სიახლეები

ორი კომპანიისა და მერიის განმარტება მშენებლობაზე, სადაც ბინებს ფანჯრებთან მიაშენეს

08.11.2018 • 2546
ორი კომპანიისა და მერიის განმარტება მშენებლობაზე, სადაც ბინებს ფანჯრებთან მიაშენეს

ბათუმში, ბაგრატიონის #28-ში თოთხმეტსართულიანი სახლი შპს „ბბ ბალავარმა“ ააშენა. დაახლოებით შვიდი თვის წინ კი, მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, ბაგრატიონის #26-ში, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა შპს „გზებმა“ დაიწყო. რამდენიმე სართულის აშენების შემდეგ „ბბ ბალავარის“ მიერ აშენებულ კორპუსში მცხოვრებლები მიხვდნენ, რომ ბინების ერთ მხარეს ფანჯრები დაუბნელდებათ – მშენებელი კომპანია მათი ფანჯრების მხარეს ღიობებს აწყობს. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მიმართეს მშენებელს და მერიასაც, თუმცა არაფერი გამოუვიდათ – მშენებლობა გაგრძელდა.

„ბბ ბალავარის“ კორპუსში მცხოვრებლები კომპანიის დირექტორს, ბადრი ბოლქვაძეს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მან დაგეგმილი მშენებლობის შესახებ იცოდა, თუმცა ისე გაყიდა ბინები, რომ საცხოვრებელი გარემოს მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მომავალ მფლობელებს არაფერი უთხრა.

ბადრი ბოლქვაძე არ უარყოფს, რომ ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე ნაკვეთების მფლობელებმა მოილაპარაკეს, ერთმანეთისთვის შენობების მოპირდაპირე მხარეს ღიობების მოწყობის ნებართვა მიეცათ. ეს დოკუმენტურადაც გააფორმეს.

„თუმცა არ მიფიქრია, რომ ასე ცუდად გამოვიდოდა. ეს რაც გაკეთდა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ვფიქრობ, ეს არქიტექტორის შეცდომაა. ცუდი რაღაცა მოხდა, იქ კიდევ ბევრი ფართი გვაქვს გასაყიდი, დავზარალდით იმიჯითაც და იმითაც, რომ ამხელა სანერვიულო საქმე დაგვემატა. ამის გამო ბევრი შეურაცხყოფა გადავიტანე, თითქოს მე ვიცოდი, რომ ასე გაკეთდებოდა“, – ამბობს „ბბ ბალავარის“ დირექტორი, ბადრი ბოლქვაძე. მისივე განმარტებით, სახლებს შორის ვიწრო გასასვლელი, რომელმაც გვირაბის ფორმა მიიღო, შესაძლებელი იყო ღია სივრცედ დარჩენილიყო.

„ამით მოვიგებდით იმას, რომ შესასვლელი ღია სივრცით ორივე ბინა ისარგებლებდა, თანაც ღიობები აღარ იქნებოდა ერთმანეთთან ისე ახლოს, როგორც ახლაა“, – ამბობს ბადრი ბოლქვაძე.

შპს „გზების“ ხელმძღვანელის ირაკლი აბაშიძის თქმით კი, მისი კომპანიაც დაზარალდა. ის ირწმუნება, რომ მისმა კომპანიამ არქიტექტორის მიერ მომზადებული პროექტი ისე წარადგინა მერიაში, რომ ნანახი არ ჰქონდა: „ქაღალდზე ეს არც ჩანს, თუ როგორ გამოვიდოდა, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით, სამწუხაროდ.“

მერიაში განმარტეს, რომ ახალი რეგულაციებით მსგავს პროექტებზე ნებართვა აღარ გაიცემა – ამ კომპანიებს კი ნებართვები 2016 წელს აქვთ მიღებული.

„კერძო მესაკუთრეების შეთანხმება, რომ მათ ერთმანეთის საპირისპიროდ ღიობების მოწყობის უფლებას მისცენ, კანონით დასაშვებია დღესაც. ორივე პროექტი შეთანხმდა 2016 წელს, აქედან ერთ-ერთმა მოგვიანებით დაიწყო მშენებლობა. შედეგად იქ მცხოვრებლებს ჰგონიათ, რომ ვიღაცა ბოროტმა ძალამ მისცა უფლება, რომ აუშენონ გვერდით,“ – ამბობს მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი მირიან მეტრეველი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: