მთავარი,სიახლეები

იურისტი K2-ის გაზრდაზე: გექმნება განცდა, რომ ვიღაც სარგებლობს პრივილეგიით

19.06.2019 • 1510
იურისტი K2-ის გაზრდაზე: გექმნება განცდა, რომ ვიღაც სარგებლობს პრივილეგიით

ოფიციალური ინფორმაციით, იანვრიდან დღემდე ბათუმის მერიამ რამდენიმე ათეულ კომპანიას მისცა თანხმობა კონკრეტულ ზონაში სამშენებლო პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდაზე და თითქმის ამდენივეს უარი უთხრა. „იურიდიული მრჩევლის“ დირექტორი, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, რომელმაც დოკუმენტები შეისწავლა, ამბობს, რომ, როგორც თანხმობა, ასევე უარი, ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია და არ არსებობს არგუმენტირებული დასკვნა, თუ რატომ დაეთანხმა ერთ სამშენებლო კომპანიას მერია კოეფიციენტის გაზრდაზე, ხოლო მეორეს კი უარი უთხრა იგივე ქუჩაზე, იგივე ინფრასტრუქტურულ გარემოში. ამ თემაზე მან ჩვენს კითხვებსაც უპასუხა.

  • გიორგი, ვიცითრომ მასალა შეისწავლეთ. რა დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს არსებული მდგომარეობა?

პირველი შესწავლით რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნებს და ეს, პირველ რიგში, შეეხება დასაბუთებულობის სტანდარტს. როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საუბარია იმ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებაზე, რაზეც საზოგადოების მაღალი ინტერესია, ამომწურავად უნდა იყოს განმარტებული თუ რა ფაქტობრივი გარემოებების გამო ჩათვალა მერმა მიზანშეწონილად ამგვარი გადაწყვეტილება. ის ფაქტი, რომ ზონალურმა საბჭომ იმსჯელა, არ არის საკმარისი, რადგან ზონალური საბჭო იღებს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს, მერი კი იღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებებს. ზოგადად, ზონალური საბჭოც ვალდებულია დასაბუთებულად მსჯელობდეს, რადგან სამართლებრივი სტანდარტი ითხოვს მეტ არგუმენტაციას თითოეული საჯარო მოხელისგან, რა რანგისაც არ უნდა იყოს იგი.

  • რიგ შემთხვევაში ჩანს, რომ დამოკიდებულება – „რაღაცის შეცვლა გვინდა“ [რასაც ამბობს, მაგალითად, მერი] გადაწყვეტილებებში ასახული არ არის, რაზე მიანიშნებს ეს

სამშენებლო ბიზნესი არის წამყვანი დარგი ბათუმის რეალობაში, შესაბამისად, მერს აქვს ბიზნესზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მაგრამ არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ ეს ბიზნესი უნდა დავაპაუზოთ ან უნდა ჩავკლათ. საუბარია იმაზე, რომ სამშენებლო ბიზნესი ჰარმონიულად იყოს შერწყმული საზოგადოებრივ ცხოვრების პროცესთან, შენარჩუნებული და დაცული იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და საბოლოოდ, დადგენილი იყოს ერთიანი თამაშის წესები ყველასთვის. როდესაც ამაზე არის დაკვეთა და რეალურად სხვა სურათია, რა თქმა უნდა, საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ რეალურ პროცესებს აცდენილია ადგილობრივი ხელისუფლება, რაც, ლოგიკურად, ბევრ უპასუხო კითხვას აჩენს.

  • რამდენად არგუმენტირებულია უარი ან თანხმობა, როცა მერია გადაწყვეტილებას იღებს კოეფიციენტის გაზრდაზე?

ყველა გადაწყვეტილება, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი, არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან ჩვენ ვერ გავარკვევთ თუ რა ფაქტობრივ ან სამართლებრივ ბაზისურ მონაცემებს ეყრდნობა აღნიშნული გადაწყვეტილებები. ამ გადაწყვეტილებების გაცნობისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ინდივიდუალური გემოვნების საკითხია K2-ის გაზრდა ან უარი.

  • ხომ არ ჩანს, რომ ზოგჯერ გადაწყვეტილებებს იღებენ შერჩევით? – მაგალითად, როცა ერთ უბანში ზოგ კომპანიას აძლევენ თანხმობას, ხოლო თითქმის იდენტურ პროექტზე  სხვას უარს ეუბნებიან

ჩემი პროფესიული საქმიანობიდან არაერთი მაგალითი შემიძლია დაგისახელოთ, როდესაც კომპანის უარი უთხრეს K2 კოეფიციენტის გაზრდაზე, მაგრამ სხვა კომპანიას ათეულ მეტრში გაცილებით მეტ სართულზე გაუზარდეს კოეფიციენტი. თუნდაც არ იყო ამ პროცესის მონაწილე და ნეიტრალური დამკვირვებლის პოზიციიდან აკვირდებოდე, გექნება განცდა, რომ ვიღაც სარგებლობს პრივილეგიით. სწორედ, ამგვარი პრივილეგია ქმნის დისკრიმინაციულ საფუძვლებს, რაც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის ცალსახად მიუღებელია.

  •  თუ მერიას აქვს რეალური სურვილი, რომ მშენებლობები ქალაქში არ იყოს ქაოსური, შეძლებს თუ არა ამის დარეგულირებას არსებული კანონმდებლობითხშირად მერია ამბობსრომ საკმარისი არ არის რეგულაციები და რაც ხდება, ყველაფერი კანონის ფარგლებშია. 

ამ საკითხის გადაწყვეტა მარტივად შეგვიძლია. ქალაქს უნდა ჰქონდეს საყრდენი დოკუმენტი – გენერალური გეგმა და შემდგომ, პოლიტიკური ნება, რომ პატივი ვცეთ ჩვენ სამართლებრივი ნორმებს.

  •  თუნდაც ამ რამდენიმე ბრძანებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშენებლობის ნებართვის მიღების საკითხი ერთიან ხედვას, ერთი და იგივე წესებს ექვემდებარება?

თუნდაც ერთ მხარეს იყოს ათასი დადებითი გადაწყვეტილება, მაგრამ ათასმეერთე, იმავე გარემოების ფარგლებში, უარყოფითი გვქონდეს, უკვე ბალანსი ირღვევა და ვვარდებით საერთო მწყობრი სივრციდან. სამართალში ბალანსის დარღვევა არის ყველაზე საშიში პრეცედენტის შექმნის წყარო. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარი პრეცედენტები მერის და ზონალური საბჭოს მხრიდან არაერთია, ამიტომ დასკვნები თავად საზოგადოებამ გააკეთოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: