მთავარი,სიახლეები

ცხოვრება კიდურების გარეშე – ბათუმელი პარასპორტსმენები

01.07.2019 • 3411
ცხოვრება კიდურების გარეშე – ბათუმელი პარასპორტსმენები

ბათუმის პარაოლიმპიური კომიტეტი 2012 წელს შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა სახეობის სპორტული ჯგუფები არიან გაერთიანებული და სადაც  20-მდე შშმ პირი ვარჯიშობს. პარაოლიმპიურ თამაშებში ჩართულ პირებს ამპუტირებული აქვთ კიდურები, აქვთ მხედველობის, სმენის პრობლემები, თუმცა ამ ადამიანებისთვის აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა სპორტსმენებისთვის.

ათამდე პარასპორტსმენი თამაშობს ფეხბურთს. ერთ-ერთი, სოსო გოგიტიძე აგვისტოს ომის მონაწილეა. სხვებმა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიიღო მძიმე ტრავმა, რის გამოც კიდურები დაკარგეს.

ანდრეი სლეპტსოვმა 5 წლის ასაკში ელექტროტრავმა მიიღო და ორივე ხელი დაკარგა. ამბობს, რომ ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში საკუთარი თავი და შემდეგ ოჯახი, ასევე ახლობლები და მეგობრები დაეხმარნენ.

ანდრე სლეპტსოვი
პარასპორტსმენი

„სახლში ჩაკეტვა აზრადაც არ მომსვლია, ეს ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა“, – გვეუბნება ანდრეი. მისი აზრით, საკუთარი თავი არასდროს არ უნდა შეზღუდო. „გამოწვევებთან ბრძოლას ცხოვრება გვასწავლის“, – ამბობს ის.

ანდრეი მეკარეა. სპორტი ადრეც და დღესაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისთვის და ბავშვობაში მიღებული ტრავმის მიუხედავად, აქტიურად ცხოვრობს.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/412568259347989/

ზვიად დუმბაძეც პარასპორტსმენია. როგორც გვიყვება, ტრავმა რვა წლის ასაკში მიიღო. „ბენზინის მანქანა აფეთქდა და კიდური დავკარგე. ოთხი თვე ისე ვცხოვრობდი, რომ არ ვიცოდი რა უბედურება შემემთხვა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ფეხი მქონდა მოტეხილი“, – გვეუბნება ზვიადი. ის იმ დღეებს იხსენებს, როცა პირველად მოუწია პროთეზის გამოყენება. „ცრემლები მომადგა, ვერ წარმოვიდგინე, რომ ამით სიარულს შევძლებდი. რაღაც მომენტში უარი ვთქვი სიარულზე, შემდეგ გადავლახე ეს ბარიერიც და მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა“, – გვეუბნება ის.

ზვიადი ამბობს, რომ ტრავმამ გარკვეულწილად მისი ცხოვრება უკეთესობისკენაც შეცვლა, „ეს ტრაგედია რომ არა, დღეს ალბათ სულ სხვა ცხოვრებით ვიცხოვრებდი, სხვა მენტალობით და სხვა გარემოში. ვფიქრობ, სპორტმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა“.

2011 წელს ზვიადი მშვილდოსნობით დაინტერესდა და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. არის მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი, 2014 წლიდან აქტიურად არის ჩართული აჭარის ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებში.

ამბობს, რომ ფეხბურთი მისთვის უფრო ჰობია, მშვილდოსნობას კი უფრო სერიოზულად უყურებს და აპირებს, რომ ტოკიოს ოლიმპიადისთვის ლიცენზია მოიპოვოს. „მინდა უფრო მეტ შედეგებს მივაღწიო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე“.

ზვიადის აზრით, დღეს შშმ პირების ხილვადობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, უფრო მეტად ჩანან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა ცნობიერება ამ მხრივ მაინც ასამაღლებელია და უფრო მეტია სამუშაო იმ მშობლებთან, ვისაც შშმ შვილები ჰყავთ, რომ ხელი შეუწყონ მათი ბავშვების რეალიზებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას.

ზვიად დუმბაძე
პარასპორტსმენი

„მქონია შემთხვევები, როცა მშობლებს დაუმალავთ შვილები, რომ არავის ენახა, რა პრობლემა ჰქონდათ ბავშვებს, ეს არასწორია. ყოველთვის უნდა მოძებნო საკუთარ თავში ძალა, რომ ცხოვრება გააგრძელო და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდე.

გერმანიაში, შტუდგარდში ვიყავი ჩემპიონატზე და იქ ვნახე ამერიკელი, რომელსაც არც ერთი ხელი არ ჰქონდა და ფეხით ისროდა მშვილდს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითი იყო და ამის შემდეგ მივხვდი, რომ უფლება არ მქონდა, ბრძოლა შემეწყვიტა“, – გვეუბნება ზვიადი.

ბავშვობაში, ათი წლის ასაკში დაკარგა ფეხი 27 წლის გიორგი ალიშანიძემ. „ბავშვობაში მამას ტყეში გავყევი, ტრაქტორი გადაბრუნდა და ფეხზე დამეცა. მას შემდეგ ასე ვარ“, – გვიყვება თავის ისტორიას გიორგი.

ამბობს, რომ ტრავმამ მისი ცხოვრება შეცვალა. „მშობლები მეუბნებოდნენ, თუ გინდა სახლში დარჩიო, მაგრამ მე სახლში ჯდომას სკოლაში სიარული ვარჩიე. ასე უფრო დავძლევდი ჩემს პრობლემას, გულს გადავაყოლებდი. დარდსა და ნერვიულობას აზრი არ აქვს, ამით არაფერი იცვლება და მეც შევეგუე“, – გვეუბნება გიორგი ალიშანიძე.

გიორგი სოფელ დაგვადან დადის ბათუმში ფეხბურთის სათამაშოდ. „სოფელში თამაშს ვერ ვახერხებ, რომ გავიგე ასეთი გუნდი არსებობდა ბათუმში, გადავწყვიტე მევლო. ახლა სპორტი ჩემი ცხოვრების წესია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, – გვეუბნება ის.

გიორგი ალიშანიძე
პარასპორტსმენი

ნუგზარ ჯიჯავაძე 64 წლისაა. ფეხი ოთხი წლის წინ, ავარიის შედეგად დაკარგა. ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ  ფეხბურთს ითამაშებდა, თანაც კიდურის გარეშე.

„ახალგაზრდობაში დავდიოდი სპორტზე, ვჭიდაობდი და ველოსპორტითაც ვიყავი დაკავებული, თუმცა შემდეგ  – ნაკლებად. ამ ყველაფერმა მომცა ძალა, ცხოვრება ისევ გამეხადა საინტერესო“, – გვეუბნება ის.

ნუგზარ ჯიჯავაძე ამბობს, რომ სპორტი არა მარტო ჯანმრთელობა, არამედ სტიმულია, რომ დაივიწყო პრობლემები. „არც ერთ შეხვედრას არ ვაცდენ, ყველა თამაშს ვესწრები და სახლშიც ვვარჯიშობ.

ჯანმრთელი როცა ხარ, სპორტს არაფერი სჯობს, თუმცა შეზღუდვის შემთხვევაშიც აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. ახალგაზრდა პარასპორტსმენებიც გვყავს, 12 წლის ბიჭიც გვყავს გუნდში, უჭირს და ვცდილობ, გავამხნევო“, – გვეუბნება ის.

ნუგზარ ჯიჯავაძე
პარასპორტსმენი

პარასპორტსმენები ამბობენ, რომ წარმატებები აქვთ და სხვადასხვა ქალაქში გასვლა შეჯიბრების დროს მათ სტიმულს აძლევს.

„გვაქვს გარკვეული ხელშეწყობა, თუმცა უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლება“, – გვეუბნებიან პარაოლიმპიელები.

აჭარის განათლების სამინისტროს სპორტის დეპარტამენტი პარაოლიმპიურ კომიტეტს 12 ათასი ლარით აფინანსებს. ასევე, ფეხბურთის ფედერაცია პერიოდულად უფინანსებს მივლინებებს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/359665501413997/

გადაბეჭდვის წესი