მთავარი,სიახლეები

ბოშების ვაქცინაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის – რუსუდან შავიშვილი

19.08.2021 • 1563
ბოშების ვაქცინაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის – რუსუდან შავიშვილი

აჭარაში, კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურში, 250-მდე ბოშა ცხოვრობს. როგორც თემის ბარონი რომა ასლანოვი „ბათუმელებთან“ ამბობს, თემში ბოშების ნაწილს ვაქცინაციაზე არ აქვს სრული ინფორმაცია, ნაწილს კი სურვილი აქვს აიცრას, მაგრამ ვერ ახერხებს.

„ზოგს ეშინია აცრის, ზოგი ამბობს, რომ რუსეთში ადამიანები გარდაიცვალნენ აცრისგან. ზოგს უნდა აცრა, მაგრამ მაინც ვერ იღებს ბოლომდე გადაწყვეტილებას. ვცდილობთ დავიცვათ წესები და ვატაროთ პირბადე“, – ამბობს რომა ასლანოვი. როგორც მისი საუბრიდან ჩანს, ბოშათა თემი ინფორმაციას ძირითადად რუსული წყაროებიდან იღებს და ვაქცინაციის უსაფრთხოებასა და მნიშვნელობაზე სათანადო ინფორმაციას არ ფლობენ.

ბოშათა თემში  რომ არავის ჩაუტარებია შესაბამისი საინფორმაციო კამპანია, ქობულეთის მერიაში ადასტურებენ.

„როცა მერი ხვდება ხოლმე მოსახლეობას, ამ თემაზეც აქვს საუბარი, თუმცა საინფორმაციო კამპანიის სახე არ ჰქონია. ამიტომ მომდევნო კვირაში ჩვენ შევთანხმდებით ჯანდაცვის სამინისტროსთან და გვეცოდინება რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ იმისთვის, რომ ბოშების ვაქცინაციას ხელი შევუწყოთ“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

მათ ასევე ვკითხეთ, არაინფორმირებულობის გარდა კიდევ რა ქმნის ეთნიკური უმცირესობების ვაქცინაციის პრობლემას. მერიაში გვითხრეს, რომ ერთ-ერთი პრობლემა პირადობის მოწმობების არქონაა.

„როგორც ვიცით, ბოშების გარკვეულ ნაწილს არ აქვს პირადობის მოწმობა, ამიტომ ისინი ვერ ახერხებენ ვაქცინაციის უბნებზე მისვლას. არც მათ მოუმართავთ აქამდე შუამდგომლობით, რომ დავხმარებოდით, ამიტომ ამ დეტალებს გავარკვევთ ჯანდაცვის სამინისტროსთან“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

მერიაში არც იმაზე აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა თემში გავრცელებული კორონავირუსი და მიუწვდებათ თუ არა ასეთ დროს მათ ჯანდაცვაზე ხელი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა კი გვითხრა, რომ „ბოშების ვაქცინაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.

მისი თქმით, აჭარაში მცხოვრები ბოშების ვაქცინაციის ტექნიკური საკითხი NCDC-მა უნდა გადაწყვიტოს.

„ბოშების წითელას ვაქცინით აცრის პრაქტიკა არსებობს საქართველოში და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებაც ალბათ ტექნიკური საკითხია. ამიტომ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას, გაცნობებთ“, – გვითხრა რუსუდან შავიშვილმა.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთანაც ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა ცენტრში ჯერჯერობით სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: