„ორბი ჯგუფი მილენიუმი“ აჭარის მთავრობამ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლა. კომპანიას 2 152 950 ლარის ჯარიმა ვადების დარღვევის გამო დააკისრეს, თუმცა ამჯერად ეს ვადებიც გადაუვადეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიამ ახალ ბულვართან აუქციონზე ნაყიდ ნაკვეთზე გეგმარება შეცვალა. აქედან გამომდინარე „ორბი“ ბათუმის მერიისგან კ2-ის გაზრდას 3-ის ნაცვლად 13,47-მდე და ახალი პროექტის შეთანხმებას ითხოვს. მთავრობა და მერია კომპანიის წინადადებაზე თანახმაა, თუმცა პროექტის შეთანხმება ბათუმის აეროპორტის გამო ვერ ხერხდება.
„ორბი ჯგუფი მილენიუმის“ ახალი პროექტი შეთანხმებული არ არის და არც კ2 გაზრდილა“, – გვითხრეს ბათუმის მერიაში, თუმცა დეტალური ინფორმაცია მერიისგან ვერ მივიღეთ.
„ბათუმელებმა“ მოიპოვა „ორბი ჯგუფი მილენიუმის“ დირექტორის, ირაკლი კვერღელიძის წერილი, რომლითაც ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რამაზ ბოლქვაძეს მიმართავს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თხოვნით. სამინისტროს ინფორმაციით, ეს მოთხოვნები დღეს, 2019 წლის 29 მარტს, დააკმაყოფილა აჭარის მთავრობამ.
„კომპანიამ წარმოადგინა 200 ათასი ლარის საბანკო გარანტია და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადები გადაუვადდა. ასევე, ჯარიმის გადახდისგანაც გათავისუფლდა, ოღონდ ვალდებულების შესრულების პირობით“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
„ორბი ჯგუფი მილენიუმმა“ ახალ ბულვართან 32 249 კვ/მ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირობებიან აუქციონზე, 2016 წლის ზაფხულში, 9 მილიონ 300 ათას ლარად იყიდა. კომპანიის განცხადებით, ეს თანხა სრულად აქვთ გადახდილი. ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი კი 5 მილიონი ლარი იყო.
კომპანიის დირექტორის წერილში აღნიშნულია, რომ მშენებლობა დაიწყეს, მოგვიანებით კი გეგმარება შეცვალეს. თუმცა, ახალი პროექტის შეთანხმება, კ2-ის გაზრდა და ასაშენებელი შენობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრა ვერ ხერხდება. წერილში აღნიშნულია, რომ ვადების დარღვევა სწორედ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან გადაწვეტილებების ვერმიღებამ გამოიწვია.
ირაკლი კვერღელიძის წერილის მიხედვით, „ორბის“ დაკვეთით, უკრაინის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო პროექტ-ტექნოლოგიური და სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა მოამზადა ტექნოლოგიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც ამ ადგილზე შენობის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 143 მეტრს; კოეფიციენტი ამ ზონაში არის 3-მდე და უნდა გაიზარდოს 13,47-მდე; მერია კი კ2-ს ვერ ზრდის, ვიდრე არ დადგინდება ამ ზოლში ასაშენებელი შენობის მაქსიმალური სიმაღლე.
„ორბი“ „საქაერონავიგაციას“ დაუკავშირდა, რომელმაც აცნობა, რომ ასაშენებელი შენობა არ უნდა აღემატებოდეს 138 მეტრს, თუმცა იმავე წერილით „ორბს“ ისიც ეცნობა, რომ „ასაშენებელი შენობის განლაგება ხვდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის დაბრკოლებებისგან შემზღუდველ შიდა ჰორიზონტალური ზედაპირის გავრცელების ფარგლებში და მასზე დასაშვები ობიექტის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 50 მეტრს. ამასთან, მშენებლობა უნდა შეთანხმდეს შპს „ბათუმის აეროპორტთან“.
„ორბი“, როგორც ირაკლი კვერღელიძის წერილიდან ჩანს, ვერ ახერხებდა „ბათუმის აეროპორტთან“ მშენებლობის შეთანხმებას. „არაოფიციალურად „ბათუმის აეროპორტის“ პოზიციაა, თავად ჩაატაროს კვლევები აეროდრომის რაიონში მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც შეუთანხმებს „საქაერონავიგაციას“ და „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას დასაშვებ მაქსიმალურ სიმაღლესთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია წერილში.
„ბათუმელები“ შეეცადა ირაკლი კვერღელიძისგან მიეღო ინფორმაცია, დადგინდა თუ არა მათ კუთვნილ ნაკვეთზე ასაშენებელი შენობისთვის დასაშვები მაქსიმალური სიმაღლის ზღვარი. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
2016 წელს ჩატარებული აუქციონის პირობების მიხედვით, „ორბი ჯგუფი მილენიუმს“ არანაკლებ 350-ნომრიანი სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, მათ შორის არანაკლებ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღია ტიპის აუზი [შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით], დახურული ტიპის აუზი, სარეკრიაციო ზონა, ღია სათამაშო მოედნები, ავტოსადგომი და სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები, [ასევე, დასაშვებია აპარტამენტები] საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულების გაფორმებიდან ანუ 2016 წლის ივნისიდან, 48 თვეში – 2020 წლის ივნისამდე უნდა აემოქმედებინა.
ვინაიდან კომპანია ამ პერიოდისთვის ვეს ასრულებდა ვალდებულებას, მას დასრულების დრო აჭარის მთავრობამ 2021 წლის მაისამდე გადაუვადა.
აღნიშნულ პროექტში „ორბმა“ არანაკლებ 40 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, სასტუმრო კომპლექსსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას [გარდა აპარტამენტებისა] პროფილი ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნოს. ამ პერიოდით ევალება, ასევე, არანაკლებ 300 მოქალაქის დასაქმება, სადაც, დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
ამავე თემაზე:
უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში