მთავარი,სიახლეები

სერგეენკო ღორის გრიპზე: „ავადობა გაზრდილია, მაგრამ ეპიდემიის ზღვარი არ არის“

03.01.2019 • 2318
სერგეენკო ღორის გრიპზე: „ავადობა გაზრდილია, მაგრამ ეპიდემიის ზღვარი არ არის“

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, „ღორის გრიპით“ დაავადებულთა რიცხვი გაზრდილია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის: „ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა“. მინისტრის განმარტებით, დაავადების რაოდენობას კვირაში ერთხელ 100 000 მოსახლეზე ითვლიან. ბოლო მონაცემებით, დაფიქსირებულია ვირუსის გამოვლენის 277 შემთხვევა. ეპიდემიის ზღვრად კი 450-500 შემთხვევა ითვლება:

„თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ 300 იქნება თუ 500, დაავადების მიმდინარეობას ეს არ ცვლის. მაინც სჭირდება ყურადღება და ეს ჩვენებები და რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ ბრიფინგზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის, ნინო გუგუშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსის შესამოწმებლად აჭარიდან გაგზავნილია 33 ნიმუში, კვლევა დასრულებულია 14-ზე, დადებითი პასუხი მოვიდა 10-ზე, სამ შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო, ერთ შემთხვევაში კი დაფიქსირდა ადენო ვირუსი.

„ჩვენ გვაქვს ლაბორატორიული შემთხვევები, თუმცა არის კლინიკური შემთხვევებიც. ჩვენ მხოლოდ მძიმე შემთხვევებს და ორსულებს ვაკონტროლებთ. ეს ხდება ვირუსოლოგიური მონიტორინგის მიზნით“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო გუგუშვილმა.

აჭარის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში ღორის გრიპით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ახალი წლის დღეებში.

ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის განმარტებით, როგორც კი პაციენტი შედის  სტაციონარში და ეჭვი ჩნდება გრიპზე, პარალელურად მას აქვს ქრონიკული დაავადება ან ორსულია,  მონაცემებს ლაბორატორიაში შესამოწმებლად აგზავნიან.

„მოვიდა უარყოფითი პასუხებიც. ყველა შემთხვევა ნამდვილად არ არის H1N1“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი.

მისივე  ინფორმაციით, არიან ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც H1N1-ის რთული ფორმა აქვთ, ამჟამად იმყოფებიან სტაციონარში და გადიან მკურნალობას. რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ მათი მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: