მთავარი,სიახლეები

რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს – კალაძის სპეციალური ბრიფინგი

20.06.2019
რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს – კალაძის სპეციალური ბრიფინგი

საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შესვლის შემდეგ, მოქალაქეთა პროტესტის ფონზე ქართული ოცნების სახელით კახი კალაძე  საგანგებო განცხადებას აკეთებს:

„ქართული ოცნების“ სახელით მსურს გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი საქართველოს პარლამენტში. რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ამ ფორმით კონფერენცია არ გაგრძელდება. ჩვენ 17 საუკუნეა მართლმადიდებელი სამყაროს წარმომადგენლები ვართ და ყველა პლატფორმას ვიყენებთ ქვეყნის დეოკუპაციისთვის. დაუშვებელი იყო რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ვებრძვით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ყოველდღე, ვიბრძვით განათლებით, საქმით, ეკონომიკის განვითარებით. დღეს საზოგადოებაში და ჩვენს გუნდში კონსენსუსია მომხდართან დაკავშირებით, მტერს სიტუაციის სარგებლობის უფლება არ უნდა მივცეთ. მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელ გუნდს დარტყმა მიაყენა, ამიტომ ორგანიზატორებს მოუწევთ განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა.

არც ჩემთვის, არც თანაგუნდელებისთვის არ იყო მისაღები ის ფორმა, რაც დღეს ვნახეთ. არავინ ვაპირებთ ,,გაპრავებას“ – კობახიძე საზღვარგარეთაა, როცა დაბრუნდება, განმარტავს ყველაფერს: ვის უნდა გაეხსნა სხდომა, ვის უნდა წაეყვანა და ასე შემდეგ, ისევე, როგორც განმარტავს ქუცნაშვილიც. როგორც განვითარდა მოვლენები, ეს ასე დაგეგმილი არ იყო“, – აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, სადაც რუსმა დეპუტატმა დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი და სხდომას რუსულ ენაზე გაუძღვა.

რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.

გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: