მთავარი,სიახლეები

„მაქსიმი“: თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანია მზადაა განიხილოს ტარიფების გადახედვა

21.04.2026
„მაქსიმი“: თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანია მზადაა განიხილოს ტარიფების გადახედვა

„ჩვენ გავაგრძელებთ ბაზრის ცვლილებებზე ოპერატიულ რეაგირებას. თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანია მზადაა განიხილოს ჩვენი ტარიფების გადახედვა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „მაქსიმში“ ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.

დღეს, 21 აპრილს, ბათუმში, ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის კომპანიებისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს.

„გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი და შემცირდეს საკომისიო,“ – ასეთია ტაქსის მძღოლების მოთხოვნა ტაქსის ოპერატორი კომპანიების მიმართ. აქციაზე უკვე მეორე დღეა იკრიბებიან, როგორც „ბოლტის“, ისე „მაქსიმისა“ და „იანდექსის“ აპლიკაციით დასაქმებული მძღოლები. მათი მოთხოვნა საერთოა.

„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის მიმართა კომპანიებს: „მაქსიმსა“ და „ბოლტს“. ამ ეტაპზე წერილობითი პასუხი „მაქსიმისგან“ მივიღეთ:

„პროტესტის მონაწილეთა უმრავლესობა სხვა სერვისების პარტნიორები იყვნენ. მაქსიმის პარტნიორ მძღოლებს არ გამოუთქვამთ უკმაყოფილება და არ დაკავშირებიან ოფისს ასეთი საკითხებით, რადგან თანამშრომლობის ამჟამინდელი პირობები მათთვის გამჭვირვალე და სტაბილურია.

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით საწვავის ფასებს. მაქსიმი ინარჩუნებს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დაბალ საკომისიოს – 10%-ს – რაც მძღოლებს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ შემოსავლის რაც შეიძლება დიდი ნაწილი საწვავის ფასების ცვალებადობის მიუხედავად.

მაქსიმის აპლიკაციის თანამედროვე ტექნოლოგია პირდაპირ გავლენას ახდენს მომგებიანობაზე: ავტომატური დანიშვნის ფუნქცია ირჩევს შეკვეთებს ახლომდებარე რადიუსში, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს თავისუფალ გარბენს. ნავიგაციის სისტემასთან ერთად, რომელიც ადგენს უმოკლეს და ოპტიმალურ მარშრუტებს, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის მოხმარებას და შეკვეთის შესრულების დროს.

მგზავრობის ღირებულება განისაზღვრება მრავალი ფაქტორით: არა მხოლოდ საწვავის ფასით, არამედ მსყიდველობითი უნარით, კონკურენციით, მოთხოვნით და ამინდის პირობებით. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ დელიკატური ბალანსი: ფასები უნდა დარჩეს ხელმისაწვდომი მგზავრებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მძღოლებისთვის შეკვეთების სტაბილური ნაკადი და ამავდროულად ეკონომიკურად მომგებიანი იყოს ჩვენი პარტნიორებისთვის,“ – აღნიშნულია „მაქსიმის“ წერილობით პასუხში.

ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია ბათუმში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: