ბათუმის ნავსადგურის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გრანულებიანი გოგირდი, რომელიც ნავსადგურში, ღია სივრცეში იტვირთებოდა, საფრთხეს არ წარმოადგენს. შედეგები დღეს, 21 ივნისს, გახდა ცნობილი.
„გოგირდის ნაყარი ტვირთის გადატვირთვის პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტების მიერ ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, გაზომვები, რა დროსაც დარღვევა არ დაფიქსირებულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გარემოს დაცვის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, ნატო დავითაძემ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური ბათუმის პორტში შესამოწმებლად მიმდინარე წლის 8 მაისს შევიდა. ნავსადგურის ტერიტორიაზე გრანულებიანი აზოტი ღია სივრცეში იტვირთებოდა. ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მძაფრი სუნი იგრძნობოდა.
ამავე პერიოდში ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები წარწერით: „ქიმიური შეტევა ბათუმზე“. პლაკატებზე ნათქვამი იყო, რომ ბათუმის პორტში საშიში ნივთიერებები იტვირთებოდა.
„ბათუმელებმა“ ნატო დავითაძეს ჰკითხა, გამოვლინდა თუ არა რაიმე დარღვევა ამ კუთხით.
„ბათუმის საზღვაო ნავსადგურს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში (გზშ) ასახული აქვს ტვირთთა ნაყარი სახით გრანულირება-დამუშავება. გოგირდის გრანულები გზშ-ში არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, არც გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესაბამის პუნქტში, სადაც განხილულია ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედების შეფასების საკითხი, ნაყარ ტვირთებს შორის ჩამონათვალში გოგირდ გრანული არ ყოფილა. თუმცა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის ნორმების პროექტში, რომელიც შეთანხმებული აქვს ბათუმის საზღვაო ნავსადგურს სამინისტროსთან, გოგირდის ნაყარი ტვირთი არის განხილული, როგორც ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის წყარო. მათზე დადგენილია გაფრქვევის ნორმა“, – ამბობს ნატო დავითაძე.
„ბათუმელების“ კითხვაზე, იყო თუ არა გაფრქვევის ნორმა დარღვეული, გარემოს დაცვის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა თქვა, რომ სპეციალისტების დასკვნით გაფრქვევის ნორმა დარღვეული არ ყოფილა.
ნავსადგურის არაგეგმიური შემოწმების დროს დადგინდა, რომ ბათუმის პორტი მთელ რიგ ვალდებულებებს არღვევდა. სწორედ ამიტომ ბათუმის ნავსადგური სავარაუდოდ 5 ათასი ლარით დაჯარიმდება.
„გამოვლინდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურზე გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის პირობების დარღვევის ფაქტები. კონკრეტული დარღვევები გამოიხატება გარკვეულ შემარბილებელ საკომპენსაციო ღონისძიებების არასრულყოფილად შესრულებაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნატო დავითაძემ.
კერძოდ, პორტის ტერიტორიაზე წესების დაცვით არ გროვდებოდა ნარჩენები და არ იყო მათი შესაგროვებელი კონტეინერები, ნავსადგურს მეოთხე და მეხუთე ნავმისადგომზე არ ჰქონდა საწარმოო სანიაღვრე წყლების არინების პროექტი შემუშავებული და განხორციელებული. ასევე, არ ჰქონდა შესრულებული გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც შეეხებოდა როგორც შავი ზღვის, ასევე ჩამდინარე წყლების წყლის ხარისხის მონიტორინგს.
ბათუმის ნავსადგური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79-ე მეორე პრიმა მუხლის მიხედვით დაჯარიმდება, რაც გულისხმობს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. ოქმი სასამართლოს გადაეგზავნება, ჯარიმის ოდენობაზე სწორედ სასამართლო იმსჯელებს.