მთავარი,სიახლეები

ბათუმის სტადიონზე ლურჯ სკამებს დაამონტაჟებენ – მშენებლობა შესაძლოა ვადაზე ადრე დასრულდეს

29.06.2019 • 2046
ბათუმის სტადიონზე ლურჯ სკამებს დაამონტაჟებენ – მშენებლობა შესაძლოა ვადაზე ადრე დასრულდეს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სკამები ლურჯი ფერის იქნება. მშენებარე სტადიონზე, სკამები ყველაზე ბოლოს დამონტაჟდება, თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით სტადიონის მშენებლობა შესაძლოა დაგეგმილზე გაცილებით ადრე დასრულდეს. არსებული გეგმით, მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დამთავრდეს.

„სამუშაოები წინსწრებით მიმდინარეობს… კონკრეტულად რა დროში დასრულდება მთლიანად მშენებლობა, ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით. არსებული ტემპით ვადაზე ადრე დამთავრდება“ – გვითხრეს შპს „სტადიონში“.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სკამის ფერის შესარჩევად დისკუსია ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში ფეისბუქში დაიწყო. „მხოლოდ თეთრი და ლურჯი“ –„დინამო ბათუმის“ ფანები ითხოვდნენ, ბათუმის ახალ სტადიონზე მხოლოდ ამ ორი ფერის სკამები დამონტაჟებულიყო.

მოგვიანებით კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თავის ფეისბუქგვერდზე მშენებარე სტადიონის სავარძლების ფერის შესარჩევად გამოკითხვა გამოაქვეყნა. სამინისტრო მომხმარებელს ორ ფერს – ცისფერსა და ლურჯს სთავაზობდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფერები ქალაქის, ზღვისა და ბათუმის „დინამოს“ ლოგოს ფერების მიხედვით შეარჩიეს.

ამ გამოკითხვის მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა: ცისფერი – 35%, ლურჯი – 65%.

ფეისბუქგამოკითხვის შედეგები / წყარო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

შესაბამისად, სამინისტროში გვითხრეს, რომ გადაწყდა ლურჯი ფერის სკამების დამონტაჟება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველ ტენდერში [პირველი ეტაპის სამუშაოები] გამარჯვებულ კომპანია „ანაგთან“ ხელშეკრულება 99 448 408 ლარზეა გაფორმებული დღგ-ს გარეშე [117 349 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით].

ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც. „ანაგმა“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულება „სტადიონს“ 20 მილიონ 780 ათას ლარად შესთავაზა [სატენდერო თანხა 21 922 803 ლარი იყო]. ხელშეკრულება კი მასთან 24 520 400 ლარზე [დღგ-ს ჩათვლით] 2019 წლის 10 აპრილს გაფორმდა.

სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულებას ტექნიკურ ზედამხედველობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სიემსი“ უწევს, რომელთანაც ხელშეკრულება 2 388 580 ლარზეა გაფორმებული.

„სტადიონი“ მეორე ეტაპის სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველსაც ტენდერით შეარჩევს. სატენდერო თანხა 576 670 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 7 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დამთავრდება.

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონი / მაისი, 2019 / ფოტო: ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: