39 წლის ზვიად მგელაძე ქობულეთის სოფელ ზენითში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ საპატიმროში შვიდი წელი გაატარა და გათავისუფლების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, ტელეფონზე ნომრის აკრეფაც კი უჭირდა ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო, ახლა თანამედროვე ავტოსახელოსნო აქვს, სადაც მალე კომპიუტერული დიაგნოსტიკით მომსახურებასაც შესთავაზებს კლიენტებს.
ამბობს, რომ საკუთარი ბიზნესის წინსვლისთვის ბევრი იშრომა, რის შედეგსაც უკვე გრძნობს.
„გათავისუფლების შემდეგ გაორმაგებული ძალით შევუდექი ცხოვრებისკენ შემობრუნებას. მე ასეთი განწყობა მქონდა, ყველაფერი ვცადე, ბიზნესი რომ დამეწყო და წინ წამეყვანა საქმე. თუმცა ტელეფონის ნომერს ვერ ვკრებდი ციხიდან გამოსული, იმდენად შეცვლილი და განვითარებული ტექნოლოგიები დამხვდა. კომპიუტერის შესწავლაც დამჭირდა“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.
ციხიდან 2012 წელს გათავისუფლდა და საზოგადოებაში ინტეგრაცია ეტაპობრივად შეძლო. საქართველოში თავიდან ვერ დასაქმდა და ავტოსაქმის შესასწავლად ერაყის სპეციალურ სასწავლებელში გაემგზავრა სამი წლით. საქართველოში დაბრუნდა და მეგობრის დახმარებით სახელოსნო მოაწყო, ნელ-ნელა გააფართოვა, დღეს კი სამ ადამიანსაც ასაქმებს და მალე მეოთხე კადრსაც მიიღებს.
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ზვიადს სახელოსნოსთვის აუცილებელი ხელსაწყო-დანადგარები გადაეცა, რითაც ოსტატმა სახელოსნოს გაფართოება შეძლო.
,,მყავს პენსიონერი ბებია, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობ, ხანდახან ღამის ორამდეც მიწევს შრომა, მაგრამ სხვანაირად საქმე წინ ვერ წავა. ძალიან რთული იყო თავიდან ბიზნესის დაწყება. მახსოვს პირველად საკუთარი, ორი გაფუჭებული მანქანა დავშალეთ ნაწილ-ნაწილ გასაყიდად“, – იხსენებს ზვიად მგელაძე.
ის იხსენებს ასევე, რომ ციხის მოსაწყენი წლები წიგნების კითხვით გადააგორა. მიუხედავად იმისა, რომ დრო ცოტა აქვს – ხშირად კითხულობს და ამბობს, რომ სასულიერო ლიტერატურისა და ისტორიული რომანებისთვის ყოველ თვეში აქვს განსაზღვრული შემოსავლის ნაწილი.
- ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:
- ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას;
იურიდიულ დახმარებას - ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
- ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
- ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
- სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას
ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:
აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44
იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61
გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26
სამეგრელოში– ფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №88 /ტელ: (0415) 22 10 78
სამეგრელოში– ფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №88 /ტელ: (0415) 22 10 78
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.