მთავარი,სიახლეები

სიტყვა მომეცით, რატომ მოიყვანეთ დაცვა და არტილერია – გუჯაბიძე

16.07.2019
სიტყვა მომეცით, რატომ მოიყვანეთ დაცვა და არტილერია – გუჯაბიძე

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში გამოსვლა დაასრულა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. მან თქვა, რომ მხარს უჭერს ბათუმში „რივიერას“ ტერიტორიაზე მაღლივი კოშკების მშენებლობის პროექტს.  როგორც მან განაცხადა, ამაყია, რომ ეს პროექტი მისი მერობის პირობებში დაიწყება.

ლაშა კომახიძემ ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ ბათუმში ამ მშენებლობით ერთმილიარდიანი ინვესტიცია შემოვა.

მერის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნასთან მივიდა რეჟისორი შოთა გუჯაბიძე, რომელიც საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელია. ის „რივიერაზე“ ამ მასშტაბის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია.

შოთა გუჯაბიძეს სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევენ. საკრებულოს თავმჯდომარე ამ წუთებში აცხადებს, რომ დაცვა მოვიდეს და შოთა გუჯაბიძე ტრიბუნას მოაშოროს.

ბათუმის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა.

„ბათომის“ წარმომადგენლებს საკრებულოს სხდომაზე განცხადების გაკეთება სხდომის დასაწყისშივე სურდათ, თუმცა მათ ამის უფლება არ მისცეს იმ მიზეზით, რომ ამისათვის „ბათომს“ ორი დღით ადრე უნდა მიემართა საკრებულოსთვის. თუმცა „ბათომი“ საკრებულოს ორი დღით ადრე ვერ მიმართავდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკითხი, რომელზეც „ბათომს“ სურს განცხადების გაკეთება, განსახილველ თემებში ბათუმის საკრებულომ გუშინ, 15 ივლისს, საღამოს შეიტანა.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში განსახილველ საკითხთა ნუსხას 15 ივლისს, 19:30 საათზე დაამატეს და მეორე საკითხად შეიტანეს მუხლი – „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი“.

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულომ „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე მსჯელობა დაიწყო. საკრებულოს სხდომას ესწრებიან საზოგადოება „ბათომის“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც რივიერაზე ცათამბჯენების აგებას ეწინააღმდეგებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: