მთავარი,სიახლეები

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებს: იქ რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს ვინმეს!

29.03.2019 • 1014
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებს: იქ რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს ვინმეს!

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე შპს „დრიმლენდ ოაზისისთვის“ პლაჟის ტერიტორიის გადაცემას მისი მოვლა-განვითარების აუცილებლობით ხსნის. დავით მჭედლიშვილის თქმით, მან არ იცის, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მას შემდეგ, „იქ რომ ვინმეს თმის ღერი ჩამოუვარდეს“. საკრებულოს ოპოზიციამ მას შეახსენა, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებულია, თვითონ მოუაროს და განავითაროს ტერიტორია:

„ვინ დაგიშალათ პლაჟის მოვლა?“

სხდომას ესწრება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონი. მან სხდომაზევე შეაფასა დავით მჭედლიშვილის განმარტება და თქვა, რომ მისი გამოსვლით – რომ თუ „დრიმლენდ ოაზისს“ პლაჟს განვითარების მიზნით არ მისცემენ, შესაძლოა იქ ვინმეს, მათ შორის ახალგაზრდებს „რაიმე მოუვიდეთ“, ამით მოსახლეობას აშანტაჟებს.

საკრებულოს სხდომაზე მყოფი მოქალაქეები საკითხის გადადებას არ ეთანხმებიან და ითხოვენ, რომ საკრებულომ ქობულეთის მერიას ჩაქვის პლაჟის ტერიტორიის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ გადაცემაზე უარი უთხრას.

საკრებულოს წევრები დაინტერესდნენ, თუ კომპანია პლაჟის ტერიტორიას არ ჩაკეტავს, მაშინ რატომ ითხოვს ამ ტერიტორიის იჯარით გადაცემას: „ისედაც მისი პროექტის მიმდებარეა და მოაწესრიგოს, მოწესრიგების წინააღმდეგი ხალხი არ არის.“

დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობს ქობულეთის საკრებულოს სხდომა, რომელსაც მოქალაქეებიც ესწრებიან. სხდომაზე მყოფი პირები  ჩაქვის პლაჟის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ იჯარის წესით გადაცემას აპროტესტებენ და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვენ. საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება ვერ შეძლო. საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციაც.

მთავარი ფოტო: ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე  დავით მჭედლიშვილი

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეები საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდნენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: