გულის იშემიური დაავადებები, არითმიები – აპარატი ინტერმედიკაში „მდუმარე გულის“ მოსასმენად


ავტორი: შორენა ჟოჟაძე, მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი, კლინიკა „ინტერმედიკას“ ექოკარდიოსკოპიური კაბინეტის ექიმი

გული ჭირვეული ორგანოა. მას შეუძლია იხმაუროს, შეშლილივით იმუშაოს, მაგრამ იყოს ჯანმრთელი. და შეუძლია დუმდეს, მაგრამ… იყოს ავად.

საბედნიეროდ, კარდიოლოგების არსენალში არის ძალიან ბევრი საშუალება „მდუმარე გულის“ ხმის მოსასმენად. ერთ-ერთი მათგანია – ე.კ.გ. ხოლტერული მონიტორირება (ამერიკელი ინჟინერის ჰოფმან ხოლტერის პატივსაცემად, რომელმაც გასული საუკუნის შუა წლებში გამოიგონა ეს მოწყობილობა). აპარატი ემაგრება პაციენტს და კარდიოგრამა იწერება ერთი დღე-ღამით ან მეტი ხნით. მიღებული ჩანაწერის საშუალებით კი ექიმები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ რეაგირებს გულის რიტმი სხვადასხვა ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვაზე. არის თუ არა არითმიის ეპიზოდები; რა სახის და რამდენად საშიში არითმიაა. მიღებული შედეგების გათვალისწინებით აფასებენ რისკებს და შესაბამისი პრეპარატის მიღებით პაციენტს აზღვევენ.

გულის იშემიური დაავადების დროს სრულად იხსნება/იშლება ხოლტერული მონიტორირების ყველა შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს იშემიის დღეღამური პროფილი, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში ვითარდება და როდის არის უფრო გამოხატული. ასევე გვეხმარება გამოვავლინოთ იშემიის უმტკივნეულო ფორმები. უკვე დანიშნული მკურნალობის შემთხვევაში კი, მეთოდი საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ მისი ეფექტურობა.

გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულებაა არითმიების განვითარება, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ უეცარი კარდიული სიკვდილი, განსაკუთრებით თუკი პაციენტს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი. ყველა ამ ცვლილებას ასევე ასახავს ხოლტერი.

ხოლეტული მონიტორირების თანამედროვე სისტემები არაა მხოლოდ „გრძელი ე.კ.გ.“. მათ გააჩნიათ დამატებითი ოპციები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ორგანიზმის ვეგეტაციური რეგულაციის ხარისხი დღე-ღამის განმავლობაში, რითმის ცვალებადობის მიხედვით. ეს, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ტიპის პაციენტებში.

ტრადიციული ელექტროკარდიოგრაფია (ე.კ.გ.) საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ გულის რითმი და მისი მუშაობის ცვლილებები დროის ხანმოკლე მონაკვეთში. ის აფიქსირებს მხოლოდ მდგრად, მუდმივ ცვლილებებს, რომლებიც გვაქვს ჩვენი მდგომარეობის, დღე-ღამის მონაკვეთის და სხვა ფაქტორების მიუხედავად. ასე, მაგალითად, თუკი თქვენ გუშინ იგრძენით ჩავარდნა ან ტკივილი გულის არეში, დღეს შეიძლება კარდიოგრამაზე არაფერი დაფიქსირდეს და, შესაბამისად, ექიმმა ის ვერ დაინახოს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადება არ გვაქვს.

ხოლტერული მონიტორირება კი აწარმოებს ე.კ.გ. ხანგრძლივ რეგისტრაციას გამოსაკვლევი პირის თავისუფალი, აქტიური ცხოვრების პირობებში პორტატულ რეგისტრატორებზე. ცვლილებები, რომლებიც ვითარდება არარეგულარულად ან სიმპტომები, რომელთა მიზეზიც შეიძლება იყოს რითმის დარღვევა (გულისცემა, უეცარი სისუსტე, გულყრა, ტკივილი გულის არეში) უფრო ინფორმატიულად რეგისტრირდება ხოლტერული მონიტორირების შემთხვევაში.

ე.კ.გ. არის გულის ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის წამყვანი მეთოდი. სხვა მეთოდების განვითარებასთან ერთად კარდიოგრამის როლი არა თუ კლებულობს, იზრდება კიდეც. ბოლო წლებში ე.კ.გ. თავისებურებების საფუძველზე დაყრდნობით აღწერილია მთელი რიგი მაღალი კარდიო-ვასკულური რისკის მქონე დაავადებები. ისეთები როგორიცაა – გახანგრძლივებული/მოკლე QT ინტერვალი, ბრუგადას სინდრომი და სხვა. მათი გამოვლენა ტრადიციული ე.კ.გ.-ს გარეშე შეუძლებელია. ის პირველი აჩვენებს გულის მუშაობაში ცვლილებების არსებობას, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ გამოკვლევებს და კარდიოლოგის მეთვალყურეობას. ამიტომ ეს მეთოდი უცვლელია. ჩემი რჩევაა, ყველამ, ვინც თავს მიიჩნევს ჯანმრთელად, აუცილებლად გაიკეთოს და პერიოდულად გაიმეოროს ე.კ.გ. ჩივილების არარსებობის მიუხედავად.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი