Batumelebi | აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დირექტორის კონკურსს აცხადებს – მესამე მცდელობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დირექტორის კონკურსს აცხადებს – მესამე მცდელობა – Batumelebi
RU | GE  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დირექტორის კონკურსს აცხადებს – მესამე მცდელობა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ბოლო სამი თვის განმავლობაში მესამედ აცხადებს კონკურსს დირექტორის ვაკანსიაზე. მაუწყებელში დირექტორის ორი კონკურსი უკვე ჩაიშალა – 31 მაისს ხმები გაიყო და კონკურსი ვერ შედგ, იგივე მოხდა 10 ივლისს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც  აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება. განცხადებები კონკურსში 16 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით მიიღება.

სამეურვეო საბჭომ დირექტორის კონკურსის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არაუგვიანეს 24 აგვისტოს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს მრჩეველთა საბჭო ირჩევს. საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე. მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. მაუწყებლის დირექტორის პოსტზე არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც სამ ხმას მიიღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com