მთავარი,სიახლეები

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული სამი უცხოელის საქმე ბათუმის სასამართლოში

04.09.2018 • 2862
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული სამი უცხოელის საქმე ბათუმის სასამართლოში

სასამართლოს განრიგს თუ თვალს ადევნებთ, ნახავთ, რომ ოჯახში ძალადობის საქმეები იმატებს. დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის სამი ისეთი შემთხვევა განიხილა, სადაც ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დაზარალებული ქალი: იმ დღესვე შევურიგდი, „კაპეზეშიც“ მე მივუტანე საჭმელი 

„ოჯახი ძალიან მიყვარს, ახლაც ცოლთან ერთად ვცხოვრობ,“ – უთხრა სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ბრალდებულმა ი.ე.-მ. მას ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავება გამოძიება. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა ცოლს. ის გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.

ბრალდებული ი.ე. თურქეთის მოქალაქეა, მას ქართველი ცოლი ჰყავს. „ოთხი წელია ერთად ვართ, თურქეთში ვცხოვრობთ, ბათუმში ბინის გირით აღება გვინდოდა, თაღლითებმა გადაგვაგდეს და მაგის გამო მოგვიხდა კონფლიქტი,“ – ამბობს ბრალდებულის ცოლი.

დაკავებისთანავე ი.ე.-მ ბრალი აღიარა. იმის გამო, რომ დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია, მოსამართლე ლევან გელოვანს არცერთი მოწმის, მათ შორის, ნაცემი ქალის ჩვენება არ მოუსმენია. დაზარალებულმა ქალმა წერილობით დაადასტურა, რომ ქმარს შეურიგდა და მისი მკაცრად დასჯის მომხრე არ არის.

„რაც მთავარია, ოჯახი ისევ თავის ადგილზე დგას… გამოასწორა ამ კაცმა დანაშაული, აღიარებს და ინანიებს. ის პატიებას სთხოვს სასამართლოს. გთხოვთ, მას ჯარიმა შეუფარდოთ“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა სულიკო მახარაძემ.

ადვოკატს მოსამართლემ უთხრა, რომ ჯარიმას, როგორც სასჯელის ფორმას, ოჯახში ძალადობის მუხლი არ ითვალისწინებს. მან ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუფარდოს, რაც შესაძლოა პირობით ჩაუთვლის, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200-დან 400 საათამდე.

მოსამართლემ მხარეებს უთხრა, რომ განაჩენს შემდეგ სხდომაზე გამოაცხადებს.

„არ უნდა დამერეკა პოლიციაში, არ უნდა მექნა ეს, მაგრამ იმ წუთებში არ ვიცოდი, რას ვმოქმედებდი, თავის დაცვას ვცდილობდი…“ – გვითხრა ბრალდებულის ცოლმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სხდომის დარბაზიდან გამოსვლის დროს. ის დროდადრო უკან იხედებოდა იმის დასანახად, გამოვიდა თუ არა დარბაზიდან მეუღლე, რომელიც პროკურორს თარჯიმნის დახმარებით ესაუბრებოდა.

ბრალდებულის ცოლმა ასევე თქვა, რომ დაზიანება, რაც ძალადობის შედეგად მიადგა, „მსუბუქი და უმნიშვნელო“ იყო. თუმცა, როცა ეს სიტყვები გვითხრა, კისრის არეში სისხლჩაქცევების დაფარვა სცადა ხელის აფარებით. „აღარ მინდა მეტი საუბარი… მე მას იმ დღესვე შევურიგდი, „კაპეზეშიც“ მე მივუტანე საჭმელი…“ – თქვა მან, უკვე შენობის გარეთ და ბრალდებულთან ერთად გაუყვა ქუჩას.

ბრალდებული: „მე მხოლოდ პანიკაში მყოფი ცოლის დამშვიდებას ვცდილობდი“

ბრალს აღიარებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მხოლოდ პანიკაში ჩავარდნილი ცოლის დამშვიდებას ცდილობდა ე.ქ. იგი თურქეთის მოქალაქეა და ბოლო რამდენიმე წელი ბათუმში ცხოვრობს. გამოძიება ე.ქ.-ს ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავება. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქალს მარჯვენა მკლავის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.

დაზარალებულად ცნობილი ქალი საქართველოს მოქალაქეა. ის თითქმის ერთი წელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ე.ქ.-სთან. საცხოვრებელ ბინაში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ პოლიციას საშველად ქალმა დაურეკა. ამ დროისთვის ბრალდებულისთვის უკვე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, ანუ პოლიციამ ის მანამდეც გააფრთხილა ძალადობის გამო მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.

მას შემდეგ, რაც პოლიციელს ქალმა ფიზიკური ძალადობის შესახებ აცნობა, ე.ქ. დააკავეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე ე.ქ. გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

„არ შერიგებულან, მაგრამ შერიგების პირი უჩანს,“ – ამბობს ადვოკატი ხათუნა ქუქალია. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად ფიზიკური დაზიანებები – ნაკაწრები სახის და ზურგის არეში მამაკაცსაც ჰქონდა.

დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია. შესაბამისად, მოსამართლე ამ საქმეზე დაზარალებულის და სხვა მოწმეების ჩვენებებს ვეღარ მოისმენს. შესავალი და დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს: ბრალდებულს ერთი წლით ციხეში გაუშვებს, თუ პირობით მსჯავრს შეუფარდებს.

ბრალდებულმა ყოფილ ცოლს პოლიციის შენობაში სცემა

ოჯახში ძალადობის კიდევ ერთ შემთხვევაზე, სადაც ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, წინასასამართლო სხდომა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილთან გაიმართა. ამ საქმეში ბრალდებული ბ.ა. იორდანიის მოქალაქეა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში ყოფილ ცოლს ეჩხუბა და შემდეგ პოლიციის შენობაში სახეში ხელი დაარტყა.

დაზარალებული ქალიც იორდანიის მოქალაქეა, ისინი საქართველოში ცხოვრობენ. ჩხუბის შესახებ თავდაპირველად სასტუმროს ადმინისტრაციამ შეატყობინა პოლიციას, რის შემდეგაც დაზარალებული ქალი და ბრალდებული პოლიციის მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს. ბრალდებულმა ბ.ა.-მ პოლიციის განყოფილებაში სცემა ყოფილ ცოლს. ის პოლიციელებმა ადგილზევე დააკავეს. ბ.ა. ახლაც წინასწარ პატიმრობაშია და სასამართლოს განაჩენს ელის.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: