მთავარი,სიახლეები

რატომ აძლიერებს ხელისუფლება რადიკალურ ჯგუფებს

25.05.2018 • 2436
რატომ აძლიერებს ხელისუფლება რადიკალურ ჯგუფებს

რადიკალური და ფაშისტური ჯგუფები თუკი აქამდე მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობდნენ, სიძულვილის მაჩვენებელ სტატუსებს აქვეყნებდნენ და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ, დღეს ისინი ღიად ესხმიან თავს ადამიანებს, რომლებიც თავისუფლების დაცვას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ.

რამ განაპირობა რადიკალური, ფაშისტური საზოგადოებრივი ჯგუფების გააქტიურება და როგორ უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება, რომ გამოხატვის თავისუფლების პრინციპი არ დაირღვეს, ხოლო ფაშისტურმა ჯგუფებმა არ ჩათვალონ, რომ აგრესიის გამოვლენის საშუალება მიეცათ და ამისთვის არავინ დასჯით.

„ხელისუფლება სცენას უთმობს მოძალადეს,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია, „რესპუბლიკელების“ ლიდერი. მისი აზრით, ხელისუფლება ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს. „ჩვენ ვხედავთ, როცა აგრესიული კამპანია მიდის თავისუფალი აზრის წინააღმდეგ, ხელისუფლება კი ყოველთვის დგას მოძალადის და აგრესორის მხარეს,“ – ამბობს ის. ამის მაგალითად თამარ კორძაია რამდენიმე შემთხვევას ასახელებს, როცა ხელისუფლებამ მოძალადე არ, ან სათანადოდ არ დასაჯა.

„დღეს დაპირისპირების საფრთხე რეალურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლება ინდიფერენტულია,“ – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მისი აზრით, ფაშისტური ჯგუფები თავისთავად გააქტიურდნენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირებისა და პოლიტიკის გატარების ნაცვლად, მოძალადეების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.

გიორგი მაისურაძე თვლის, რომ „დღეს ვერც პოლიტიკური და ვერც კულტურული სპექტრი ვერაფერს სთავაზობს ამ ადამიანებს. თუ გადახედავთ აგრესიული ჯგუფების სტატუსებს სოციალურ ქსელში, ნახავთ, რომ უპრიმიტიულეს დონეზე აქვთ განათლება. ეს შეიძლება განპირობებული არის იმით, რომ ისინი თავად ვერ პოულობენ გამოსავალს კრიზისული სიტუაციიდან, არ არიან რეალიზებულები, ვერ ხედავენ ვერანაირ პერსპექტივას ამ ქვეყანაში და გამოხატავენ აგრესიას, რადგან ძალადობის გარდა მათთვის არაფერი უსწავლებიათ.“

„პრობლემა რაშია,“ – გვიყვება თამარ კორძაია, – „ხელისუფლება ცდილობს, რომ ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, 12 მაისს აქციაზე იყვნენ გამოსულები, წარმოაჩინოს უმცირესობად. დაგვანახოს, რომ თვითონ, როგორც თითქოს კარგი ხელისუფლება, ახერხებს უმცირესობის დაცვას და ამ დროს ჯგუფები, რომლებიც ავლენენ ძალადობას, წარმოაჩინოს, როგორც უმრავლესობა და თითქოს ხელისუფლება ვერ ახერხებს ამ უმცირესობის დაცვას… ხელისუფლება სცენას უთმობს მოძალადეს, რადგან თვლის, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა არის ასეთი მოსაზრების. ჩვენ მოვისმინეთ, მაგალითად, კომენტარი, რომ აქციაზე გამოსული ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ ეცემა სხვა ადამიანი, ისიც ჩვენი მოქალაქეა. როდესაც ხელისუფლება მოძალადეს და მშვიდობიან მომიტინგეს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, ის ხელისუფლება არის დამნაშავე.“

ფაშისტურ ჯგუფებზე საუბრის დროს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძეც 12 მაისის საღამოს იხსენებს. ფიქრობს, რომ ამ საღამოს ყველაზე კარგად გამოჩნდა ხელისუფლების დამოკიდებულება აგრესიული ჯგუფების მიმართ. მას სჯერა, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას შეუძლია ძალადობრივი ჯგუფის კონტროლი, თუკი ის ამას მოინდომებს.

გიორგი მაისურაძე: „ნახეთ, ჯერ იდგა ხალხი, ვინც აპროტესტებდა კლუბში სპეცრაზმელების შეჭრას და მოითხოვდა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას. უცებ შეიცვალა სიტუაცია და მოადგნენ ნეოფაშისტური ორგანიზაციები და იქეთ დარჩა სახვეწარი, რომ პოლიციას აქციის მონაწილეები დაეცვა. მინისტრი უცებ თითქოს მხსნელად მოევლინა აქციის მონაწილეს, რომლის გადადგომასაც ითხოვდა იგი ცოტა ხნის წინ.“

რატომ აწყობს ხელისუფლებას ძალადობრივი ჯგუფების წახალისება? – თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ გზით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, „რადგან თვლის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ასე ფიქრობს, ამ იდეების მხარდამჭერია“.

გიორგი მაისურაძის აზრით კი, ხელისუფლება აგრესიული ჯგუფების გააქტიურებით ქვეყანაში რეალური პრობლემების გადაფარვას ცდილობს. „აქცენტი გადადის რეალური პრობლემებიდან არარეალური, თითიდან გამოწოვილ ამბებზე“, – ამბობს ის.

ხელისუფლებას დამოკიდებულებას ფაშისტური ორგანიზაციების მიმართ, თამარ კორძაიას აზრით, კარგად აჩვენებს საკანონდებლო ცვლილებები შემოქმედებითი თავისუფლების კუთხით. მისი აზრით, აბსურდული და მავნე კანონმდებლობის მიღების მცდელობით ხელისუფლება პირდაპირ ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს. იგი ხაზს უსვამს იმასაც, რომ კანონპროექტი ცენზურის დაწესების კუთხით პარლამენტში რიგ-რიგობით შეაქვთ დეპუტატებს.

„გუშინ დაგვირგვინდა ეს კომპლექსური საკითხი, როცა საპატრიარქომ ხელისუფლებას უთხრა, რომ ევროპული ხელისუფლება ეს კი არ არის, რაც საქართველოში ხდება, არამედ დროზე მიიღეთ კანონები, რომლითაც შეიზღუდება გამოხატვის თავისუფლება და მარტივად შეგვეძლება დავსაჯოთ ადამიანები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის. სახელმწიფომ როგორ შეიძლება გადაწყვიტოს, ერთი ადამიანის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა. ეს ფილოსოფიურად არის არანორმალური მიდგომა. ჩვენ არ გვინდა გამოხატვის თავისუფლებისთვის დევნილი ჟურნალისტები ქვეყანაში. გიორგი გაბუნიას როდესაც გემოვნებას უწუნებ, იქვე დამარცხებული ხარ, რადგან გემოვნებაზე ბოლოს და ბოლოს არ დაობენ და მეორე, გემოვნების გამო არ შეიძლება ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენო. აქ არის სურვილი, რომ შეზღუდონ მედია. ასე, შესაძლოა, „ბათუმელების“ კრიტიკული სტატიებიც არ მოეწონოს ვინმეს და შეურაცხმყოფელად ჩათვალოს. ეს არის თავისუფალი სივრცის მაქსიმალური შეზღუდვა. არ შეიძლება დღეს თავისუფლების დამფასებელმა ადამიანმა  ამ პროცესს წინააღმდეგობა არ გაუწიოს,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? – ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ რადიკალურად უნდა შეცვალოს პოლიტიკა და ეს მაშინ გამოჩნდება, თუკი მას ძალადობაზე მყისიერი და ადეკვატური რეაგირება ექნება.

იურისტი თამარ კორძაიაც იგივეს ითხოვს ხელისუფლებისგან:

„გამოხატვის თავისუფლება როგორც კი იძენს ძალადობის ხასიათის და ჩნდება აგრესია, მოძალადე უნდა დააკავო. ეს არის ძალიან მარტივი სტანდარტი“.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: