მთავარი,სიახლეები

ევროპული მოედნების გამოფენა ბათუმში – მთავარი ელემენტი ადამიანია 

09.07.2019
ევროპული მოედნების გამოფენა ბათუმში – მთავარი ელემენტი ადამიანია 

დღეს, 9 ივნისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო ფოტოგამოფენა – ევროპული მოედნები და მათი ისტორიები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო  ბუქარესტის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნი რუმინეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. წიგნზე მუშაობდა ეთნოგრაფი და ანთროპოლოგი კატალინ დ. კონსტანტინი.

ის საქართველოში, კერძოდ, თბილისში არსებულ მოედნებსაც სწავლობს. „ბათუმელებს“ მან უთხრა, რომ საქართველოს მოედნებს შემდეგ გამოფენებში უფრო ვრცლად წარმოადგენს. დღევანდელ გამოფენაზე კი წარმოდგენილი იყო თბილისის ორი – თავისუფლების მოედანი და მეტეხის ხიდთან არსებული მეიდანი.

ევროპული მოედნების გამოფენა ბსუ-ში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

რა არის მთავარი მოედნისთვის, რა ღირებულება აქვს მას ქალაქის ცხოვრებაში? – ვკითხეთ ანთროპოლოგს. მისი თქმით, მოედნის მთავარი ელემენტი ადამიანია.

„თავისუფლების მოედანზე [თბილისი] ადამიანი ვერ გაჩერდება. ვერ დასხდებიან, ვერ ისაუბრებენ, თბილისის მეიდანზე კი ამას აკეთებენ ადამიანები. ქალაქის მთავარი მოედანი არ უნდა იყოს ცარიელი სივრცე, არამედ სივრცე ხალხის თავშეყრისთვის. იქ იწერება ისტორია და იქ ხდება ქალაქის კულტურისა და სოციალური მეობის ჩამოყალიბება“, – გვეუბნება კატალინ დ. კონსტანტინი.

კონსტანტინი ამბობს, რომ მისთვის, როგორც ანთროპოლიგისთვის, მთავარი სწორედ თბილისის მეიდანია და არა თავისუფლების მოედანი. „თბილისის მეიდანი ყველაზე კარგად ინახავს იმ ევროპული ქალაქის მოედნის სახეობას, საიდანაც შეიძლება მთელი ისტორია წაიკითხო. რაც უფრო ძველია მოედანი, რაც უფრო ისტორიულია, მით უფრო კარგად იკითხება მასში ქალაქისა და ქვეყნის ისტორია“, – გვეუბნება ის.

ევროპული მოედნების გამოფენას ბათუმის უნივერსიტეტში საქართველოში რუმინეთის ელჩიც ესწრებოდა
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბსუს-ს ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ სირაძე ამბობს, რომ ჩვენ მოედნებისთვის ამ კუთხით არასდროს შეგვიხედავს და სწორედ ამიტომ არის ეს გამოფენაც მნიშვნელოვანი. „მთავარია, რომ ეს იდეა ჩაისახა ჩვენს ცნობიერებაში და შემდეგ ამ კუთხით შევხედავთ მოედნებს“, – გვითხრა მან.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დრონით გადაღებული 50 ევროპული მოედნის ფოტო.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: