მთავარი,სიახლეები

ხოშტარია: ვეუბნებოდი ქუცნაშვილს, რომ საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაცია ფეხს ვერ შემოდგამს

20.06.2019 • 1093
ხოშტარია: ვეუბნებოდი ქუცნაშვილს, რომ საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაცია ფეხს ვერ შემოდგამს

პარლამენტარი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან გააძევეს, მან პარლამენტშივე მიმართა მამუკა მდინარაძეს, რომ რუსული დელეგაცია წასულიყო დარბაზიდან ან მთლიანად ჩაეშალათ ღონისძიება.

„ქუცნაშვილი და მდინარაძე წავიდნენ ორგანიზატორებთან ამ თემაზე სალაპარაკოდ, კატეგორიულად ვამბობთ, გამორიცხულია ამ დარბაზში რუსული დელეგაცია შემოვიდეს. ეს ძალიან კარგად ესმის მამუკა მდინარაძეს, თუმცა არ ესმოდა ზაქარია ქუცნაშვილს. დილით მე მას ვუხსნიდი, რომ ამ თემაზე საერთოდ კამათი ქართველ პოლიტიკოსებს თუ პარლამენტარებს შორის უკვე ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ აქ არაფერი საკამათო არ უნდა იყოს. უნდათ ჩაშალონ ეს ღონისძიება, უნდათ გაიყვანონ რუსული დელეგაცია – ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოზიცია და არა უბრალოდ ოპოზიციის პოზიცია. ამ დარბაზიდან ფეხს არ გამოვდგამთ. საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაცია ფეხს ვერ შემოდგამს“, – აცხადებს ელენე ხოშტარია „რუსთავი 2“-თან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, სადაც რუსმა დეპუტატმა დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი და სხდომას რუსულ ენაზე გაუძღვა.

რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.

გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: