მთავარი,სიახლეები

აჭარის განათლების სამინისტროს კომპანია 88 ათას ლარს სთხოვს – სასამართლო დავა

29.06.2018
აჭარის განათლების სამინისტროს კომპანია 88 ათას ლარს სთხოვს – სასამართლო დავა

სამშენებლო კომპანია „ვიგორა“ აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივის. დავის საგანი ქობულეთში, სოფელ კვირიკეში გარემონტებული სკოლაა, რაშიც სამინისტრომ ჯამში 490 817 ლარი გადაიხადა. კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები დაარღვია, სამინისტრომ სამუშაოების ნაწილი არ ჩაიბარა. დავას მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს.

„თუ სამუშაოები შესრულებული არ იყო, რატომ ჩაიბარა განათლების სამინისტრომ სამუშაოები? მიღება-ჩაბარების 8 აქტია ამ საქმეში. ჩვენ სამუშაოების 95 პროცენტი გაკეთებული გვქონდა და ხელახლა ტენდერი გამოაცხადეს,“ – გვითხრა კომპანია „ვიგორის“ იურისტმა, თეიმურაზ ქათამაძემ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

მოსამართლის დარბაზში შემოსვლამდე განათლების სამინისტროს მხრიდან შერჩევით მიდგომაზე ისაუბრა ამ კომპანიის მეორე იურისტმაც, ომარ ხაჯიშვილმა: „20 დღით ვითხოვდით გადადებას და არ დაგვრთეს ნება, მაშინ, როცა სხვა კომპანიებს უვადებენ. ეს არის შერჩევითი მიდგომა. ჩვენ არ ვიყავით უცნობი კომპანია სამინისტროსთვის, მანამდე სხვა სკოლებიც გავარემონტეთ. სამინისტროსგან 88 ათას ლარს ვითხოვთ“.

„ასე მარტივად არაა, ამ საქმეზე გამოძიებაც არის დაწყებული,“ – მიმართა იურისტებს განათლების სამინისტროს ინტერესების დამცველმა და საქაღალდე პროცესისთვის მოამზადა.

„ვადების დარღვევის გამო, ჩვენ შესაგებელი სარჩელით პირგასამტეხლოს დაკისრებას ვითხოვთ – 11 ათას ლარს“, – აღნიშნა განათლების სამინისტროს იურისტმა, ნინელი გოგიტიძემ ჩვენთან საუბრის დროს. მისი განმარტებით, სამინისტრომ ყველა თანხა აანაზღაურა, რაზეც მიღება-ჩაბარების აქტი ჩაბარდა, ხოლო დამატებით შესრულებული სამუშაო, რაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულდა „უხარისხო იყო და არ შეესაბამებოდა სტანდარტს“.

დიალოგი მხარეებს შორის მოსამართლის სასამართლო დარბაზში შემოსვლის შემდეგაც გაგრძელდა. მოსამართლე ირაკლი შავაძე დაინტერესდა, შედგა თუ არა მხარეებს შორის შეთანხმება.

„უკვე მეჩვიდმეტე პროცესია, ხუთჯერ დავურეკეთ სამინისტროს და არ გვიპასუხეს,“ – უპასუხა მოსამართლეს კომპანიის იურისტმა, ომარ ხაჯიშვილმა.

„ეს ტყუილია, ასეთი მცდელობა არ ყოფილა,“ – იყო განათლების სამინისტროს იურისტის რეპლიკა.

საქმის გაჭიანურების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა გახდა. ექსპერტიზა სკოლაში ჩატარებულ სამუშაოებზე კომპანიის დაკვეთით ჩატარდა.

„ექსპერტმა ვერ თქვა, რომ ეს სამუშაოები შედის თუ არა იმ რვა მიღება-ჩაბარების აქტში. თქვენ ამბობთ, რომ სამუშაოები ჩაიბარა სამინისტრომ და სამინისტრო ამბობს, რომ რაც ჩაბარდა, იმის ფული გადაიხადა,“ – მიმართა მხარეებს მოსამართლემ.

სიმართლის დასადგენად ექსპერტიზა ხელახლა ჩატარდება.

„დირექტორი მოსულიყო, ის ამბობდა წინა პროცესზე, რომ მოლაპარაკება შესაძლებელი იყო,“ – დასძინა მოსამართლემ.

„მოსულია, მაგრამ არ ამოვიდა, გაბრაზებულია,“ – თქვა კომპანიის იურისტმა, ომარ ხაჯიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: