მთავარი,სიახლეები

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო ვალმა 48 მილიარდი ლარი შეადგინა

28.06.2019 • 1074
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო ვალმა 48 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 17.8 მლრდ აშშ დოლარი [48 მილიარდი ლარი] შეადგინა.

„2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 10.2 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 5.6 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 50.2 მლნ. აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო – 23.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.1 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

სების მონაცემებით:

სახელმწიფო საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი , რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 376.4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 810.3 მლნ აშშ დოლარი და 886.2 მლნ აშშ დოლარი.

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.2 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.4 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.4 მლრდ აშშ დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 89.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 10.4 მლრდ აშშ დოლარი (28.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 64.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.9 მლრდ აშშ დოლარია (10.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.2 პროცენტია.

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 7.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 8.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო, ვალი 0.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

„მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის” – 2003, შესაბამისად“ – აცხადებს სები.


2019 წლის 27 ივნისის მდგომარეობით ლარი დოლართან 3.2 თეთრით, ევროსთან კი 4 თეთრით გაუფასურდა – სავალუტო ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.87 ლარი, ხოლო ერთი ევროს ფასი 3.27 ლარია.

https://netgazeti.ge/news/376375/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: