებში შეუძლიათ. გარდა ფასდაკლებებისა, ბარათი ასევე მოიცავს სიმ ბარათსა და მუნიციპალური ტრანსპორტის ბარათს 10 სამგზავრო ბილეთით.
Batumi Discount Card-ის გამოყენების, ფასდაკლებებისა და პროექტში მონაწილე ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაცია ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.
________
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი