მთავარი,სიახლეები

„მერმაც იკითხა, ასეთ ხალხს ვიპოვითო?“ – საჯარო განხილვა ბათუმის განაშენიანებაზე

05.10.2018 • 1850
„მერმაც იკითხა, ასეთ ხალხს ვიპოვითო?“ – საჯარო განხილვა ბათუმის განაშენიანებაზე

ბათუმის მერია კონკურსის გამოცხადებას აპირებს იმ კომპანიის შესარჩევად, რომელმაც ბათუმის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია უნდა დადოს. კონკურსის ჩატარებას ბათუმის მერია მარტიდან გეგმავს.

რა დავალება უნდა მისცეს მერიამ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას – დისკუსია ამ თემაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. მერიის მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა, ვახტანგ ჯოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს ტექნიკური დავალება გააცნო.

ტექნიკური დავალების მიხედვით, კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ კვლევით-ანალიტიკური დოკუმენტი უნდა დადოს სივრცით და ტერიტორიულ მოწყობაზე, ანუ განაშენიანებაზე, როგორც ბეჭდური, ისე ციფრული სახით.

„აქვე უნდა იყოს გეგმარებითი დავალებები მეთოდოლოგიური მითითებებით – რა ეტაპებად უნდა შედგეს გეგმა, უნდა მოხდეს საკანონმდებლო ბაზრის კვლევა, ჯამში ხუთი ტიპის დოკუმენტი უნდა იქნეს წარმოდგენილი,“ – აღნიშნა შეხვედრაზე სივრცითი დაგეგმვის ექსპერტმა, ვახტანგ ჯოხაძემ.

მისივე თქმით, დოკუმენტში ბათუმის ეკონომიკური განვითარების ალტერნატივაც უნდა იყოს წარმოდგენილი.

„როგორც ცნობილია, ბათუმში ტურისტული სეზონი მიბმულია ზღვის სანაპირო ზოლს. ეს ვიწროპროფილური ეკონომიკა შემაფერხებელია გარკვეულწილად და დამხმარე, ალტერნატიული პროფილის განსაზღვრა უნდა მოხდეს,“ – თქვა ვახტანგ ჯოხაძემ.

„თქვენ სთხოვთ კომპანიას, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებს, ათწლიან გამოცდილებას. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ სხვადასხვა მიმართულებით მსგავსი კომპანიის მოძიება?“ – იკითხა შეხვედრაზე არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე მინდია მურვანიძემ.

„მერმაც იკითხა, ასეთ ხალხს ვიპოვითო?“ – უპასუხა შეკითხვას მერიის მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა. მისივე განმარტებით, შესაძლებელია ე.წ. ამხანაგობის შექმნა, სადაც რამდენიმე კომპანია სხვადასხვა გამოცდილებით გაერთიანდება.

ვახტანგ ჯოხაძემ შეხვედრაზე განმარტა, რომ შესაძლებელია ტექნიკური დავალების პირობები შეიცვალოს, მაგრამ კვალიფიკაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები აუცილებელია. გარდა ამისა, კონკურსში საერთაშორისო პირებსაც შეეძლებათ მონაწილეობა.

„მე ვფიქრობ, ამხანაგობის შექმნა იქნება პრობლემური, რადგან პასუხი მხოლოდ იმ კომპანიას მოეთხოვება, ვინც კონკურსს მოიგებს… ამ კუთხით დიდი არჩევანი ქვეყანაში არ აირს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, მინდია მურვანიძემ.

დისკუსიას ბათუმის მერიის არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველიც ესწრებოდა, თუმცა შეკითხვებს მხოლოდ ექსპერტი პასუხობდა. გაირკვა, რომ ამ ეტაპზე დაკონკრეტებული არ არის, რა თანხა დაიხარჯება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტაციის შექმნაზე, ასევე უცნობია, რა დროში უნდა მოამზადოს ეს დოკუმენტი კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ.

ვახტანგ ჯოხაძის თქმით, საზოგადოების ჩართულობა დოკუმენტაციის შემუშავების პროცესშიც არის გათვალისწინებული. ამისთვის კომპანიამ შუალედური ანგარიშები უნდა წარმოადგინოს, რომელთა განხილვა საკრებულოში, ასევე მერიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე მოეწყობა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: