მთავარი,სიახლეები

ლაშა კომახიძე რივიერაზე დაგეგმილი მშენებლობების შესახებ: ქალაქს ეს სჭირდება

16.07.2019 • 1103
ლაშა კომახიძე რივიერაზე დაგეგმილი მშენებლობების შესახებ: ქალაქს ეს სჭირდება

„ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ქალაქს არ უნდა. ქალაქს ეს სჭირდება,“ – მიმართა დღეს, 16 ივლისს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრებილ ადამიანებს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ. ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების საკითხს განიხილავს.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, ამ პროექტის განხორციელებით რეკრეაციული ზონა არ შემცირდება. მან ასევე თქვა, რომ ჰქონდა შეხვედრები კომპანიასთან და მიაღწია იმას, რომ ექვსი შენობის ნაცვლად, ხუთი აშენდება.

„ეს ძალიან კარგი პროექტია ქალაქისთვის. ამას ვამბობ, როგორც ქალაქის მერი და ბათუმელი, რომელსაც არავისზე ნაკლებად არ უყვარს ეს ქალაქი. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორი არქიტექტურული გადაწყვეტილებით ეს პროექტი იქნება ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი, თვალსაჩინო ობიექტი, რომელიც ქალაქს გადაიყვანს ახალ ეტაპზე… ჩვენ ავიღეთ ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო. ეს და მსგავსი ჯილდოები არ მოდის ინფრასტრუქტურის შესწავლის გარეშე… აქ მოვისმინე კითხვები, რამდენად შეიძლება გეოლოგიური მოცემულობიდან გამომდინარე ამ პროექტის განხორციელებაო. საუბარია ინვესტორზე, რომელიც ერთი მილიარდის ჩადებას აპირებს.

მეორე: ინვესტორი, რომელიც ახორციელებს მილიარდიან პროექტს, არის გულშემატკივარი ქალაქის, რადგან ამ პროექტით კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა ქალაქს, როგორც ტურისტულ ობიექტებს. მე მესმის ხშირად, რომ ეს არის ქალაქის ფილტვები, ეს ცოტა არასერიოზულია, ქალაქს აქვს მრავალკილომეტრიანი ზღვისპირა ზოლი და გათვალისწინებულია აქ სივრცეები…“, – აღნიშნა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.

მერმა საკრებულოს სთხოვა, დაიწყოს საქმისწარმოება, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი რივიერაზე დაგეგმილი მშენებლობების პროექტს განიხილავს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის საბოლოო პროექტი და მერია ინვესტორთან ამ კუთხით მუშაობს.

ლაშა კომახიძემ ისე დატოვა ტრიბუნა, რომ მას კითხვებზე არ უპასუხია.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: