მთავარი,სიახლეები

ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლები: მშენებელი კომპანია სადარბაზოს კარებს გვიკეტავს

23.07.2018 • 3471
ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლები: მშენებელი კომპანია სადარბაზოს კარებს გვიკეტავს

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის 16 ნომერში მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, კორპუსის მშენებელი ბინის მეპატრონეებს სადარბაზოს კარებს უკეტავს და სახლში შესვლის უფლებას არ აძლევს.

„ჩვენ ამ კორპუსში ბინები გვაქვს შეძენილი და ვცხოვრობთ. დაახლოებით 500-600 ოჯახი ვართ.  კომპანია, რომელმაც ეს კორპუსი ააშენა, ბინის მეპატრონეებს თვითნებურ გადასახადებს უწესებს, ითხოვს დაცვის, დასუფთავების მოსაკრებელს. ჩვენ ეს შეთანხმება არ გვაქვს. თუ არ გადავიხადეთ, სადარბაზოს კარებს კეტავს და ვერ შევდივართ სახლში“, – გვეუბნება კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, თამაზ სარიშვილი.

„ბათუმელები“ კორპუსის მშენებელ სააქციო საზოგადოება „ია-ფეთ იალჩინ პეტროლ თურიზმ თიჯარეთის“ იურისტს დანიელ ხინიკაძეს ესაუბრა. მისი თქმით, კომპანიასა და ბინების მფლობელებს შორის მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებაა გაფორმებული.

„ჩვენ ვემსახურებით ლიფტებს, გვყავს დაცვა, ვასუფთავებთ, ვალაგებთ სადარბაზოებს და მოქალაქეების ნაწილს უნდა მომსახურების თანხის გადახდა, ნაწილს არა. ეს შეთანხმება ოფიციალურად არსებობს ჩვენს შორის“, – გვეუბნება იურისტი, რომელიც ბინის მფლობელებისთვის სადარბაზოს კარების ჩაკეტვის ფაქტს უარყოფს:

„სადარბაზოს კარებს არ ვკეტავთ, ეს არის სიცრუე. ლიფტით სარგებლობის უფლება არ აქვთ მხოლოდ. თუმცა, შეუძლიათ ფეხით ავიდნენ. არის მეორე ვარიანტიც, თვითონ შექმნან ამხანაგობა და გადაიბარონ ეს მომსახურება“.

თამაზ სარიშვილი კი ამბობს, რომ საცხოვრებელი კორპუსი ჯერჯერობით მერიას არ აქვს ჩაბარებული, რის გამოც ამხანაგობის შექმნას ვერ ახერხებენ:

„თითო ოჯახზე 25 ლარია მოსაკრებელი. გადავიხდით, არ არის პრობლემა, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენ თვითონ განვკარგოთ ჩვენი ბიუჯეტი. თუმცა, კორპუსი არ არის ჩაბარებული და სახლს იმდენი ხარვეზი აქვს, ალბათ დიდხანს კიდევ ვერ მოხერხდება ჩაბარება“.

კომპანიის იურისტი კი ამბობს, რომ კორპუსის ჩაბარებასთან დაკავშირებით მერიაში დოკუმენტაცია წარდგენილია.

ფიროსმანის 16 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: