მთავარი,სიახლეები

ფიჭვნარში მიწის ნაკვეთს სამინისტრო ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით ყიდის

17.07.2019
ფიჭვნარში მიწის ნაკვეთს სამინისტრო ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით ყიდის

ქობულეთში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთს, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე თავიდან 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ამჯერად 1 146 250 ლარად ყიდის. ფიჭვნარში მდებარე ეს ნაკვეთი სამინისტრომ აუქციონზე უკვე მეხუთედ გამოიტანა, ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით.

აუქციონის მთავარი პირობაა ამ ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის აშენება, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო ცენტრებს, რესტორანს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს. მიწის ნაკვეთის მყიდველმა აქ არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

„ორი [მაღალი და დაბალი] საბაზრო შეფასება გვაქვს… იმ მეორე, დაბალ საბაზრო შეფასებამდე შეგვიძლია ჩამოვიდეთ, მაგრამ იმის ქვევით არა“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე კუჭავამ დაახლოებით თვენახევრის წინ.

„ბათუმელები“ მაშინ დაინტერესდა, თუ რამდენი იყო ეს დაბალი ფასი. მინისტრის მოადგილემ გვითხრა, რომ „მაღალი ფასი დაბალზე დაახლოებით ოთხჯერ მეტი იყო“. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით მაშინ გამოვთვალეთ, რომ ეს დაბალი ფასი 1 146 250 ლარი იყო. ანუ, ზუსტად ის თანხა, რა თანხითაც გამოცხადდა აუქციონი, ამჯერად მეხუთედ.

თორნიკე კუჭავამ „ბათუმელებთან“ მაშინ ასევე განაცხადა, რომ პირდაპირი მიყიდვა ან 1 ლარად ამ ნაკვეთის გასხვისების საკითხი სამინისტროში არ განიხილება: „ქონება გასხვისდება მხოლოდ აუქციონით, რომელმაც უნდა გამოაჩინოს, არის თუ არა დაინტერესებული პირი, ანუ უღირს თუ არა პირს, ბიზნესს, გადაიხადოს მოცემული პირობებით, მოცემული ფასი“.

ამ თემაზე:

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: