მთავარი,სიახლეები

ვინ უნდა დაიცვას ბავშვების უსაფრთხოება ექსკურსიებზე – სამინისტროს რეკომენდაცია

28.05.2019 • 2389
ვინ უნდა დაიცვას ბავშვების უსაფრთხოება ექსკურსიებზე – სამინისტროს რეკომენდაცია

ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ ინციდენტს განათლების სამინისტროში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ საკითხის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შემდეგ კი დადგინდება, ვისი პასუხისმგებლობაა 16 წლის გოგოს გარდაცვალება.

ეკატერინე ხუციშვილი, ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ექსკურსიებთან დაკავშირებით სამინისტრო ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოს სკოლებს სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს უგზავნის, რომელიც ექსკურსიების გამართვის დროს უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებებს აწესებს.

რეკომენდაციის მიხედვით, სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, რომ მათ ჰქონდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია ექსკურსიაში მონაწილე ბავშვებსა და ლოკაციაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება სრულიად გამართული უნდა იყოს. ამასთანავე, სამინისტრო ამბობს, რომ ბავშვებს ექსკურსიაზე ერთი ექთანი მაინც უნდა ახლდეს თან.

სამინისტროს რეკომენდაციათა ნუსხა ითვალისწინებს შემდეგს:

  • ტრასპორტირება – განხორციელდეს იმ ოფიციალური გადამზიდავების (მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირის) მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ ტექდათვალიერება; სასურველია, სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყოს (ჰქონდეს მგზავრების დაზღვევა); სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰყავდეს კვალიფიციური (შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე) მძღოლი;
  • გადამზიდავი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მგზავრობის უსაფრხოებაზე და ტრანსპორტის გამართულობაზე და ტექნიკური გამართვიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარუდგენს სკოლის ადმინისტრაციას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის უზრუნველყოფილ იქნეს ტრანსპორტირება მათი საჭიროების გათვალისწინებით;
  • რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვანთა გადაადგილების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ღონისძიების პერიოდის და ადგილმდებარეობის შეტყობინება მუნიციპალიტეტისათვის, პოლიციისათვის, სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და სასწრაფო დახმარების სამსახურისათვის;
  • არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა – იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ არასრულწლოვნებზე მზრუნველობის პასუხისმგებლობას, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს „პირველადი (ექიმამდელი) სამედიცინო დახმარების კურსი“;
  • ღონისძიების ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მშობლის/მშობლების (მეურვეების, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების) თანხმობა ან/და ხელშეკრულება (სასურველია ნოტარიულად დამოწმებული ფორმით), სადაც განისაზღვრება მხარეთა უფლებამოსილება;
  • ღონისძიების ხელმძღვანელის/ორგანიზატორის მიერ დაქირავებულ პერსონალთან (ლიდერ/ინსტრუქტორებთან), გადამზიდავთან, არასრულწოლვანთა განთავსებისა და კვების ობიექტთან ურთიერთობები და მხარეთა პასუხისმგებლობა დარეგულირებული უნდა იყოს ხელშეკრულებით.
  • ამ რეკომენდაციებს ექვემდებარება არა მხოლოდ სკოლის მიერ ორგანიზებული სასწავლო ექსკურსიები, არამედ მშობელთა მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა ნებისმიერი ჯგუფური ტრანსპორტირება;

ეკატერინე ხუციშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი სკოლებში რეკომენდაციის სახითაა დაგზავნილი, თუმცა მათი შესრულება აუცილებელია. მისივე თქმით, რეკომენდაციათა ნაწილს, კერძოდ კი, ტრანსპორტირების საკითხს, პირველი ივნისიდან სატრანსპორტო მოძრაობის კანონიც დაარეგულირებს.

დანარჩენი რეგულაციების გამკაცრებაზე კი, მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს და დროთა განმავლობაში სხვა საკანონმდებლო ცვლილებებსაც დანერგავს. ამასთანავე, ეკატერინე ხუციშვილი განმარტავს, რომ ექსკურსიების შესახებ წესები “ბავშვთა უფლებების კოდექსშიც” შევა, რომელიც 2020 წლისთვის უნდა მიიღონ.

“რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგს სამინისტრო, სამწუხაროდ, ვერ განახორიცელებს, იმდენად ბევრია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და თითოეული სკოლიდან წასული მოსწავლეების რაოდენობა, რომ ცენტრალიზებულად მონიტორინგის განხორციელება შეუძლებელია.

თუმცა, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ ეკისრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას”,- ამბობს ეკატერინე ხუციშვილი.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, საია-ს იურისტის, ქეთი შუბაშვილის თქმით, სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არავითარი იურიდიული ძალა  არ აქვს. იურისტი გვიყვება, რომ დღესდღეობით ქართულ საკანონმდებლო სივრცეს ამ კუთხით რეგულაციების გამკაცრება სჭირდება, ვინაიდან ბავშვების უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა ხშირად საფრთხის ქვეშ დგება.

“საჭიროება რომ არის რეგულაციების გამკაცრების, ამას სახელმწიფოც ნაწილობრივ აღიარებს, იმიტომ, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმები გაიწერა. თუმცა ეს კოდექსი ჯერ მიღებული არ არის და მან მხოლოდ პირველი მოსმენა გაიარა”, – ამბობს ქეთი შუბაშვილი.

კანონპროექტში, რომლის შესახებაც იურისტი საუბრობს, ექსკურსიებთან დაკავშირებული წესები მართლაც გაწერილია. ამ ნორმებს დოკუმენტის 66-ე „საჯარო ღონისძიებებში ბავშვის უსაფრთხოების“ მუხლი არეგულირებს.

იმ საკითხებს შორის, რომლებსაც ეს კონკრეტული მუხლი ეხება, ღონისძიების დრო, ხანგრძლივობა, ადგილმდებარეობა და მონაწილე ბავშვთა ინფორმაციის აღრიცხვა შედის, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორმა პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს უნდა მიაწოდოს.

გარდა ამისა, კანონპროექტში წერია, რომ უნდა იყოს დაცული ადგილისა და საკვების ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორებმა უნდა უზრუნველყონ გამართული ტრანსპორტი და საევაკუაციო გეგმა.

ასევე, დოკუმენტში ვკითხულობთ:

„თუკი ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირების დროს დროებითი განთავსების ადგილებში და ორგანიზებულ ჯგუფებში ღონისძიების ორგანიზატორის მიერ არ არის უზრუნველყოფილი ექიმის ან ექთნის 24-საათიანი მომსახურება, იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ ბავშვების უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის პასუხისმგებლობას, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი”.

ქეთი შუბაშვილის თქმით, კანონპროექტში გაწერილი წესები წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა მათი აღსრულება და მონიტორინგი, შესაძლოა, ცალკე გამოწვევად იქცეს.

 

სტატიის სრული ვერსია:

https://netgazeti.ge/news/367326/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: