განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ არ აღიარებს საქართველო დისტანციურ სწავლებას უცხოეთში

20.09.2018
რატომ არ აღიარებს საქართველო დისტანციურ სწავლებას უცხოეთში

საქართველოს განათლების სამინისტრო არ აღიარებს უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ უმაღლეს განათლებას, იმ შემთხვეავშიც კი, თუკი თქვენ მსოფლიოში აღიარებული აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის პროგრამას დაასრულებთ.  მსოფლიოში დისტანციური განათლების პროგრამაზე მოთხოვნა მზარდია, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა ამ მიმართულებით არსებული შეზღუდვები ადამიანებს შესაძლებლობას ართმევს, მიიღონ ხარისხიანი განათლება შედარებით ნაკლებ ფასად.

მაგალითად, ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის ხელმძღვანელი, ანზორ დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე გემის მეთაურთა შემადგენლობაზე მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე რიგით შემადგენლობაზე.

„დღეს ჩვენ რიგით შემადგენლობაში 4000-მდე ადამიანი გვყავს, ვისაც სურს დისტანციურად გააგრძელოს სწავლა, რომ მომავალში მეთაურთა შემადგენლობაში დაიკავონ თანამდებობა, თუმცა ამის შესაძლებლობას ქართული კანონმდებლობა არ გვაძლევს“.

დღეს არსებული მოდელით, დისტანციური განათლების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქვეყნის შიგნით იმყოფებით. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ უცხოეთში ხართ და გადაწყვეტთ რომელიმე ქართულ უმაღლეს სასწავლებელში გაიაროთ უმაღლესი განათლების პროგრამა, ან პირიქით, უცხო ქვეყანაში, ამის შესაძლებლობას კანონი არ იძლევა.

„მეზღვაური ზღვაზე თუ არ წავიდა, როგორი მეზღვარი იქნება. მას იქედან უნდა შეეძლოს პროგრამის გავლა და კვალიფიკაციის ამაღლება. ჩვენი თხოვნაა, რომ მთავრობამ დაუშვას დისტანციური უმაღლესი განათლების უფლება,“ – გვეუბნება ანზორ დიასამიძე.

დისტანციური უმაღლესი განათლების როგორი პრაქტიკა არსებობს მსოფლიოში? – როგორც განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია გვეუბნება, მსოფლიოში დისტანციურად უმაღლესი განათლების მიმღებთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება. „ბოლო პერიოდში ოცმა მილიონმა ადამიანმა გაიარა დისტანციური პროგრამის კურსები.

მე შემიძლია დისტანციური კურსი გავიარო ჰარვარდის უნივერსიტეტში, ამ დროს შეგიძლია ძალიან მარტივად ჩააბარო ისე, რომ არც გამოცდები გაიარო, სკოლა დამთავრებული გაქვს თუ არა ხშირად იმასაც არ გეკითხებიან, მთავარია დარეგისტრირდე და გაიარო ის კურსი.

ანუ ამ კურსს აღიარებს ჰარვარდი – მთელი ამერიკა და ევროპა და არ აღიარებს საქართველო. ეს უკარგავს ადამიანებს, ახალგაზრდებს შესაძლებლობას, რომ ნაკლებ ფასად მიიღონ ხარისხიანი განათლება. რადგან ადამიანს შეიძლება უცხო ქვეყანაში წასვლის ფული არ ჰქონდეს, მაგრამ შესაძლებლობა ჰქონდეს თავისი ქვეყნიდან მიიღოს ხარისხიანი განათლება,“ – გვეუბნება  ჯანაშია.

მისი თქმით, დღეს სახელმწიფო აიძულებს ადამიანებს, ძვირად მიიღონ შედარებით უხარისხო განათლება, ვიდრე ნაკლებ ფასად – ხარისხიანი.

„რომ შევადაროთ, ჰარვარდში იმ ერთი კურსის დისტანციურად სწავლა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ნებისმიერ კერძო უნივერსიტეტში საქართველოში. ეს არარაციონალურია“.

ჯანაშიას თქმით, აღნიშნული რეგულაცია თავის დროზე განათლების ხარისხის რეგულირების მიზნით გაკეთდა, თუმცა არ გაითვალისწინეს დეტალები.

„იყო იმის შიში, რომ, ვთქვათ, აზერბაიჯანულ, რუსულ, უკრაინულ სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით მიიღებდნენ ადამიანები [დიპლომს], რომელიც მაინცადამაინც მიზანშეწონილი არ არის. მაგრამ შეიძლებოდა გაკეთებულიყო მსოფლიოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ჩამონათვალი, რომლის მიერ გაცემულ დიპლომსაც აღიარებდა სახელმწფო ან რომელს არ აღიარებდა“.

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის უფროსი ანა მაისურაძე ამბობს, რომ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით სამინისტრო ცვლილებებზე მუშაობს და შესაძლებელია, ეს მომავალი წლისთვის განხორციელდეს.

„ვიცით, რომ თანამედროვე გამოწვევები არატრადიციული ფორმით მიღებული განათლების აღიარების მექანიზმების შემუშავებას გვავალდებულებს და ჩვენც გვსურს, რომ ფეხი ავუწყოთ ამას. ვმუშაობთ ცვლილებებზე, რომ დისტანციური განათლების მიღებაც გახდეს შესაძლებელი. თუმცა ეს არ იქნება უპირობო,“ – გვეუბნება მაისურაძე.

მისი თქმით, დისტანციურ განათლებას იმ შემთხვევაში აღიარებს საქართველო, „თუკი იმ კონკრეტული ქვეყნის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები თავსებადი იქნება ჩვენი ქვეყნის მოთხოვნებთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი სურვილი, რომ მოხდეს მიღებული განათლების აღიარება“.

მაისურაძის თქმით, სხვა შემთხვევაში არსებობს რისკები, რომლებიც ქვეყანამ უნდა აირიდოს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: