მოტობლოკებს აღარ შემოვიტანთ, იქნება სათიბელა და შესაწამლი აპარატები – ინტერვიუ მინისტრთან


„წინა წელს ხულოდან ჩავედი ბათუმში, სამინისტროში. განცხადება დავწერე, მოტობლოკი მინდოდა. მერე სოფლის რწმუნებულმა მითხრა, აღარ ფინანსდება ეს მოტობლოკებიო. წელს არაფერი აღარ მომითხოვია, არ დამიწერია განცხადება. არ აქვს აზრი და იმიტომ,“ – ეს ხულოში მცხოვრებმა ფერმერმა გვითხრა. ფერმერები „ბათუმელებს“  საგაზაფხულო სამუშაოებზე ესაუბრნენ, იმაზე, თუ როგორ ეხმარება სახელმწიფო გლეხს საგაზაფხულო სამუშაოების დროს. ფერმერები ამბობენ, რომ „სოფელი მთავრობას არ ახსოვს“. ფერმერების მიერ დასახელებულ პრობლემებზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ავთანდილ მესხიძეს ვესაუბრეთ.

ბატონო ავთანდილ, საგზაფხულო სამუშაოებზე საუბრის დროს ფერმერები სხვადასხვა პრობლემას გამოყოფენ. მაგალითად, საუბრობენ მოტობლოკებზე, რაც აღარ ფინანსდება.

მოტობლოკები საერთოდ არ გვაქვს წელს და არც გვექნება. იქნება სათიბელა, მოთხოვნა იყო განსაკუთრებით დიდაჭარა-ღორჯომში, სადაც მეცხოველეობის ზონაა. დაახლოებით 100 ცალი დარიგდება, როცა დაიწყება თივის დამზადების აქტიური პერიოდი. ამ კუთხით ტენდერი არ ჩატარებულა ჯერ, ფერმერის გადასახდელი იქნება სადღაც 700-დან 800 ლარამდე. სატენდერო წინადადება ისეა შედგენილი, რომ გვინდა შევიძინოთ ევროპული წარმოების, ფასიც შესაბამისად მაღალია, მაგრამ ეს საკმაოდ კარგი ფასია ხარისხთან მიმართებაში.

რატომ შეჩერდა მოტობლოკების  თანდაფინანსების პროგრამა? ფერმერების თქმით, მათ სხვისგან მოტობლოკის დაქირავება დაახლოებით 100 ლარი უჯდებათ.

მოტობლოკების პროგრამა ჩვენ გავაჩერეთ, რადგან ჩავატარებინეთ კვლევა, ანუ ჩვენ რა რესურსი გვაქვს და რა საჭიროება არსებობს. თვითონ სიმძლავრე, რაც უკვე არის, გაცილებით მეტია, ვიდრე ფართობია დასამუშავებელი. ვისაც აქვს ეს მოტობლოკი, ამუშავებს ნახევარ საათს და მერე აჩერებს. ფერმერები უნდა დაეხმარონ ერთმანეთს. ახლა ინდივიდუალურად  ყველა ოჯახს ვერ ექნება მოტობლოკი, 65 ათასი ფერმერია სულ აჭარაში. ამ ეტაპზე ორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან მაქვს მოლაპარაკება, რომლებიც სავარაუდოდ მოაწყობენ სერვისცენტრებს მუნიციპალიტეტში, რომ ხულოელ კაცს არ მოუწიოს მოტობლოკის ბათუმში ჩამოტანა გასარემონტებლად, ესაა ახლა ჩვენი ამოცანა. ამას წინათ მქონდა ფერმერებთან შეხვედრა და თქვეს, რომ საჭიროა უფრო მინიტრაქტორები. 2019 წლის პროგრამაში ჩავდეთ მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების შეძენა, მაგრამ ისიც იქნება რაღაც ჯგუფისთვის, კოოპერატივებისთვის გათვლილი, ინდივიდუალუირად ტრაქტორი მივცეთ ვინმეს – ასე არ იქნება. თანადაფინანსება იქნება 50- 50-ზე.

ანუ ფერმერი, რომელსაც მოტობლოკი არ აქვს, სხვა ფერმერის თანადგომის იმედად უნდა იყოს?

დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდისთვის 7448 ჰექტარი არის აჭარის რეგიონში დახნული, დაფარცხული და დათესილი. ეს არის ყველაფერი ჩვენი აპარატებით გაკეთებული. ყველა წელს ხომ არ შევიძენთ მოტობლოკს? მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიმართონ შპს „მექანიზატორს“, 14 ლარი ღირს დახვნა, 10 ლარი დაფარცხვა 1000 კვადრატულ მეტრზე, გამოიძახებ, მოდის და ამუშავებს.

ფერმერები ასევე ელოდებიან შესაწამლ აპარატებს, რაზეც განცხადებები მათ უკვე დაუწერიათ, მაგრამ აპარატი არ მიუღიათ.

შესაწამლ აპარატებთან დაკავშირებით კარგი მდგომარეობაა. ორი ტენდერი იყო გამოცხადებული და მალე დასრულდება, 2044 ცალი იქნება ჯამში გაცემული.

მოთხოვნა რამდენზე იყო?

მოთხოვნით ყველას უნდა, მაგრამ წარდგენილი გვაქვს ბიუჯეტის ცვლილებაზე წინადადება და კიდევ შევიძენთ. ჯამში 3200 ცალი დარიგდება. აქაც ისეა, რომ ვცხრილავთ, მაგრამ გაგვეპარება, მამასაც შემოაქვს, შვილსაც, ძმასაც, ვინც შესაძლოა გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. ეს ისეთი აპარატია, 2500 კვადრატულ მეტრს მაქსიმუმ ორ საათში შეწამლავს და დანარჩენ შემთხვევაში გაჩერებული იქნება, ისიც მეზობელს უნდა დაეხმაროს.

რადგან მოთხოვნა მეტია, რომელი ფერმერი მიიღებს ამ ეტაპზე შესაწამლ აპარატს?

პირველ რიგში, ვაძლევთ ფართობზე. ფერმერს უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი მიწის საკუთრების დამადასტურებელი ცნობა საჯარო რეესტრიდან, ან არქივიდან, ამის გარეშე არ ვაძლევთ. ეტაპობრივად ყველა იქნება დაკმაყოფილებული. ფასი არის ერთი ტენდერის მიხედვით 905 ლარი, მეორე ტენდერით – 910 ლარი. თანადაფინანსების შესაბამისად, ფერმერის გადასახადი იქნება 178 ან 182 ლარი. მე ვფიქრობ, ეს ძალიან იაფია. აპარატი ბენზინზე მუშაობს, 200-ლიტრიანია, შესასხურებელი და ამრევი სისტემაც აქვს. ფაროსანას შეწამვლაც შესაძლებელია ამ აპარატით, ასევე შესაძლებელია ბაღში თხევადი სასუქის შეტანა. აპარატს აქვს 7 მეტრ სიმაღლემდე შესხურების უნარი.

მიიღებენ თუ ვერა წელს სოფელში ნივრის თესლს? ამ მიმართულებით გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩავარდა.

წელს არ ჩავარდნილა ტენდერი, წინა წელს ჩავარდა. გამოვლენილია უკვე გამარჯვებული და 20 სექტემებრიდან იქნება მოწოდება, მანამდე საჭირო არაა. ნივრის დათესვა ოქტომბრიდან იწყება და 15 ნოემბრამდე გრძელდება. წელს 15 ჰექტარს დავფარავთ, მოთხოვნაც ამდენზე იყო. ველოდებით, რომ 300 ტონამდე მოსავალს მივიღებთ.

ფერმერებისთვის კაკლის ნერგებზეც უარი უთქვამს სამინისტროს.

კაკლის ნერგების პროგრამა შეიცვალა. თითო-თითო ნერგებს რომ ვარიგებდით, ასე აღარაა. ამან ამოწურა უკვე თავისი თავი. ვისაც სურს კაკლის ნერგი, მას უნდა ჰქონდეს გამოყოფილი ტერიტორია მინიმუმ 500 კვადრატული მეტრი – 1 ჰექტრამდე და შემდეგ მოგვმართოს. შემდეგ ჩვენ ფერმერს ვაძლევთ კვალიფიციური სანერგე მეურნეობების მისამართს. ფერმერი თვითონ მიდის მეურნეობაში, არჩევს ნერგს და თუ მოიტანს „ინვოისს“, მას ვურიცხავთ ღირებულების 70 პროცენტს.

ხულოში მცხოვრები ფერმერი ამბობს, რომ წლებია რძის სახდელ მანქანას ელოდება.

რძის სახდელი მანქანის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ახლა სპეციფიკაციებს ვადგენთ და გავდივართ კონსულტაციებს, თუ რა მიზეზების გამო არ შემოვიდნენ კომპანიები. ამის შემდეგ ხელახლა გამოცხადდება ტენდერი.

საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ფერმერს სჭირდება სასუქიც. ღორჯომში მცხოვრები თამაზ ბერიძე ამბობს, რომ წელს მარტო სასუქების შესაძენად 300 ლარი დახარჯა.

სასუქებისათვის 2018 წელს არაფერი, მაგრამ 2019 წელს გვექნება ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის ღონისძიება. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ხელს შეუწყობს ბიომეურნეობების ჩამოყალიბებას და მათ გაძლიერებას. ბიომეურნეობების შემთხვევაში მინერალური სასუქები არ იქნება საერთოდ გამოყენებული. პირველი მცდელობა იქნება ეს აჭარაში და გვინდა, რომ მომავალ წელს სამი ასეთი მაინც გავაკეთოთ თითო მუნიციპალიტეტში. როგორც ცნობილია, ასეთი პროდუქტის რაოდენობა მცირეა, მაგრამ ფასი მაღალია. ნაკელით უზრუნველყოფა მაინც ვერ მოხდება, ეს გამორიცხულია, რადგან მეცხოველეობის ბაზა ამდენი არ გვაქვს. ამჟამად რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ როცა კარტოფილის თესლი მივეცით ფერმერს, იქ სასუქიც მივაყოლეთ, ანალოგიური იქნება ნიორთან დაკავშირებითაც.

სხვა კულტურებისთვის არ ჩათვალეთ საჭიროდ სასუქით დაფინანსება?

საჭიროება როგორ არ არის, მაგრამ შესაძლებლობა ხანდახან აღემატება საჭიროებას, რა ჯობია მაგას, რომ იყოს. ფერმერს რაზეც ნაკლებად მიუწვდება ხელი, ესაა ორგანული სასუქი და 2019 წელს ვაპირებთ ორგანული სასუქით ფერმერების დახმარებას, მინერალური სასუქი მაინც არის ბაზარზე.

ბაზარზე არის კი, მაგრამ ფერმერებს უჭირთ მისი შეძენა სიძვირის გამო.

ძვირია, მაგრამ ყველაფერზე ვერ გააკეთებ პროგრამას. თანთანდათან ყველაფერი იქნება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი