სიახლეები

შეღავათები მთის კანონით

30.08.2015 •
შეღავათები მთის კანონით

 

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა ხევს, მთიულეთს, პანკისისა და გუდამაყრის ხეობას, მაღალმთიან აჭარას, ფშავ-ხევსურეთს, თუშეთს, ზემო და ქვემო სვანეთს, ლეჩხუმსა და რაჭას.

 

საქართველოს პარლამენტში ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე განმარტავს, რომ აღნიშნული კანონის ყველა პუნქტი 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და მთაში მცხოვრები მოსახლეობა გარკვეული შეღავათით ისარგებლებს. დეპუტატი იმასაც აღნიშნავს, რომ კანონპროექტი, შესწორებამდე სტატუსს მხოლოდ ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, გამონაკლის შემთხვევაში კი 800 მეტრზე არსებულ სოფლებს ანიჭებდა.

 

„იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მიიღებდა შესაბამის განკარგულებას, ისეთი სოფლები როგორიცაა: ხულოში – სხალთა, ფუშრუკაული, ხიხაძირის ცენტრი, დეკანაშვილები, განახლება და დიაკონიძეები, შეღავათით ვერ ისარგებლებდა. რიგი სოფლების მხოლოდ ნაწილი მოერგებოდა კანონპროექტს, მაგალითად, სოფელ ვაშლოვნის ერთი ნაწილი ისარგებლებდა, მეორე – ვერა. ქედის დეპუტატმა იაშა შერვაშიძემ და მე დავიწყეთ მუშაობა, რომ კანონპროექტი მიღებულიყო იმ სახით, რომლითაც მაღალმთიანი აჭარის ყველა სოფელი ისარგებლებდა შეღავათით, საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას, მთავრობაც დაგვთანხმდა და ჩვენი კოლეგებიც, რომ კანონი მაღალმთიან აჭარაზე მთლიანად გავრცელდეს“, – განმარტა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათები მიგრაციას შეაჩერებს.

 

ანზორ ბოლქვაძის ინფორმაციით, კანონის შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში მთიან რეგიონებში იქნება შემდეგი სახის შეღავათები:

 

საპენსიო ასაკს მიღწეული მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით, ყოველთვიურად მიიღებს დანამატს, სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტს;

 

სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს ყოველთვიურად მიეცემათ დანამატი მათთვის განსაზღვრული სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით;

 

მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ, ან/და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, ყოველთვიურად მიიღებს დანამატს: ექიმი – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთანი პენსიის ერთმაგი ოდენობით (დღეს არსებული საპენსიო ტარიფი – 150 ლარია);

 

ზამთარში გათბობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით;

 

მაღალმთიან დასახლებაში საყოფაცხოვრებო აბონენტებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50% აუნაზღაურდებათ, მაგრამ არაუმეტეს 100 კილოვატი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში.

 

 

ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე თუ მისი ერთ-ერთი მშობელი მაღალმთიანი დასახლების მუდმივი მცხოვრებია, ერთი წლის განმავლობაში დაენიშნება ფინანსური დახმარება არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე და მომდევნო ახალშობილს – არანაკლებ 200 ლარი ერთი წლის განმავლობაში;

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელი მიიღებს დანამატს, თანამდებობრივი სარგოს 35%-ს;

 

მთავრობა სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელების დახმარებისა და სპორტის განვითარების მიზნით შეიმუშავებს ფინანსური დახმარების შესაბამის პროგრამას;

 

საქართველოს განათლების სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განსაზღვრული პროგრამების მასწავლებლები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში დასაქმებული არიან მაღალმთიანეთში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მიიღებენ დანამატს, შრომის ანაზღაურების ანაკლებ 50%-ს, თუმცა არა იმ შემთხვევაში, თუ ამ შეღავათით სხვა სკოლაში სარგებლობს პედაგოგი;

 

კანონით განსაზღვრულია ასევე საგადასახადო შეღავათები. პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, განსაზღვრული ვადით თავისუფლდება გადასახადისგან;

 

„ეს არის შეღავათების ნაწილი, მთავრობისაგან ხელშეწყობა ექნება მთაში ბიზნესის წარმოებას. შეღავათები დაწესდება მოგების, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებზე“, – განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კანონპროექტი მიიღეს, ერთ-ერთი თურქული კომპანია დაინტერესდა ხულოს მუნიციპალიტეტში სამკერვალო ფაბრიკის გახსნით: „ხულოდან ადამიანები ხელვაჩაურში ჩამოდიან და იქ მუშაობენ. თუ ხულოში გაიხსნება, იქ გააგრძელებენ მუშაობას, არც საშემოსავლო დაექვითებათ და ხელფასიც მეტი გამოუვათ. ის კომპანიაც იმიტომ მოდის ხულოში, რომ შეღავათებს ხედავს“.

 

ანზორ ბოლქვაძე ამბობს, რომ კანონით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია სოფელს საჭიროების შემთხვევაში სტატუსი მიანიჭოს: „ამ კანონში განსაზღვრულია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უფლება აქვს განკარგულებით სტატუსი მიანიჭოს იმ სოფელს, რომელსაც მსგავსი შეღავათები ესაჭიროება, მაგალითად, არის სოფლები ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომლებიც მცირემიწიანია და პრობლემებით ხულოს სოფლებს არ ჩამორჩება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია ყველაზე გაჭირვებულ სოფელს სტატუსი მიანიჭოს“.

 

ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში: „იმისათვის, რომ მოსახლეობა სოფლებში დამაგრდეს, მნიშვნელოვანი კანონია, ყველაზე კარგი და ეფექტური, რაც შესაძლებელია მოსახლეობას შევთავაზოთ. ქობულეთსა და ხელვაჩაურში ამ კანონით სარგებლობის საჭიროება ნაკლებადაა, მაგრამ არის სოფლები, სადაც მოსახლეობა ხელშეწყობას საჭიროებს. ქობულეთში შეღავათებით ისარგებლებს ორი სოფელი და მისი მიმდებარე უბნები – ხინო და დიდვაკე-ვერძეული. გარდა ამისა, სოფლები სტატუსს განსაკუთრებულ შემთხვევებშიც მიიღებენ“.

 

ფატი ხალვაშის ინფორმაციით, ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევებზე სამთავრობო კომისია იმსჯელებს. კომისიის შემადგენლობაში იქნება აჭარის მთავრობის წარმომადგენელი და მოსახლეობაც, რომლებიც, თუ დაასაბუთებენ საჭიროებას, სოფელს სტატუსი მიენიჭება, შესაბამისად, მოსახლეობა შეღავათებით ისარგებლებს.

 

„დღემდე არ მომეცა საშუალება სოფლების მდგომარეობა ადგილზე შემესწავლა, მაგრამ როცა შეიქმნება კომისია, ჩვენ აუცილებლად გვექნება ჩვენი წინადადებები,“ – ამბობს ფატი ხალვაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: