მთავარი,სიახლეები

3,5 მილიონი ლარი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობისთვის

01.03.2018 • 4682
3,5 მილიონი ლარი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობისთვის

ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე,  20000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 520 474-მდე ლარი დაიხარჯება. სტადიონის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს კი შპს „სტადიონი“ ტენდერით შეარჩევს.

ზედამხედველის გამოსავლენად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 20 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება. მომსახურების შესყიდვა მრავალწლიანია. ტენდერში გამარჯვებულთან ანგარიშსწორება ეტაპობრივად განხორციელდება. მომსახურების გაწევის ვადა კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 32 თვეა.

ტენდერში გამარჯვებულს ევალება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ყოველდღიური ზედამხედველობა – სამუშაოების სამშენებლო კანონმდებლობისა და პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების/ტექნიკური სპეციფიკაციების სრული დაცვით შესრულების უზრუნველყოფა; მომსახურების სრული აღწერა, რაოდენობა და მოცულობა მითითებულია ტექნიკურ დავალებაში.

შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე, ხელშეკრულება 2017 წლის დეკემბერში გაფორმდა. შპს „ანაგი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საფეხბურთო სტადიონი 34 თვეში უნდა ააშენოს.

ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარია. თუმცა ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობას ბათუმში, მიმდინარე წლის 21 იანვარს, ჩაუყარეს საძირკველი. სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „ანაგი“ დასახელდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: