Tv25-ის წინააღმდეგ სამი ჟურნალისტი სასამართლოში დავობს


Tv25-ის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამი ჟურნალისტი დავობს. ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი პროდიუსერი ეკა დავითაძე, ოპერატორი რუსლან დავითაძე და ჟურნალისტი თამარ კიკნაძე მიმდინარე წლის 12 იანვარს გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ტელევიზიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთვის ტელევიზიის ხელმძღვანელებს არ დაუსაბუთებიათ, რის გამო დაითხოვეს სამსახურიდან.

„ტელევიზიაში გამოცხადებული იყო რეორგანიზაცია. ისინი დაითხოვეს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო,” – ამბობს tv25-ის ინტერესების დამცველი, ალეკო ბერაია.

“დამსაქმებლის პოზიცია ბუნდოვანია. ისინი დიდი ხანია მუშაობდნენ ტელევიზიაში და ხელშეკრულების ვადის გასვლა ვერ იქნება გათავისუფლების მიზეზი. მათი ხელშეკრულებები უვადოდ უნდა ჩათვლილიყო,” – აღნიშნავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, მირზა მამულაძე. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ტელევიზიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს იცავს.

გათავისუფლებამდე საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერმა და ოპერატორმა საყვედური იმის გამო მიიღეს, რომ სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრი არ გაშუქდა არხზე.

“მე იმ საღამოს ტელევიზიაში ვიყავი და მზად ვიყავი ეთერში გასასვლელად. სამწუხაროდ, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვერ უზრუნველყო ოპერატორის და მძღოლის გამოყოფა,” – გვიყვება ეკა დავითაძე, tv25-ის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი პროდიუსერი.

ტელევიზიის იურისტი განმარტავს, რომ გათავისუფლების საფუძველი კონკრეტული შტატების გაუქმება იყო.

“აღარ არსებობს პროდიუსერის, ასევე ოპერატორ-მძღოლის პოზიცია, რაზეც რუსლან დავითაძე მუშაობდა,” – აცხადებს ალეკო ბერაია.

ტელევიზიის ყოფილი ოპერატორის თქმით კი, ასეთი შტატი არც მანამდე არსებობდა. “ცალკე მქონდა ხელშეკრულება მთავარი ოპერატორის და ცალკე – მძღოლის პოზიციაზე. ტელევიზიაში ახლა ოპერატორებიც მუშაობენ და მძღოლებიც,” – გვითხრა რუსლან დავითაძემ.

ტელევიზიიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომელი ჟურნალისტი თამარ კიკნაძეა. ის 14 თებერვალს სამსახურში აღადგინეს.

თამარ კიკნაძე: “აღმადგინეს, მაგრამ საქმეს არ მაძლევენ, რომ გავაშუქო. წერილობით მოვითხოვე პასუხი ხელმძღვანელისგან, რატომ ხდება ასე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე”.

ტელევიზიიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ისინი “ხმის ამოღებისთვის” დასაჯა მენეჯმენტმა და პროტესტი უკავშირდებოდა სხვადასხვა გადაწყვეტილებას.

“მაგალითად, იმას, რომ მუნიციპალიტეტში ბიურო არ უნდა გაუქმებულიყო, რომ შაბათ-კვირას საჭიროა საინფორმაციო გამოშვება და ასე შემდეგ,” – დასძენს არხის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი პროდიუსერი, ეკა დავითაძე.

Tv 25-ის დირექტორი, მურთაზ ფრანგულაშვილი არხიდან ჟურნალისტების გათავისუფლების მთავარ მიზეზად ფინანსურ კრიზისს ასახელებს. იგი განმარტავს, რომ არხზე რეორგანიზაცია იყო გამოცხადებული და დღეს აღარ აქვს, მაგალითად, მთავარი ოპერატორის პოზიცია.

არხის ხელმძღვანელი ასევე მიიჩნევს, რომ სამართლიანი იყო საყვედური, როცა “ლეო გრანდის” ხანძრის გაშუქება ტელევიზიამ ვერ მოახერხა.

“ეკა დავითაძეს ჰქონდა ძალაუფლება და მას უნდა მოეხერხებინა ამ თემის გაშუქება”, – ამბობს მურთაზ ფრანგულაშვილი.

რაც შეეხება თამარ კიკნაძეს, ტელევიზიის დირექტორი მიიჩნევს, რომ ამ ჟურნალისტმა იქ უნდა იმუშაოს, სადაც “ტელევიზიას უჭირს” და ეს რგოლი სამედიცინო თემატიკის გადაცემის მომზადებაა.

ტელევიზიიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების საქმეს მოსამართლე ირმა ტოგონიძე განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე ორივე მხარემ პროცესის გადადება ითხოვა იმ მიზეზით, რომ საქმის მასალები შესასწავლია. მოსამართლემ მხარეებს ასევე მოუწოდა, რომ მომდევნო სხდომამდე მორიგება შეძლონ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტელევიზიას სამართლებრივი დავა აქვს ჟურნალისტებთან. 2016 წელს tv25-ის წინააღმდეგ სასამართლოში დავა არხიდან გათავისუფლებულმა ოთხმა ჟურნალისტმა მოიგო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი