მთავარი,სიახლეები

მოდილიანის ცნობილი ტილოს ქვეშ მხატვრის საყვარლის ფარული პორტრეტი აღმოაჩინეს

01.03.2018
მოდილიანის ცნობილი ტილოს ქვეშ მხატვრის საყვარლის ფარული პორტრეტი აღმოაჩინეს

„ტეიტ გალერეის“ რენტგენოლოგიური ტესტის საშუალებით მოდილიანის ცნობილი ნახატის ქვეშ სხვა, დაფარული პორტრეტი აღმოაჩინეს, რომელზეც მხატვრის საყვარელი და მუზა, ინგლისელი მწერალი, ბეატრის ჰასტინგსია გამოსახული.

ჰასტინგსის პორტრეტი მხატვარმა საღებავით დაფარა და 1917 წელს სხვა ქალის პორტრეტი გადაახატა. ტილო ლონდონის „ტეიტ გალერეაშია“ დაცული.

ბეატრის ჰასტინგსი პარიზში. 1918 წელი/ფოტო: tate.org.uk

მოდილიანისა და ბეატრის ჰასტინგსის ორწლიანი რომანი 1916 წელს დასრულდა. ხელოვნებათმცოდნეები ვარაუდობენ, რომ ჰასტინგსის პორტრეტის დაფარვით მხატვარმა ყოფილი საყვარლის საკუთარი ცხოვრებიდან წაშლა სცადა სიმბოლურად.

მოდილიანის ნახატებს წაგრძელებული პორტრეტებით ცნობენ, ასეთი იყო უკვე მხატვრის ხელწერა 1917-1918 წლებში, როცა მან ბეატრის ჰასტინგსის გამოსახულება სხვა ქალის პორტრეტით დაფარა.

ეს ტილო 2105 წელს 113 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა და იმ პერიოდში აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდულ მეორე ნახატად იქცა.

მოდილიანიმ  ნახატი რამდენიმე ფრანკად გაყიდა, 1919 წელს კი ყველაფერს, რაც კი სახელოსნოში მოეძევებოდა, მხოლოდ 100 ფუნტ სტერლინგად სთავაზობდა მყიდველს. 35 წლის მხატვარი 1920 წელს გარდაიცვალა ტუბერკულოზური მენინგიტით.

ნახატი, რომლის ქვეშაც ბეატრის ჰასტინგსის პორტრეტი აღმოაჩინეს

 ბეატრის ჰასტინგსის ახალაღმოჩენილი პორტრეტი ცნობილი ტილოს ქვეშ

ტრაგიკულად დასრულდა ბეატრის ჰასტინგსის ცხოვრებაც, მას ალკოჰოლისგან შეერყა ჯანმრთელობა და ექიმები ვეღარ შველოდნენ. 1943 წელს ლონდონში ბეატრის ჰასტინგსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მოდილიანის რამდენიმე პორტრეტი სწორედ ბეატრის ჰასტინგსის შთაგონებით შეიქმნა.

ამადეო მოდილიანი. ფოტო: tate.org.uk

„ტეიტ გალერეის“ აღწერის მიხედვით, 1910-იანი წლების პარიზის ბოჰემურ წრეებშიც კი ეს წყვილი განსაკუთრებული თავაშვებულობით გამოირჩეოდა. მოდილიანის შესახებ ამავე გალერეაში დაცული ინფორმაციის მიხედვით, მოდილიანი აბსენტის, ღვინის, ჰაშიშის თრობის ბურუსში ცხოვრობდა, ბარის დახლებზე ცეკვავდა, ხმამაღლა კითხულობდა იტალიურ ლექსებს და ხშირად ტეხდა აურზაურს ქუჩაში, ღამით.

როგორც ცნობილია, მოდილიანი და ჰასტინგსი ხშირად სვამდნენ ერთად და ბევრს ჩხუბობდნენ.

ჰასტინგსის დაფარული პორტრეტი ტილოს ტექნიკური დათვალიერებისას გამომჟღავნდა. მუზეუმები და ხელოვნების ისტორიკოსები მთელი მსოფლიოდან „ტეიტის“ მიერ მომზადებული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობენ, რაც ნახატების შემოწმება-ტესტირებასაც გულისხმობს. ამავე პროექტის ფარგლებში, „ტეიტ მოდერნის გალერეაში“ მოდილიანის გამოფენაა გახსნილი, მხატვრის ტილოები გალერეაში 2 აპრილამდე დარჩება.

                                                                                       ბეატრის ჰასტინგსი მოდილიანის ტილოებზე

წყარო: theguardian

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: