მთავარი,სიახლეები

პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება – დისკუსია

29.06.2019 • 2261
პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება – დისკუსია

24 ივნისს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: „პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება“. 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, დისკუსიის მიზანი იყო მსჯელობა იმაზე, თუ რა ძალა აქვს მოქალაქეების პროტესტს და რა უნდა გავითვალისწინოთ  მსგავსი ფორმით მოსაზრებების გამოხატვის დროს.

შეხვედრას უძღვებოდა მალხაზ ჭკადუა – „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ რეგიონალური ოფისების მენეჯერი. დისკუსიაში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

საუბრისას ძირითადი ყურადღება დაეთმო წარსულში მშვიდობიანი პროტესტის, მანიფესტაციის, აქციების მაგალითებზე, მათი მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტებსა და საფრთხეებს.

შეხვედრის დასაწყისში მალხაზ ჭკადუამ ისაუბრა 20 ივნისის მოვლენებზე და საპროტესტო აქციებზე, რომელიც დღემდე გრძელდება.

მალხაზ ჭკადუა

მალხაზ ჭკადუა: საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც შეკრებილია რუსთაველის გამზირზე [თბილისში], ფიქრობს, რომ გიორგი გახარიას [შს მინისტრი] პასუხისმგებლობაა ის, რაც მოხდა აქციაზე. სპეცრაზმი არ მუშაობს ავტონომიურად. თუ იმუშავა ავტონომიურად, მაშინ ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავზე დაგვექცა. ნებისმიერ შემთხვევაში გახარიას პასუხისმგებლობაა.

ამავე დროს, ნებისმიერი მცდელობა აქციაზე – შეჭრისა, კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფოს დამხობის არის უკანონო.

ჩვენ აბსოლუტურად დაცულები ვართ კანონით, როცა გვინდა შეკრება, ვერავინ  ვერ შეგვიშლის ხელს, რადგან ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება. კანონი უპირატეს მდგომარეობაში აყენებს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად ითვალისწინებს იმას, რომ იმ შენობაში მომუშავე ადამიანების უფლებები არ უნდა დაირღვეს და არც იმ ადმინისტრაციული ორგანოს, რომლის ახლოსაც მართავ აქციას. არსებობს 20-მეტრიანი რადიუსის ზღვარი, რომ ხელი არ შევუშალოთ ადამიანებს მუშაობაში.

დისკუსია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით

რამდენად სწორად მოქმედებდა პოლიცია 20 ივნისის მოვლენების დროს – რას ფიქრობენ დისკუსიის მონაწილეები 

ლიზი ანთაძე: ადამიანებს ძალიან ახლოდან ესროდნენ რეზინის ტყვიებს.

მარი თავბერიძე: სოციალურ ქსელში წავიკითხე კომენტარი, რომ ჯერ პოლიციას წყლის ჭავლი უნდა გამოეყენებინა და თუ ვერ დაშლიდა აქციას, შემდგომ უნდა მიემართა უფრო რადიკალური ზომებისთვის.

მარიამ ლავასოღლი: გაფრთხილებული არ იყო მოსახლეობა. ასევე ეს ტყვია ძირს უნდა ესროლათ და შემდგომ ასხლეტილიყო. ამ შემთხვევეში კი პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ.

მალხაზ ჭკადუა: აბსოლუტურად სწორად აღწერეთ ის, რაც დააშავა პოლიციამ. პარალელი გავავლოთ 2011 წლის 26 მაისთან, ძირითად განსხვავებაზე გავაკეთოთ აქცენტი. 20 ივნისს პოლიციას გასასვლელები არ ჩაუკეტავს, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მივიდა და უთხრა აქციის მონაწილეებს, რომ თქვენ ახლა არასანქცირებულ აქციას ატარებთ, ხვალ აქ უნდა გაიმართოს აღლუმი, გაძლევთ ალტერნატიულ ფართობს, დედაენის ბაღთან, ჩადით და ჩაატარეთ აქცია, ხელს არავინ შეგიშლით. გაფრთხილება იყო სამჯერ. რომ არ დაიშალა გამოიყენეს წყლის ჭავლი, მერე დაიწყო გაზის გაშვება, ცემა.

2019 წლის 20 ივნისს კი არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება, არ გამოუყენებიათ წყლის ჭავლი, მოვიდა ბრძანება და მყისიერად დაიწყეს გაზის გაშვება, გაზს მიაყოლეს ტყვიები. საერთაშორისო სტანდარტი იმას ამბობს, რომ ადამიანს ესვრი რეზინის ტყვიას მხოლოდ მაშინ, როცა მისგან მოდის საფრთხე. პოლიცია უნდა იყოს 30 მეტრის დაშორებით იმ ადამიანისგან და უნდა ესროლოს მიწას, რომ ანასხლეტი მოხვდეს მას. უკიდურეს შემთხვევაში, თუ არ რეაგირებს ამაზეც, მაშინ უნდა ესროლო ფეხში.

აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა ვიცოდეთ წესები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ კანონის ფარგლებში. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში წესების ცოდნა არ ნიშნავს რისკებისგან თავის აცილებას, რადგან ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვინც წესებს არ დაემორჩილება. საქართველოში, როგორც წესი შეკრებები არის მშვიდობიანი, უმეტესწილად. 20 ივნისის შემდეგ ბათუმში 5-6 აქცია ჩატარდა, არც ერთ მათგანზე არ მომხდარა შეხლა-შემოხლაც კი, რადგან ადამიანებს აერთიანებდა ერთი მიზანი, რომ გაეპროტესტებინა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.

პარლამენტი ისევე, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო გასცემს აკრედიტაციას ჟურნალისტებზე, სხვებს არ შეუძლიათ შენობაში შესვლა საშვის გარეშე. პარლამენტში იყო სხვა სიტუაცია. კანონმდებლობა ცალსახად გამოყოფს ჟურნალისტის უსაფრთხოებას. როგორც აქციის ორგანიზატორებმა, ისე სამართალდამცველებმა არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობაში. ჟურნალისტი არის პერსონა, რომელსაც იცავს კანონი, რადგან ჟურნალისტი აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას. თუ რაიმე ტიპის შეზღუდვა დაწესდა გაშუქებაზე, ეს არის დანაშაული და სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ ეს ფაქტი.

ჟურნალისტისთვისაც არსებობს ქცევის სტანდარტი – ნორმა, რომლითაც ის უფრთხილდება ერთის მხრივ საკუთარ უსაფრთხოებას და მეორე მხრივ მუშაობს იმიტომ, რომ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.

დისკუსია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით

მარიამ ლავასოღლი: მე მაქვს ინფორმაცია, რომ ჟურნალისტებს ტექნიკას ართმევდნენ და ნაგვის ურნაში ყრიდნენ.

მალხაზ ჭკადუა: 32 ჟურნალისტი დაზარალდა ამ აქციაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციფრი დაზარალებული ჟურნალისტებისა. სადღაც რომ წახვალთ, რომელიმე შეხვედრაზე, ყოველთვის იფიქრეთ უსაფრთხოებაზე. არის თუ არა იმ ტერიტორიაზე რამდენიმე გასასვლელი, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ. ასევე ორგანიზატორებს უნდა ჰკითხოთ, არის თუ არა სანქცირებული ეს აქცია. პოლიცია ან თვითმმართველობა არის თუ არა საქმის კურსში.

რაც შეეხება რუს ტურისტებს – არსებობენ ადამიანები, რომლებიც გრძელვადიანად ვერ ხედავენ მოვლენებს. პუტინმა აკრძალა ფრენა, იმის გამო, რომ ჩვენ ასე გავაგდეთ მათი დეპუტატი. ბოდიშს ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან და თან ითხოვენ, რომ ჩაგვრთეთ საგამოძიებო მოქმედებაშიო. ბოლო სამი წელია, საქართველოში შეინიშნება მომრავლება რუსი ტურისტების. დაახლოებით მილიონ-ნახევარ ადამიანზეა საუბარი.

წლევანდელი მონაცემებით საქართველოში, მაისის ჩათვლით, შემოსულია 540 000 რუსი ტურისტი. აზერბაიჯანიდან შემოსულია 500 000. მე მირჩევნია რუს ტურისტთან ერთად ჩამოვიდეს, ბევრი გერმანელი, ბევრი ამერიკელი, ბევრი ბრიტანელი და ა.შ. რუსებს საქართველოში მარტო ბუნება, ჭამა და ტრადიციები კი არ მოსწონთ. მათ აქ თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. აქ ადამიანებს არ დასდევენ, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელია.

დისკუსიის ვიდეო-ჩანაწერი:

https://www.facebook.com/media.org.ge/videos/2373759159617001/?v=2373759159617001


დისკუსიათა ციკლი „მედია და საზოგადოება“ იმართება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: