მთავარი,სიახლეები

გადაკეტილი ქუჩა სასამართლოსთან – რას ჰყვებიან „რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე“ ბრალდებულები

19.07.2019 • 2308
გადაკეტილი ქუჩა სასამართლოსთან – რას ჰყვებიან „რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე“ ბრალდებულები

„გამოუშვით უდანაშაულო ადამიანები გარეთ,“ – ამ მოთხოვნით დღეს, 19 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხულიგნობისთვის ბრალდებულების ახლობლებმა ვაჟა-ფშაველას ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ბადრაგის სამსახურის იმ ავტომანქანას არ აძლევდნენ მოძრაობის საშუალებას, რომლითაც ბრალდებულები გადაჰყავდათ.

საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი – სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე 5 პირი დააკავა, მათ შორის ერთი, გამოძიების ვერსიით, შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. ვერ დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელმაც ორი ადამიანი დაჭრა დანით. მას ამ დრომდე ეძებენ. შესაბამისად, ამ დროისთვის დაკავებული არიან ის პირები, ვინც ხელით ჩხუბობდა.

ბრალდებულების ახლობლებს პოლიციელებმა განუმარტეს, რომ მათ უნებართვოდ ქუჩის სავალი ნაწილის გადაკეტვის უფლება არ ჰქონდათ. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, პოლიციელებმა ე.წ. კორიდორის მოწყობა მოახერხეს, სადაც ბადრაგის მანქანამ გაიარა. ამ დროისთვის [15:40 საათი] ბრალდებულების ახლობლები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იკრიბებიან.

ქუჩის გადაკეტვამდე ხმაური იყო სასამართლო პროცესზეც. პატიმრობიდან გათავისუფლება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ბრალდებულმა რეზო წ.-მ სთხოვა. „ჩვენ შევრიგდით ოჯახებით და იყო შეხვედრა… ღმერთს მადლობა, ყველა გადავრჩით,“ – მიმართა რეზო წ.-მ მოსამართლეს.

მოსამართლეს დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთმა ადვოკატმა, ზვიად მარკოიძემ, ამ საქმის კიდევ ერთი ბრალდებული – გიორგი ტ. შეახსენა. ისიც „რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩხუბის საქმეზე“ დააკავეს, ოღონდ ციხეში მყოფებისგან განსხვავებით, გამოძიების ვერსიით, იგი საავადმყოფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული მივიდა და გასროლასაც აპირებდა. ეს ბრალდებული პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ის ხულიგნობაში ბრალდებულ პირებთან დაპირისპირებულ ჯგუფს წარმოადგენდა.

ადვოკატმაც ეს უთხრა მოსამართლეს, რომ „გარემოება შეიცვალა“.

„გიორგი ტ. რატომ უნდა იყოს ამოსავალი წერტილი სასამართლოსთვის?“ – იკითხა მოსამართლემ. მან ბრალდებულებს კონკრეტული მტკიცებულების წარმოდგენა მოსთხოვა, რაც დაადასტურებდა, რომ მხარეები შერიგდნენ. ვინაიდან ასეთი მტკიცებულება დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილი არ იყო, მოსამართლემ ოთხივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

„მე რომ მქონოდა იარაღი და დავეჭირე, ხომ მომცემდნენ სამ  წელიწადს? კაცი, რომელიც ადამიანს უმიზნებდა, გარეთაა… დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ,“ – გვითხრა ომარ ქ.-მ. ის პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის, ტარზან ქ.-ს მამაა.

ბრალდებულებს და არც მათი ოჯახის წევრებს გათავისუფლებულ გიორგი ტ.-ზე საუბარი არ სურთ. „ეს ჩვენი საქმე არ არის,“ – მოკლედ გვიპასუხეს მათ. ახლობლები მიიჩნევენ, რომ ჩხუბი ნამდვილად მოხდა, მაგრამ ოთხი თვეა ეს ადამიანები ციხეში არიან და „საკმარისად უკვე დაისაჯნენ.“

ჩხუბი მოსამართლეს დაუდასტურა ბრალდებულმა რეზო წ.-მაც. მისი თქმით, იგი დაჭრილი ადამიანის სანახავად მივიდა რესპუბლიკურში. „იყო ხმაურიც, რაც არ იყო სწორი და ამან გამოიწვია მედპერსონალის პარალიზება… მაგრამ ჩვენ ვიყავით თავდაცვის რეჟიმში,“ – უთხრა რეზო წ.-მ მოსამართლეს.

ბრალდებულებმა დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაბარებულ გამომძიებლებს უთხრეს, რომ მათ „ნახევარი სიმართლე“ ასახეს ოქმებში.

„თქვენ უთხარით უფროს გამომძიებელს, უჩა კახიძეს, არ ემთხვევა ჩვენება ერთმანეთს და რა გავაკეთოთო… თქვენ დამალეთ ის, თუ რა მოხდა საავადმყოფოს ფაქტამდე, მანამდე ჩვენ პოლიციის მე-4 განყოფილებაში ვიყავით,“ – მიმართა გამომძიებელ რომან სირაძეს ბრალდებულმა დათო ქ.-მ.

რა მოხდა საავადმყოფოსთან კონფლიქტამდე, ან რის გამო დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“? – მოტივებზე საუბარი ბრალდებულებს ამ ეტაპზე არ სურთ, არც მათ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს. დაპირისპირების მიზეზს ნაწილობრივ მხოლოდ ბრალდებული რეზო წ. შეეხო:

„ჩვენ გვითვალთვალებდნენ… მერე შეეშალათ, ავტომანქანა აერიათ და ჩვენ ნაცვლად გალახეს ჩვენი მეგობრები. ჩვენ მივედით დაჭრილი მეგობრის სანახავად საავადმყოფოში, მერე ისინიც მოვიდნენ და ამან გამოიწვია ხმაური…“ – აღნიშნა რეზო წ.-მ.

ერთ-ერთ წინა სასამართლო სხდომაზე კი ერთ-ერთმა დაკავებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის მოჭიდავეა და ამ ჩხუბის დროს თავს იცავდა „ქურდული სამყაროს წევრებისგან“.

ბრალდებულებს ჯერ ჩვენება სასამართლოსთვის არ მიუციათ.

 

ამ თემაზე:

რატომ გაათავისუფლა პროკურატურამ ჩხუბის მონაწილე შეიარაღებული პირი და დააკავა უიარაღოები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: