მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში ათავისუფლებს აჭარის მთავრობა პირგასამტეხლოსგან ინვესტორს – ახალი წესი

04.04.2019 •
რა შემთხვევაში ათავისუფლებს აჭარის მთავრობა პირგასამტეხლოსგან ინვესტორს – ახალი წესი

აჭარაში ინვესტორს, რომელიც ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს, შეუძლია მიმართოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, წარუდგინოს საბანკო გარანტია და მოითხოვოს პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება. ასევე ვალდებულების შესრულების გადავადება. ინვესტორის განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი აჭარის საინვესტიციო საბჭო და მთავრობა მიიღებს.

გაათავისუფლოს ან არა გაათავისუფლოს ინვესტორი ჯარიმის გადახდისგან გარკვეული პირობით და შეიტანოს ცვლილებები ვალდებულებებში, ეს აჭარის მთავრობის ექსკლუზიური უფლებაა. თუმცა მთავრობამ ის რეგულაციებში მოაქცია და შესაბამისი წესიც შეიმუშავა. ამ წესით, აუცილებელია ინვესტორმა საბანკო გარანტია სამინისტროში ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე, ან ამ ვადის გასვლიდან ორი თვის განმავლობაში წარადგინოს.

მიუხედავად საბანკო გარანტიისა, მთავრობა იტოვებს უფლებას დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს ინვესტორის თხოვნა.

„ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესი“, აჭარის მთავრობამ 2019 წლის 29 მარტის სხდომაზე დაამტკიცა. ეს წესი 2020 წლის პირველ იანვრამდე იმოქმედებს. ასეთი წესი გასული წლის სექტემბრიდან დეკემბრის თვის ჩათვლითაც მოქმედებდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ინვესტორს, რომელსაც ნაკისრი ვალდებულებები ახალი წესის დამტკიცებამდე არ ჰქონდა შესრულებული და 2018 წლის 31 დეკემბრამდე არც საბანკო გარანტია ჰქონდა წარდგენილი, უფლება აქვს ეს გარანტია 2019 წლის პირველ ივნისამდე წარადგინოს სამინისტროში [იმ განცხადებასთან ერთად, რომლითაც ინვესტორი ვალდებულების შესრულების ვადის გახანგრძლივებას და პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას ითხოვს].

ახალი წესის მიხედვით:

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ხელშეკრულებაში ცვლილების, ინვესტორისთვის დამატებითი ვადის მიცემისა თუ პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ წარმოებას ინვესტორის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე იწყებს;

განცხადებას თან უნდა ახლდეს საბანკო გარანტია დაკისრებული პირგასამტეხლოს 2%-ის, ხოლო თუ ინვესტორი მხოლოდ გადავადებას ან ვალდებულებების ცვლილებას ითხოვს, მაშინ ქონების საპრივატიზებო საფასურის – 5%-ის ოდენობით [მაგრამ, ორთავე შემთხვევაში არანაკლებ 10 ათასი და არაუმეტეს 200 ათასი ლარისა];

საბანკო გარანტიის სამინისტროში წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ ინვესტორზე, რომელსაც მხოლოდ პირგასამტეხლო აქვს გადასახდელი, ხოლო ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული აქვს. ანუ, ასეთ შემთხვევაში მთავრობას შეუძლია ინვესტორი უბრალოდ გაათავისუფლოს პირგასამტეხლოს გადახდისგან;

ის ინვესტორი კი, რომელსაც პირგასამტეხლო დაეკისრა საპრვატიზებო თანხის გადაუხდელობისთვის, არ გათავისუფლდება და ვალდებულია პირგასამტეხლო გადაიხადოს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში. თუმცა, ასეთ შემთხვევაში ინვესტორს შესაძლოა საპრივატიზებო თანხის გადახდისთვის დამატებითი ვადა მისცენ;

თუ ინვესტორი გათავისუფლდა პირგასამტეხლოს გადახდისგან საბანკო გარანტიის საფუძველზე და მიეცა დამატებითი დრო ვალდებულების შესასრულებლად, აღარ იხდის პირგასამტეხლოს, თუ დამატებით დროში შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. თუმცა, საბანკო გარანტიას სამინისტრო მაინც გამოითხოვს და ეს თანხა აჭარის ბიუჯეტში ჩაირიცხება.

„თუ ინვესტორი დამატებით დროშიც ვერ შეასრულებს ვალდებულებებს და კვლავ გვთხოვს გადავადებას, გამოვითხოვთ საბანკო გარანტიას და ამასთან მოვთხოვთ გაორმაგებულ საბანკო გარანტიას. თუ არ დათანხმდება საინვესტიციო საბჭო ხელახლა გადავადებას, ინვესტორი გარანტიას დაკარგავს და დაიწყება საქმის წარმოება ხელშეკრულების გაუქმებაზე.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს, რომლისგანაც ის ერთხელ გათავისუფლდა, საქმე გაიგზავნება სასამართლოში და სასამართლოს ძალით დაეკისრება მისი გადახდა. ამ შემთხვევაში, დაკისრებულ პირგასამტეხლოს გამოაკლდება საბანკო გარანტიით გამოთხოვილი თანხა და რაც დარჩება ის უნდა გადაიხადოს ინვესტორმა“, – განმარტავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

2019 წლის 29 მარტის სხდომაზე, ვიდრე ახალ წესს მიიღებდა, აჭარის მთავრობამ „ორბი ჯგუფი მილენიუმი“ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დაკისრებული 2 152 950 ლარის ჯარიმის გადახდისგან პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლა და ვადებიც გადაუვადა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ორბმა საბანკო გარანტია წარმოადგინა 2018 წლის 31 დეკემბრამდე, ამიტომ იმ წესით გადაუვადდა ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა, რომელიც გასულ წელს მოქმედებდა და გათავისუფლდა ჯარიმის გადასახდელისგან ამ ვალდებულებების შესრულების პირობებით. შემოსული წერილები ეტაპობრივად განიხილებოდა და ამიტომ მოხდა ამ საკითხის განხილვა 29 მარტის სხდომაზე“.

ხელშეკრულებაში ცვლილებებს, გადავადებას, თუ პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას სამინისტროსგან დღეის მდგომარეობით ათზე მეტი კომპანია ითხოვს. ერთ-ერთი მათგანია „კორაქსესი“, რომელსაც ბათუმში, გამსახურდიას 12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობაზე მანსარდის მოწყობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2019 წლის 20 მარტის მდგომარეობით, ადმინისტრაციული წარმოება ხელშეკრულების გაუქმებაზე დაწყებული იყო 18 იურიდიულ და ფიზიკურ პირთან მიმართებაში [მათ შორის „მეტრო ატლას ჯორჯიასთან“].

ახალი წესის მიღებამდე სამინისტროში ბათუმელებს განუცხადეს, რომ „ეს წესი, რომელიც აჭარის მთავრობამ უნდა მიიღოს, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ხელშესაწყობად იქნება მიღებული. აქ გაწერილია, რომ ვისაც შეუსრულებელი ვალდებულებები აქვს სამინისტროს წინაშე, ყველას მიეცემა შანსი ერთი თვის ვადაში საბანკო გარანტიის წარმოსადგენად. ამ გარანტიის საფუძველზე კი მათ, ვალდებულებების შესასრულებლად, დამატებით ვადებს მივცემთ“.

2017 და 2018 წლებში კი 39 იურიდიული და კერძო პირი, რომლებმაც სახელმწიფო ქონების შეძენის თუ სარგებლობის სანაცვლოდ, ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, აჭარის მთავრობამ ჯამში 20 167 860 ლარისა და 2 108 003 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდისგან გაათავისუფლა.

ამ თემაზე: 

აჭარაში ინვესტორებს ორ წელში 20 მილიონი ლარის და 2 მილიონი დოლარის ჯარიმა აპატიეს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: